გიგი უგულავა - გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა

0
გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა, – ამ განცხადებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობას. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები წლების განმავლობაში თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის მიემგზავრებოდნენ, დღეს კი, ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. „გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს; უკვე წლებია, ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ სამუშაოს ვერ შოულობენ, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიან. ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო სამუშაო ადგილით ვერ უზრუნველყოფს და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავალის წყარო. ამ სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით ერთი ჩვენი თანამოქალაქე რვიდან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, მსოფლიოში რა ხდება. ჩვენ უნდა დავუჯეროთ ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ საზღვართან ისეთი ინფრასტუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს და თუ ტრაილერის მძღოლებს ვამოწმებთ, კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ახლა მოქალაქეებს მუშაობის საშუალება არ მივეცით, შემოდგომიდან შიმშილობა გველის და ამაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“, რომელიც კორონავირუსს პირდაპირ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მინდა, საქართველოს მთავრობას მოვუწოდო, გახსენით თურქეთთან საზღვარი. ადამიანებს მუშაობის საშუალება მივცეთ, სამედიცინო ინფრასტრუქტურა გავაფართოოთ, რათა შემოწმება ბევრად მეტმა ადამიანმა გაიაროს და საზღვრის გადაკვეთა ბევრად მეტმა ადამიანმა შეძლოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
0