"ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა... იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმატების სიმბოლოს წარმოადგენენ, ხორციელდება იერიში" - ბადრი ჯაფარიძე გირაოს არ ეთანხმება
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის და მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმებიან გირაოს, რომელსაც მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა ითხოვს. ბადრი ჯაფარიძე თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, რის ბრალდებასაც პროკურატურა მას და ხაზარაძეს უყენებს, მისი განცხადებით თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს. ბადრი ჯაფარიძემ საერთაშორისო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ვარდნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ის რომ საქართველოში იმ ადამიანებზე რომლებიც წარმატების სიმბოლოს წარმოადგენენ, იერიშის სამიზნეები გახდნენ:
„ჩვენ თუ აქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, რომ ვიყოთ თავშეკავებულები, ჩვენს განცხადებებში, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოსაც, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად მიგვაჩნია, იმიტომ რომ საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, იმიტომ რომ თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს. ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი რაც გვაქვს, ეს არის სიმართლე და სრული გამჭვირვალეობა, ჩვენ სრული გამჭვირვალეობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით ან სხვა რაიმე გზით მანიპულირება ვითარების. ჩვენთვის მთავარია, რომ მთელ ამ პროცესში საზოგადოება იყოს სრულად ჩართული, ყველამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მომავლზე, ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ეს მომავალი, რაც შეეხება იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვთამაშობდით წამყვან როლს, მზად ვართ გავემიჯნოთ, რომ დავიცვათ ეს პროექტები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუშინწინ განვაცხადეთ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, ეს არ არის მამუკაზე და ბადრიზე მხოლოდ, საუბარია იმაზე, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმატების სიმბოლოს წარმოადგენენ ამ ქვეყანაში, მათზე ხორციელდება იერიში.“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.