დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა.. ეს ყველაფერი ასოცირდება ისეთ ზაფხულთან, რომელსაც დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ ყველა ვნატრობთ. ახლა, პანდემიის რთული რეალობის შემდეგ, როცა შიდატურიზმი პრიორიტეტული უნდა გახდეს ჩვენთვის, ბათუმი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა დალაშქროთ საქართველოში მოგზაურობისას. იმის მიზეზები კი, რატომ უნდა გავატაროთ ზაფხული ბათუმში უამრავი და შესაძლოა, დაუსრულებელიც იყოს, თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ ხუთით შემოვიფარგლებით.
სამზარეულო
აჭარული კერძები, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ ზაფხულის კალორიები დაივიწყოთ და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნოთ. რა თქმა უნდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი აჭარული ხაჭაპური, ბაქლავა თუ სხვა ის კერძი, რომელიც ბათუმურ გემოს წლის ნებისმიერ სეზონზე მოგანატრებთ.
ზღვა
შეუძლებელია, ბათუმში მოგზაურობის სიას, თან ზღვა არ ერთვოდეს, რადგან არა მხოლოდ ბათუმი, ვფიქრობ, ზაფხულიც წარმოუდგენელია ზღვის გარეშე. ზღვას დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ. თუ მშვიდ, წყნარ და ძალიან კამკამა წყალში გსურთ ნებივრობა, მაშინ აუცილებლად დილით ძილის სიყვარულს უნდა შეებრძოლოთ და ადრევე ესტუმროთ სანაპიროს. თუ მცხუნვარე მზის სხივებით გარუჯვა წარმოადგენს თქვენს მთავარ სურვილს, რა თქმა უნდა, შუადღის ზღვას გავუწევდი რეკომენდაციას, თუმცა შუაგულ მზეში გაჩერება მაინც არ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. სამაგიეროდ, შეგიძლიათ 6 საათის შემდეგ, უკვე მოსაღამოვებულზე გადახვიდეთ ზღვაზე და მზის ჩასვლასაც დაელოდოთ, ცურვისა და გარუჯვის პარალელურად.
ბულვარი
ბულვარი დიდ შესაძლებლობას მოგცემთ, სურვილის შემთხვევაში, ჯანსაღი სეზონი გქონდეთ. ფეხით სეირნობა გრძელ ბილიკზე, ველოსპიდეით გადაადგილება, ვარჯიში და სხვა უამრავი პატარა აქტივობა, ხელს შეუწყობს თქვენი განწყობის ამაღლებას და განტვირთვას.
ძველი ბათუმის ქუჩები
ძველი ბათუმი ცალკე ადგილს იმსახურებს ამ სიაში. იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ მის ქუჩებში სეირნობაც კი ახალი თავგადასავლების საწყისი იქნება, საკმარისია იმისთვის, რომ მას ეწვიოთ. სიძველეშეპარული ქუჩები, პატარა ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული სახლები, ღია აივნებითა და ულამაზესი ყვავილებით, სრულიად ახალ სამყაროში გადაგიყვანთ. ის დამახასიათებელი სიჩუმე, რომელსაც ეზოებიდან ყრუდ გამოსული საუბრისა თუ სიცილს ხმა გასდევს, აუცილებლად დაგარწმუნებთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.
ბათუმური კაფეები
წვიმა, მზე, ქარი.. ეს ის შემთხვევაა, როცა ამინდი ხელს არ შეგიშლით დღე საინტერესოდ გაატაროთ. პატარა ბათუმური კაფეები და ის ფაქტი, რომ ღია ცის ქვეშ, მანქანების შემაწუხებელი გრუხუნის გარეშე შეძლებთ გარესამყაროს ისე მოსწყდეთ, რომ თან ხალხისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყოთ, ერთ-ერთი მიზეზია ზაფხულის აქ გატარებისა. ბათუმურ კაფეებს მაინც თავისი დამახასიათებელი გარემო აქვს და ეს თქვენს ზაფხულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
#ბათუმი
#ზაფხული
#სამზარეულო
#ზღვა
#batumidaily