Apple-მა Intel-ისგან სმარტფონების მოდემების ბიზნესი $1 მილიარდად შეიძინა
კომპანია Apple-ი სმარტფონების მოდემების მწარმოებელ Intel-ის ბიზნესის დიდ ნაწილს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეთანხმება 2019 წლის ბოლოს გაფორმდება, მისი ღირებულება კი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეთანხმების შედეგად Intel-ის 2200 თანამშრომელი Apple-ში იმუშავებს. კომპანია უსადენო ტექნოლოგიების სფეროში 17 000 პატენტს მიიღებს, Intel-ი კი პერსონალური კომპიუტერებისთვის და უპილოტო ავტომობილებისთვის მოდემების შექმნას შეძლებს.
„ეს შეთანხმება მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი ყურადღება 5G ქსელისთვის ტექნოლოგიის შექმნაზე გავამახვილოთ და ამავე დროს შევინარჩუნოთ ის ინტელექტუალური საკუთრება და მოდემის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა შექმნა“, - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა ბობ სვონმა.