12 votes
1 comments
0 shares
Save
1 views
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 11 months ago

Euronews საქართველოში შემოდის და იმედია ეშველება ჩვენს გზააბნეულ/დაბინძურებულ სატელევიზიო სივრცეს👇🏻

Euronews საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის უკვე გაფორმდა. „Euronews საქართველოს“ მაუწყებლობა, ქართულ ენაზე, Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად, 20 % საქართველოს ამბებს დაეთმობა.

მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს.

„ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა. „სილქნეტის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანიის სახით, „ევრონიუსმა“ შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას.

„თავის მხრივ, „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები)“.

„ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს როგორც ევროპული რედაქციის შექმნილ, ისე ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

„გასულ კვირას „ევრონიუს სერბეთის“ და რამდენიმე თვის წინ „ევრონიუს ალბანეთის“ დაარსების კვალდაკვალ, მოხარული ვართ, განვაცხადოთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ. „ევრონიუსში“ ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. „ევრონიუსი“ დაარსდა 1993 წელს და დაარსების დღიდან სარგებლობს დამოუკიდებელი მედიის აღიარებით. მოუთმენლად ველით „სილქნეტთან“ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად“, – ამბობს „ევრონიუსის“ აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ პიტერსი.

„სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

„ ჩვენთვის, „ევრონიუსთან“ პარტნიორობა, დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. ევრონიუსის პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა – All Views, All Voices, All Welcome – რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე. დღეს, „სილქნეტი„ არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოს მომხმარებელს ტელესაკომუნიკაციო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. და ახლა უმაღლესი სტანდარტების საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტი დაემატება, ევრონიუსის სახით, რომელიც ევროპული პერსპექტივით დანახულ მსოფლიოს ახალ ამბებს აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება”.

Euronews ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და ყოველთვიურად, თითქმის, 400 მილიონ ოჯახს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს, რომელთა შორის საქართველოც იქნება.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რა კავშირი აქვს სააკაშვილს გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან - სკანდალური გამოძიება
უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი – უკრაინული პორტალიპორტალი anonim-info.com აქვეყნებს Новости Украины-ის ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკას და ვალერი ტოვმაჩის სტატიას სათაურით – „უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი“. სტატია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს და მის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობას ეხება. გთავაზობთ სტატიას უცვლელად: „როდესაც ჩვენ გავაცნობიერეთ იმ ინფორმაციის სისრულე, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიღებდით და ვამუშავებდით, განსაკუთრებით კი ბოლოს განვითარებული მოვლენები, ჩვენ მივხვდით, რომ ეს გამოძიება შეიძლება გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამოქვეყნებულ მასალებს დაემსგავსოს, რამაც ააფეთქა აშშ-ს საშინაო პოლიტიკა და რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. ჩვენს „უოტერგეიტს“ შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც მინიმუმ ორი ურთიერთდაკავშირებული ქვეყნის – უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკაზე, ხოლო როგორც მაქსიმუმ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელ მსოფლიო პოლიტიკაზეც კი. მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ამ პუბლიკაციის ავტორებს საქართველოდან ორი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს ისეთი სამსახური, რომელმაც გარკვეულწილად გაგვაკვირვა, კერძოდ, პუბლიკაციების სერიის მომზადება, რომლელთა მიზანიც იყო ქართული პოლიტიკის „ახალი ფორმაციის“ ლიდერის, ცნობილი ახალგაზრდა ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მედიის ხაზით პოპულარიზაცია. დიახ, ეს ის გაბუნიაა, რომლის მკვლელობაც ორი დღის წინ აღკვეთეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად. მანამდე ზუსტად 4 თვით ადრე, ჩვენ შემოგვთავაზეს მონაწილეობა მიგვეღო ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, როგორც „ახალი ტალღის” პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაციაში არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რეგიონალური მასშტაბით, ისე რომ, ქართული “ნაციონალური მოძრაობის” ახალი ლიდერის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს მოლდოვისა და ლიტვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზოგადოებამ. „ამომავალ ვარსკვლავთან“ დასაკავშირებლად, ჩვენ მოგვიწოდეს გიორგი გაბუნიას პირადი ტელეფონის ნომერი, სადაც გადაიგზავნა წინადადება თანამშრომლობის შესახებ. „გიორგი, მოგესალმებით კოლეგები უკრაინიდან. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, ხელმძღვანელი ოლეგ დეინიჩკა. გთხოვთ გადმოგვირეკოთ“. თუმცა, გაბუნიასგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სამკვირიანი დუმილის შემდეგ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა გაბუნიასთან მოლაპარაკების პროცესში, შუამავლად, ახალი მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი ქართველი ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაერთოთ. მისგან პასუხი მეორე დღესვე მოვიდა. კომუნიკაციისთვის, მისი პირადი ტელეფონის ნომერიც მოგვაწოდეს. „მოგესალმებით ქალბატონო ელისო! უკრაინიდან, კიევიდან გაწუხებთ. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ახალ უკრაინო-ქართულ მედია პროექტთან დაკავშირებით?“ ე.კ: გამარჯობა! უკაცრავად პასუხის დაგვიანებისთვის ეხლა აღმოვაჩინე ეს გზავნილი. ¤ ¤ .. .. .. ეს ჩემი ნომერია. მასთან დაკავშირებამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგად შეგვესწავლა მასალები ახალი ქართველი პოლიტიკური ლიდერის პიროვნებასთან დაკავშირებით – ქარიზმატული და მსოფლიოში ცნობილი ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილის მომავალი ალტერნატივა. აღმოჩნდა, რომ გიორგიი გაბუნია ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის სარეიტინგო თოქ-შოუს წამყვანია, რომელიც ფაქტიურად სააკაშვილს ეკუთვნის, და ეს საქართველოში საიდუმლო არ არის. მომავალმა “ახალი თაობის ლიდერმა” ეროვნული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში სასტიკი შეურაცხყოფით მიმართა რუსეთის ლიდერს და მის გარდაცვლილ მშობლებს. შეკითხვები, რომლებიც ჩვენ ლოგიკური აზროვნების და არსებული მონაცემების შედარების შედეგად გაგვიჩნდა: ვის ან რატომ უნდა წამოეყენებინა სააკაშვილის ალტერნატივად სკანდალური ტელეწამყვანი, რომლის ქცევაც პირდაპირ ეთერში საეჭვოა ჟურნალისტის პროფესისათვის, ხოლო პატრიარქალური საქართველოსთვის სრულიად შეურაცხმყოფელი? ან საერთოდ რა საჭირო იყო ამ პატარა ქვეყნისთვის ესოდენ დემონსტრაციული და ძლიერი სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რომლის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა, იმისთვის, რომ გაბუნიას სახელი გაეთქვა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში? მაშინ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. COVID 19 პანდემიის გამო, ქართულმა მხარემ შეაჩერა მოლაპარაკებები. მაგრამ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერის გაპიარების ამბავმა 4 თვის შემდეგ თვითონ შეახსენა ყველას თავი. 15 ივნისს, საქართველოს საპეც. სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ ხელი შეუშალეს გიორგი გაბუნიის მკვლელობას. ხოლო „მთავარი“არხის დირექტორმა, რომელზეც სკანდალური ტელეწამყვანი მუშაობს, ნიკოლოზ გვარამიამ თქვა, რომ მან მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ სავარაუდო მკვლელის დაპატიმრებამდე სამი კვირით ადრე იცოდა. იცოდა და არ გააფრთხილა კოლეგა და ახლო მეგობარი? იცოდა და არ აცნობა საკუთარი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს?! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ინფორმაციის დამალვა მოახლოებული დანაშაულის შესახებ, კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული. უფრო მეტიც! ტელეკომპანია „მთვარის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელზედაც მუშაობს გიორგი გაბუნია, სავარაუდო მკვლელობის უკან დგას რამზან კადიროვი, რომელიც ადრე საჯაროდ ემუქრებოდა მას. მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლება გაანადგურებს ყველა იმ ჟურნალისტის სიცოცხლეს, ვინც აკრიტიკებს პუტინს, მაშინ კადიროვს არც კი ეყოფოდა ”ერთგული ჯარისკაცის” რესურსი, ხოლო დასავლეთი უკვე დიდი ხნის წინ დაკარგავდა თავისი პოლიტიკური კომენტატორებისა და ჟურნალისტების უმეტეს ნაწილს. თუმცა, გაჟღერებული სქემა სიმართლეს წააგავს, მედია-მომგებიანადაც გამოიყურება. ვის, თუ არა კადიროვს შეეძლო ჟურნალისტის სიკვდილის დაკვეთა, რომელმაც პუტინს დედა აგინა. ეს ვირისთვისაც კი გასაგებია! იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ფაქტების ანალიზს და შედარებას (რომელსაც ვირთან საერთო არაფერი აქვს), იმის სურვილი, რომ არ დავემსგავსოთ წყვილჩლიქოსანს, იბადება, კიდევ ერთი შეკითხვა: ვსთვისაა ყველაზე ხელმოსათბობი სკანდალური ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა? პასუხის გასაცემად, პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ცოტა ჩაღრმავებამ მოგვიწია. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის მთავრობასთან ერთად, ჩვენს საუკუნეებში უპრეცედენტო პანდემიის პირობებში, საქართველოში ინარჩუნებს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს… მხოლოდ 14 ადამიანი. იმ დროს, როდესაც მეზობელ სომხეთში, სადაც ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები ცხოვრობს ვიდრე საქართველოში, პანდემიის შედეგად ამ ქვეყნის 300-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, დიდია ”ქართული ოცნების” შანსი, რომ გახდეს საპარლამენტო რბოლის ლიდერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა გაბუნიას მკვლელობა (მმართველ რეჟიმთან მიმართებაში ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჟურნალისტი) – ამოცანა გართულდებოდა! უკრაინას ჯერ არ დავიწყებია, თუ რად დაუჯდა კუჩმას ოპოზიციური ჟურნალისტის გონგაძის მკვლელობა! ისევე, როგორც შევარდნაძეს, – ქართველი ჟურნალისტის სანაიას მკვლელობა, რომელმაც, ფაქტიურად, გამოიწვია ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობში მოსვლა. გამოდის, რომ რუსეთი, რომლის სამსახურებიც გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდნენ, ქართულ ოპოზიციას ხელს უწყობდა?! სააკაშვილის არხის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სკანდალური ოპოზიციური ჟურნალისტის მკვლელობა ცალსახად გაზრდიდა ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს, ხოლო არჩევნების წინა პერიოდში ამ გეგმის განხორციელებას შეიძლება გამოეწვია რიგითი „ვარდების რევოლუცია-2“. როგორ არ გავიხსენოთ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კურჩენკოსთან, სადაც იანუკოვიჩის გუნდის გაქცეული ოლიგარქი თავაზობს სააკაშვილს მისი კრემლთან მჭიდრო კავშირების გამოყენებას? იმისათვის, რომ მაინც გავნსაზღვროთ გიორგი გაბუნიას წარუმატებელი მკვლელობის მთავარი მსურველი, ჩვენ დავბრუნდებით დასწყისში და ვეცდებით შევქმნათ ლოგიკური კავშირი ცნობილ ფაქტებსა და რგოლებს შორის. ამრიგად, ამ წლის თებერვალში, ახალი ამბების სააგენტოს „ნოვოსტი უკრაინის“, რეპორტიორებს საქართველოდან ორი ადამიანი მიმართავს, რომლებიც მოითხოვეთნ გიორგი გაბუნიას პოპულარიზაციას. წამყვანმა, რომელმაც პუტინს თავისი ტოქშოუს პირდაპირ ეთერში აგინა, უნდა გამხდარიყო ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი, რომელიც ცნობადი იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საერთაშორისო მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ელისო კილაძეა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირებითაა ცნობილი. ზუსტად მაშინ (ოთხი თვის წინ), ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით, სავარაუდო მკვლელი ჩამოდის საქართველოში, რომლის ამოცანაც იყო ოპოზიციის “ამომავალი ლიდერის” ლიკვიდაცია. მის ახლო მეგობარს და უშუალო ხელმძღვანელს, ტელეკომპანია „მთვარის“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ გვარამიას ბრიფინგზე წამოსცდა მისი კოლეგის მოახლოებული მკვლელობის შესახებ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში და რომ იგი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. ხოლო არხის ფაქტობრივი მფლობელი, რომლისაც სრულად ექვემდებარება აღნიშნული მედიის ხელმძღვანელი, არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცდილობს შურისძიებას ქართულ პოლიტიკაში. უკრაინაში იგივე რეფორმები არ არის დაწესებული რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მიერ! საუბარია მხოლოდ საქართველოში დაბრუნებაზე. იცოდა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ?! დიახ, იცოდა! ზუსტად ამაზე საუბრობს ტელეფონით მიხეილ სააკაშვილი თავის უახლოეს თანამებრძოლთან და მთავარ ფინანსისტთან, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან. ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ტელეკომპანია „მთვარის“ დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ და არ აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ, რაც ნიშნავს ორგანიზატორსა და დაგეგმილი დანაშაულის შემსრულებელზე ხელის დაფარებას . შეკითხვა უკრაინის ხელისუფლებას: თქვენ ვერ ამჩნევთ სააკაშვილის მცდელობებს, რომ შეცვალოს უკრაინის მინერალური სასუქების ბაზარი, ვერ ხედავთ მის ზრახვებს საბაჟოზე და სამართალდამცავ უწყებებზე სრული კონტროლის დამყარებაზე, არ გესმით მისი განცხადებები, რომელიც ანგრევს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან! მართლა ვერ ხედავთ იმ მარტივ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული რეფორმების ამჟამინდელი კურატორი პირდაპირ კავშირშია ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობასთან?!“ სტატიას ქართულად "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გაბუნია სააკაშვილი tbilisidaily
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 7 hours ago
აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი “თვითშემოქმედების” გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა (“აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო “ღონისძიებას” წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა. “დათბობის” პოსტსტალინისტური პერიოდი საქართველოში აღინიშნა ანტიქართული გამოხდომების თანხლებით მიმდინარე სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით ქ. თბილისში მოწყობილი მშვიდობიანი ახალგაზრდული მანიფესტაციის რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი და უმოწყალო დახვრეტით. მანიფესტაციაზე დრო და დრო გაისმოდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც. იმ პერიოდში რესპუბლიკაში მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ.). კრემლმა გააძლიერა ზეწოლა თბილისზე, დაადანაშაულა რა რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაცია შოვინიზმის გამოვლინებაში, აფხაზების, ოსებისა და სომხების ასიმილაციის მცდელობაში (იხ. სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956წ. 10 ივლისის დადგენილება). ეს ბრალდება გახდა თავისებური ნიშანი სეპარატისტებისთვის. ეჭვსგარეშეა, რომ აფხაზეთში სწორედ კრემლმა ერთი ხელით მოახდინა 1957, 1967 და 1977 წლების ანტიქართული გამოსვლების პროვოცირება, თუმცა საბაბად ერთ შემთხვევაში გამოიყენეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი ისტორიული შრომების გამოცემა თბილისში (1957 და 1967წწ.), სხვა შემთხვევაში – საქართველოსა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციების მიღება (1977წ.); მეორე ხელით კრემლი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტების ისეთნაირად “მოგვარებას” (განსაკუთრებით სეპარატისტთა სასარგებლო საკადრო გადაადგილებების განხორციელებით), რათა შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი ნიადაგი შემდგომში საჭირო დროს ახალი მასშტაბური გამოსვლებისთვის. ასეთი დრო XXს. 80-იანი წლების ბოლოს დადგა, როცა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა ძირფესვიანად შეარყიეს საბჭოთა იმპერია, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოდიოდა. დემორალიზებული და დეზორგანიზებული კრემლი შეეცადა, მაგრამ ვერ მახერხა მისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა 1989წ. 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა. ბევრი ვერაფერი მისცეს იმპერიულ ცენტრს ანტიქართულმა გამოსვლებმა აფხაზეთში 1989წ. ივლისში. კრემლის ხრიკების მიუხედავად, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რასაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოჰყვა. რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმში. აფხაზეთში იგი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. სასურველი შედეგის მისაღებად, გალის რაიონი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობის 20% ცხოვრობდა (დიდი უმრავლესობა ქართველები), მოსკოვის მითითებით, არჩევნებიდან მოხსნეს საარჩევნო უბნების ვითომ “მოუმზადებლობის” მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, აფხაზურ საარჩევნო უბნებში სსრ კავშირის შენარჩუნების მომხრეთა ხმების რაოდენობამ კურიოზული მაჩვენებელი შეადგინა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 120% (?!). ამ გზით სეპარატისტებმა ძლივს დააფიქსირეს 50 პროცენტზე ოდნავ მეტი, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი აფხაზეთში ჩაიშალა. იმავდროულად, 1991წ. 31 მარტს აფხაზეთში დიდი წარმატებით ჩატარდა სხვა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. არძინბას მეთაურობით გადაწყვიტა თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ჩატარებას. იმ კონკრეტულ ვითარებაში ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბლოკი `სოიუზი~ (სსრ კავშირის მომხრეები) რეფერენდუმში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175 კაცი) 61,27% მონაწილეობდა, ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ქართული მოსახლეობა (45%). რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73% (ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%) ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (დამოუკიდებლობის აღდგენა 1991წ. 9 აპრილს გამოცხადდა). ანალოგიურ ვითარებაში ჩატარდა და დაახლოებით იგივე მაჩვენებლებით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (1991წ. 26 მაისი). აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის საგანგებოდ ფრთხილი, მშვიდობიანი და კომპრომისული პოლიტიკის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა 1991წ. ზაფხულში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი, შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში გადანაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს – 26, სხვა ეროვნებებს – 11. მანდატები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ მთავრობის დანიშვნაც კი, ვინაიდან მინისტრის დამტკიცებას ასევე კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ისე მთავარი თანამდებობებიც. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზი უნდა არჩეულიყო, მის პირველ მოადგილედ-ქართველი; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ქართველი ინიშნებოდა, პირველ მოადგილედ – აფხაზი. განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციაში ტერმინი “საქართველოს სსრ” შიცვალა ტერმინით “საქართველოს რესპუბლიკა”. ეს იყო სერიოზული კომპრომისი, ვინაიდან აფხაზეთი კონსტიტუციურად ადასტურებდა, რომ ის ადრე იყო საქართველოს სსრ ნაწილი, მაგრამ ამიერიდან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. იმისათვის, რათა სათანადოდ შეფასდეს ამ კონსტიტუციური ცვლილების მნიშვნელობა, საჭიროა გავიხსენოთ სეპარატისტთა მიერ ატაცებული კრემლის უცნაური ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი, მისი კონსტიტუციის მიხედვით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სსრ ნაწილს წარმოადგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკის. განხორცილებული ცვლილებით, მსგავს ინსინუაციებს ბოლო მოეღო. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ასევე დამატება, რომ კანონი აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ ძალაში შედიოდა საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (მუხლი 98). თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. 1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში). ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით. სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის `აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე “ისტორიული სამართლიანობის” ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს. შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ “ისტორიული არგუმენტების” უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა. შეადგინა ჯ. გამახარიამ. მოწონებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.#სოხუმი #აფხაზეთი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 3 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი III
კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია. ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ. მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან მიღებული უახლესი კოსმოსური (აერო) ფოტოებით ზუსტი ინფორმაცია გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ, რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ძალების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე კიანუს ანგუხაა). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 9-11 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს. ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა საგზაო მაგისტრალის ჩრდილოეთით არსებული სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენშტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები და გვარდიის სხვადასხვა დანაყოფების ცაკლეული მებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და „მხედრიონის“ შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია, ამჟამად უკვე მასშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა. იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის დიდი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი ბრძოლისუნარი აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეჩერებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დატოვეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრშეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა ქართულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა, რითაც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. 11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტოროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ძალები მართლაც განადგურდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, შედეგად გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხარუ და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს. ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული, დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად დესანტის გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში, თითქოს ფსოუმდე ჰყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები, ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის ფეხში მძიმედ დაჭრილმა სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში), დაზიანებული ფეხი მოიკვეთა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად (არსებობს ამ სიტუაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი). ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ. ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადა, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი „თეთრი არწივი“ და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს. ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იმ მომენტში ბევრად უფრო მომზადებული იყო და უფრო თანამედროვე სამხედრო საშუალებებით გააჩნდა, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 500-მდე ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი ჯავშანტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება, მაგრამ გამარჯვებულები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდნენ! ქართველები ნაალაფარ ჯავშან.ტექნიკაზე რუსეთის გენშტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში, რომელიც მათ რეალურ სახეს დაანახებდა მსოფლიოს. დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენშტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში (რამდენიმე სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფელი დაიკავეს), მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ თვლის ქართული მხარე თავს ბრძოლაში დამარცხებულად და არ აღიარებს ომის შედეგებს და სავსებით სამართლიანადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მოწინააღმდეგე ახლად დაკავებულ ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობას მანიაკალური სისასტიკით უსწორდებოდა, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ცოცხლად დამარხვა, ბენზინით დაწვა, ორგანოების ცოცხლად მოჭრა, „სკალპის“ ახდა, გაუპატიურება, ცხედრების წაბილწვა და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას წამების გარეშე დახვრეტაც კი სანატრელი გაუხდა. ქართული მოსახლეობის განადგურების შემდეგ აფხაზები მათ სახლებს (ქართველთა კომპაქტურ ჩასახლებებში) წვავდნენ და ანგრევდნენ, „რომ არღარა ეყივლა ქათამსა“ იმ არემარეში. ასეა სრულიად გაუკაცრიელებული დღეს 15-ზე მეტი წმინდა ქართული სოფელი აფხაზეთში (იგივე გააკეთეს მოგვიანებით ცხილვალის რეგიონში, ხელწერა ერთია!). ყველაზე სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული ჯარის, უფრო სწორი ტერმინი, რომ ვიხმაროთ მოხალისეთა ლაშქარის შემადგენლობიდანაც იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეროვნებით აფხაზების და სომხების (იყო ქართველები მიმართაც შემთხვევები) მიმართ, იყო სასტიკი მოპყრობის და სხვა სახის სამარცხვინო კრიმინალური შემთხვევები, აღნიშნული ფაქტების მასშტაბები და დეტალები ფართო ქართული საზოგადოებისათვის უცნობია და ფაქტობრივად ტაბუირებულია, თუმცა ამჟამად აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ მწარედ ახსოვს ისინი, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველი ადამიანი დღეს გაიგივებულია მკვლელთან, ფაშისტთან და მათთან კომუნიკაციის მცდელობისას პირველ რიგში სწორედ მსგავს ფაქტებს ასახელებენ და არ სურთ ამ მიზეზით ქართველთან არანაირი ურთიერთობა, ასევე სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი ურთიერთსანდო სია თუ რა დანაკარგებია ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. ასეთ ვითარებას სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ მზაკვრულად, მაგრამ ეფექტურად იყენებს ქართველთა მიმართ ზიზღის მიზანმიმართულად გასაღვივებლად. მაშინ როდესაც როგორც საქართველოს პროკურატურისათვის ისე სეპარატისტთა არც თუ მცირე წრისათვის, კარგად არის ცნობილი, რომ თუ აფხაზებმა დაკარგეს 1500-2000 უიარაღო მშვიდობიანი პირი, ქართული მხრიდან ყველაზე მცირე 6000 (არსებობს ინფორმაციები 15,000 პირზეც) უიარაღო მშვიდობიანი პირია განადგურებული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი ვერ მოაგვარა ქართულმა სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთხელ და სამუდამოდ დაგვედუმებინა აფხაზები და მიგცევა მათთვის სინანულის გამოხატვის შანსი და საშუალება, რომლებმაც ქართველი მეზობლების სახლების დაუფლების მიზნით, საკუთარი ხელითაც კი დახოცეს ისინი, მიისაკუთრეს მათი კერა და ქართველი ბავშვების სათამაშოებით აღზარდეს საკუთარი შვილები. თუმცა ჩვენ ჩვენ ქმედებებზე და ცოდვებზე მოგვიწევს პასუხისგება და აბსოლუტურად ვერაფერი ნუგეშია ის ფაქტი, რომ მათ მეტი დააშავეს! გარდა ნორმალურ აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ამავე დროს ის ღირსეული და ნამდვილი მებრძოლი ქართველები, რომლებსაც არაერთი ენითაუწერელი გმირობა ჩაიდინეს, სამწუხაროდ სწორედ ზემოხსენებული ქართველი კრიმინალების გამო არ არიან დაფასებული საქართველოში, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ და ეს ფაქტი ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრ სახელმწიფო ფუნდამენტურ საკითხს აზიანებს. მომდევნო კაპიტულანტური შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა. სტატიის ავტორი გიორგი გიგინეიშვილი 2020 წ.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ედუარდ შევარდნაძე - პოლიტიკური მიმოხილვა
1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შედეგად, არსებობა შეწყვიტა ქვეყნის აღმასრულებელმა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ. ქვეყნის მმართველობის ფუნქციები ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. თენგიზ კიტოვანის, თენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. სამხედრო საბჭოს ინიციატივით, 1992 წლის მარტში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. აეროპორტში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ე.შევარდნაძემ მაღალი შეფასება მისცა "ოპოზიციონერების" ნამოქმედარს და "სახალხო აჯანყება" უწოდა საქართველოში განხორციელებულ გადატრიალებას და ამით აქტიური დახმარება აღუთქვა დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლებს. მალე სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გარდაიქმა, სადაც ფართოდ იქნა წარმოდგენილი გამსახურდიას ხელისუფლების დაპირისპირებული კონტრელიტა- ყოფილი ოპოზიციური პარტიები, იტელიფენციის ნაწილი და კრიმინალური ელიტა. მათ ადგილები სახელმწიფო საბჭოში "დამსახურების" მიხედვით ერგოთი, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ რა როლი ითამაშეს მათ წინა ხელისუფლების დამხობაში. სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობის არჩევანს სიტუაცია განაპირობებდა და მოვლენების განვითარებას "გამარჯვებული ძალები" განსაზღვრავდნენ. მათ ეყრდნობოდა სახელმწიფო საბჭოს მეთაური, მაგრამ იგი, თავის მხრივ, ცდილობდა საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, როგორც სახელმწიფო საბჭოში გაერთიანებული პოლიტიკური ელიტის შიგნით, ისე მის გარეთ. სახელმწიფო საბჭომ იტვირთა არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ, აგრეთვე, კანონშემოქმედებითი ორგანოს როლიც. აღდგენილ იქნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და მისი კანონქვემდებარე აქტების ნაწილი. სახელმწიფო საბჭოს წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ეს ორგანო არ იყო კანონიერი ხელისუფლება და გამორიცხული იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ასეთი ხელისუფლების და ქვეყნის აღიარება. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ლეგიტიმური, კანონიერი, დემოკრატიული ხელისუფლების არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით. 1992 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი პარლამენტის, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, არჩევნების თარიღად დადგინდა 11 ოქტომბერი, რაც უდავოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა ქვენის დემოკრატიზაციის გზაზე. 29 ივლისს, სახლემწიფო საბჭოს სხდომაზე, 30 პოლიტიკური პარტიის ინიციატვით წამოყენებული იქნა მოთხოვა, რომ დეპუტატთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში 169-დან 180-მდე გაზრდილიყო, მაგრამ იმავე სხდომამ დეპუტატების რაოდენობა ედუარდ შევარდნაძის წინადადებით 234 დეპუტატით განსაზღვრა. სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარემ ავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ საჭირო იყო საქართველოს 84 ქალაქსა და რაიონს თავიანთი წარმომადგენლები ჰყოლოდათ პარლამენტში, "რაღა უკეთ გავრკვეულიავით მათ საზრუნავში"". ამ რაოდენობას დაემატებოდა პარტიული სიების მიხედვით პროპორციული წესით არჩეული 150 დეპუტატი. 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა 47 პარტია და ორგანიზაცია. აქედან 15 პარტია და ორგანიზაცია ოთხ ბლოკში იყო გაერთიანებული. პარლამენტში, პროპორციული წარმომადგენლობისა და საკომპესანციო სიების საფუძველზე, ოცდაოთხი პარტია და ბლოკი იქნა არჩეული. პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა უალტერნატივო კანდიდატურა ედუარდ შევარდნაძე (დააგროვა ხმების 95%-ზე მეტი). საქართველოში ჩამოსულმა საერთაშორისო ურთიერთობის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (ედი) 24 კაციანმა დელეგაციამ, რომლის შემდაგენლობაში იყვნენ აშშ, ევროპის და აფრიკის ქვეყნების პარლამენტარები, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, ექსპერტები, სპეციალისტები არჩვენების შედეგების შესახებ განაცხადეს: „ ყოველივე ის, რისი თვითმხილველიც იყო ჩვენი დელეგაცია, მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ კანონიერებას მიანიჭებს ახალ მთავრობას და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის მშვიდობიან შერიგებას საქართველოში.“ 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, აგრეთვე დადებითად შეაფასეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ნ. ნათაძემ, გიორგი ჭანტურიამ, აკ.ასათიანმა და სხვებმა. ამრიგად, ე. შევარდნაძის მეთაურობით, სხვადსხვა პოლიტიკური ძალების თანადგომით, ინტელიგენციის დიდი ნაწილის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა და თავისი შემადგენლობით საკმაოდ „ჭრელი“ პოლიტიკური ძალების პარლამენტში გაერთიანება. აღნიშნულმა სათავე დაუდო, ედუარდ შევარდნაძის მმართელობითი პერიოდის დროინდელი, ნეონომენკლატურის სახელით ცნობილი, მმართველი პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესს. 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საქმეში. ახალი კონსტიტუციის მიღება, ამერიკული დემოკრატიის მოდელის ქართულ ნიადაგზე გადმოტანის მცდელობას წარმოადგენდა. თუმცა, 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას, რომელსაც ამერიკულ მოდელს ადარებენ, არაფერი არ ქონდა საერთო მასთან, წარმოადგენდა ავტორიტარულ რეჟიმზე გათვლილ საკანონმდებლო აქტს, რომელშიც მთელი ხელისუფლება აღმასრულებელ შტოში იყო გადაქაჩული და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ყოფილი ცენტრალური კომიტეტების მდივნების ხელმძღვანელობით, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობას ამყარებდა ქვეყანაში. აღმასრულებელი ხელისუფლების პრიმატი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე ქვეშევრდომული, მორჩილებითი და პატრიარქალური კულტურის „ხელისუფლებრივი გამოხატულებაა.“ საქართველოს ე. შევარდნაძის დროინდელი მართველი ელიტის პოლიტიკურ კულტურაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტოტალიტარული კულტურის მემკვიდრეობა, რომელიც მორჩილებითი კულტურის ორიენტაციების სიჭარბეში პოულობს გამოხატულებას. პოლიტიკური კულტურის ხელისუფლებრივი გამოხატულებაა საშემსრულებლო უნარ–ჩვევების დამკვიდრება მმართველი პოლიტიკური ელიტის საქმიანობაში, სადაც „ნომენკლატურული თამაშის წესების“ გარეთ გასვლა დასჯად ქმედებად ითვლებოდა. ტოტალიტარული, „ახალი ანტროპოლოგიური ტიპის“ ( ნ. ბერდიაევი) ადამიანების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ პროცესში რეჟიმის იდეოლოგიური უზრუნველყოფა იყო. ბუნებრივია, ტოტალიტარული მმართველობითი პოლიტიკური აზროვნების მქონე ნეონომეკლატურული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძირითადათ პარტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, უპირატესად საშემსრულებლო კულტურის მატარებლები იყვნენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე და ხელს უწყობდნენ ნომენკლატურული კულტურის ხელახალ აღორძინებას. ე. შევარდნაძის ნეონომეკლატურული მმართველი ელიტა, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი „უმართვადი“, „ქაოსური“ პროცესების წინაშე და ძველი, საბჭოთა მეთოდებით, ძალისმიერი ხერხებით (სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში) აპირებდნენ კონფლიქტების დარეგულირებას და უმეტეს შემთხვევაში მათი ქმედებები არ ხასიათდებოდა ადეკვატურობითა და კრეატიულობით. ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული მმართველობის დროს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში ხშირად ქურდული მენტალიტეტი ს, პატრიარქალური კულტურის მატარებელი ადამიანები იღებდნენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგანაც სახელმწიფოებრივმა კანონებმა, კონსტიტუციურმა უფლებებმა, მორალურმა ნორმებმა დაკარგა მნიშვნელობა: „ძარცვა-გლეჯის ქურდული კანონებით იყო შეცვლილი სახელმწიფოს კანონები, მეფობდა ქაოსი და გაუგონარი კრიზისი“-აღიარებს ე. შევარდნაძე.18 პატრიარქალური, ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის ელემენტების სიჭარბეს, გარდა ტოტალიტარული მემკვიდრეობისა და გარდამავალი პერიოდის ავტორიტარიზმისა,გარკვეული აზრით,განაპირობებს ქართულ ცნობიერებაში, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ქურდული მენტალიტეტის ფართოდ გავრცელება: ძნელია ვისაუბროთ ქურდული ცნობიერების ეროვნულ ფესვებზე19, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოში ამ მოვლენამ მეტად ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა. ქართულ სინამდვილეში ვხვდებოდით მაღალი „ინტელექტის“ (ამ შემთხვევაში ინტელექტის საზომად ფორმალური განათლება ითვლება) ქურდულპატრიარქალური კულტურის მატარებელ ადამიანებს. მათი სიჭარბე შეიმჩნეოდა, როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში: სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებში; მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის ნაწილი პატრიარქალურ-ქურდული კულტურის და კანონების თაყვანისმცელები იყვნენ. „კარგი ბიჭის“ სტატუსის მოპოვება მათთან კავშირით ან მათ „იერარქიაში“ გარკვეული ადგილის ( მაგ; მაყურებლის სტატუსის) მოპოვებით იყო შესაძლებელი. მხატვრულ ნაწარმოებებშიც „გაიპარა“ „კანონიერი ქურდების“ მიმართ სიმპატიები. ცნობილია, რომ კრიმინალური სამყაროს სუბკულტურა რთული იერარქიული სტრუქტურისგან შედგებოდა(კანონიერი ქურდის სახელი გადმობირებულმა აგენტებმა თავის თავს უწოდეს, რაც ნიშნავდა ავტორიტეტის აღიარებას, რასაც ბანაკების ადმინისტრაცია ხელს უწყობდა და „აკანონებდა.“ და ქურდული კანონი მიუხედავათ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციისა, ზოგადად ითვალისწინებდა: ქურდული იდეის ერთგულებასა და მხადაჭერას, სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის აკრძალვას, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ან ავტორიტეტებთან პატიოსან ურთიერთობას, თავის რიგებში ახალი წევრების მიმხრობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროდადრო ყოფნას, კარტის თამაშის უნარს, პოლიტიკურ საქმიანობაზე და ოჯახზე უარის თქმას და სხვა. პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის სპეციფიკამ ქართულ სინამდვილეში გვაჩვენა, რომ განათლებული ადამიანებიც შესაძლოა იყვნენ მრევლის კულტურის მატარებლები: უფრო მეტიც, ქართულ სინამდვილეში არ დასტურდება გ.ალმონდისა და ს. ვერბას თეზისი22, რომლის მიხედვითაც, პატრიარქალური კულტურული ორიენტაციები დამახასიათებელია წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ პოლიტიკური პროცესის აქტორებზე, სისტემაში შემავალ და გამომავალ სიგნალებზე და ასეთი ორიენტაციები ჭარბობს აფრიკულ ტომებში, სადაც არ არის როლებითი დიფერენციაცია. ე.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა „ქართული დემოკრატიის“ და „პოლიტიკური თამაშის წესების“ სპეციფიკური ფორმა; სიტყვის, პრესის, მაუწყებლობისწრეგადასულითავისუფლება, „უსარგებლო პლურალიზმი“23 ტოტალური კორუფცია, გაყალბებული არჩევნების „ქართული ტექნოლოგიები“ და მათი გამომგონებლების პრივილეგირებული მდგომარეობა. პრეზიდენტის საქმიანობა უფრო მეტად წააგავდა წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოღვაწეობას, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ქვეყნის გარეთ ყავდა, ვიდრე შიგნით. გარკვეული აზრით, მისი მართველობის პერიოდში ხელსაყრელი საგარეო გარემო შეექმნა ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქციის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. თუმცა, ვერ გათვალა ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო ასპარეზზე და დროებით დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იგი დიდი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ფლობდა მანევრირებისა და ხელისუფლების შენარჩუნების ხელოვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყანაში არნახული კორუფცია და ნომენკლატურული მმართველობის ტრადიციები განამტკიცა. ე. შევარდანაძის მმართველობის პერიოდში კორუფციის დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მართალია საბჭოთა პერიოდში საქართველო კორუფციის დონით რესპუბლიკებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ნეონომენკლატურული ელიტის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ მაჩვენებელმა სრულ აპოგეას მიაღწია: უკვე შეუძლებელი გახდა ინსტიტუტების ფუნქციონირება, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაწყვიტა ურთიერთობა (2002 წ) საქართველოს ხელისუფლებასთან, ბიუჯეტი ვერ სრულდებოდა, პენსიების და ხელფასების გაცემის სისტემა სრულად მოიშალა, გარდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისა,“ სრული უკონტროლო გახდა პანკისის ხეობა, სადაც საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტები აფარებდნენ თავს, სახელმწიფო მოხელეების ხელფასები მიზერულ ნიშნულსაც ვერ აღწევდა, ხოლო მათი რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა, მარტო პოლიციელების რაოდენობა მთელი მოსახლეობის 1,75% აღწევდა. კიდევ უფრო გაძლიერდა არ შემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები. „ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი ნათლად მიუთითებდა, თუ როგორი სახელმწიფო ჩამოაყალიბდა „ქართველი მულა ომარის“, ანუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს და რატომ მიანიჭა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს საქართველოს ე. წ. „არშემდგარი სახელმწიფოს“ (ინგლისურად Failed State) სტატუსი, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დე–ფაქტოდ სრულად შეესაბამებოდა საქართველოს იმდროინდელ რეალობას.“ გარდამავალი პერიოდის საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატურულმა ელიტამ დამოუკიდებელი მართვის სრული უუნარობა გამოავლინა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით გამოიყენა არჩევნების გაყალბების ნაცადი და ახალი ქართული ტექნოლოგიები და შექმნა „გამყალბებლების პრივილეგირებული კასტა“, (რომლებმაც თავისი საქმიანობა წარმატებით გააჩაღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში), განამტკიცა არშემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები, რომლის დადასტურებად იქცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. როგოც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული ელიტის მმართველობის დროს ფართო გასაქანი მიეცა ტოტალურ კორუფციას, დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა, შეიქმნა მძიმე სოციალ-ეკონომიკური და კრიმინოგენური მდგომარეობა. ადგილი ჰქონდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების მოშლას. ასეთ სიტუაციაში, „მოქალაქეთა კავშირის“ ყველაზე „ერთგულ“ მებრძოლებს შორის წარმოიშვა ახალი ტიპის ოპოზიციური, ქარიზმული თვისებებით ზედმეტად დაჯილდოვებული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყოველივემ კანონზომიერად წარმოშვა 2003 წლის რევოლუციური პროცესები. წყარო : Openscience.ge
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
მწარე მოგონებანი აფხაზეთზე
სახლში შემთხვევით გადავაწყდი ერთ ჩანაწერს, რომელიც გაკრული ხელით იყო დაწერილი. სათაურად – “მწარე მოგონებანი აფხაზეთზე”. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 9 წლის უკან, პირველ კურსზე დამიწერა და მაჩუქა 6 გვერდად აკინძული. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და სწორედ ამიტომ აქვს დაწერილი ეს არარეალუირად მძაფრი განცდის სიუჟეტები სულში ჩამწვდომი სიტყვებთ. ვიფიქრე, რომ ნამდვილად იმსახურებს მისი მონაყოლი ერთ ლამაზ ადგილს ჩემს ბლოგზე, ამიტომ გთავაზობთ ჩანაწერს უცვლელად. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა. შავი ზღვა, მთები, ფლორა, ფაუნა, ტბები, მიწისქვეშა მღვიმეები, ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა, თერმული წყლები წარუშლელ ზეგავლენას ახდენს მნახველზე. აფხაზეთის ტერიტორია მთელი საქართველოს ტერიტორიის 12.5%-ია და 8.7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. აქედან 74% მთა-გორებს უჭირავს. პირველი საუკუნის ბოლოსთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები ჩამოყალიბდა, რომელთა მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანდება ეგრისის (ლაზთა) სამეფოს გარშემო, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო. პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე, თ. მიბჩუანი და სხვა ისტორიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ “სახელწოდება აფხაზი თავდაპირველად დასავლეთში მცხოვრებ ქართულ ტომს აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი გახდა არაქართველი ხალხის სახელი, რომელიც თავის თავს “აფსუას” უწოდებდა. შუა საუკუნეებში აფხაზი ისეთი ქართველი იყო, როგორც დღეს კახელი, ქართლელი, იმერელი, მეგრელი და სვანი…” ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში აფხაზური ენა არ არსებობდა, რადგან აფხაზები ქართულ-მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ. ვორონცოვის მტკიცებით: “აფხაზები ენათესავებიან მონღოლებს, ალანებს, ბერძნებს, იტალიელებს, გერმანელებს, ირანელებს სომხებს, თურქებს.. ქართველების გარდა ყველას. IX-X საუკუნეებიდან აფხაზები სისხლით დაუნათესავდნენ რუსებს”. ვორონცოვმა აფხაზები კინაღამ ადამისა და ევას შვილებად გამოაცხადა. მეცნიერის ამგვარი მტკიცების მიზანი სულ სხვა იყო, ვორონცოვს უნდოდა აფხაზეთი რუსების საზაფხულო აგარაკად ქცეულიყო. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა მან დასვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამან კარგად დაანახა აფხაზებს, თუ რა სახის დამცველი ჰყავდათ ვორონცოვის სახით. და იგი მისივე სახლის შესასვლელთან ვერაგულად მოკლეს. რუსეთის ცარიზმი მრავალი წლის წინ ცდილობდა აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებას, აღვივებდა შუღლს მათ შორის. ავიწროებდა ქართულ ენას, ქართულის ნაცვლად მღვდელმსახურება ტარდებოდა სრულიად გაუგებარ ძველ სლავურ ენაზე, ეკლესიები კი რუსულ საეკლესიო ინსტანციებს დაუკავშირეს. რუსების მცდელობა ქართული ენის შესასუსტებლად კარგად ჩანს რუსიფიკაციის ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩანაწერში: “აფხაზური დამწერლობის შემოღება ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით უნდა იყოს საშუალება ქართული ენის გამოყენების შესასუსტებლად, რათა იგი თანდათან იქცეს სახელმწიფო ენად და შეცვალოს ქართული”. აგრეთვე თავადი გოლიცინი და ეგზარქოსი ალექსეი სინოდის ობერ-პროკურორს წერდნენ: “გვინდა სოხუმის ეპარქია არასასურველ ქართულ გავლენას ჩამოვაცილოთ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სოხუმის ეპარქიის ყუბანზე მიერთება, რადგან აქ არსებული ქართული მოძრაობა ამ უბნის გარუსებას ამუხრუჭებს”. მიუხედავად რუსების ამგვარი მზაკვრული მცდელობისა 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც “მოსალაპარაკებელი რესპუბლიკა” სათანადო ხელშეკრულებით. საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირი, გაერთნიანდნენ სამხედრო, საფინანსო, სამეურნეო, იუსტიციის და საზღვაო ტრანსპორტის კომისარიატები. 1990 წლისთვის აფხაზეთში არსებობდა 93 კოლმეურნეობა და 56 საბჭოთა მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო 57500 მაცხოვრებელი. აფხაზეთში ყოველგვარი პირობები იყო ნორმალური და ბედნიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთი აფხაზი, განსაკუთრებით გააფხაზებული ქართველი, ხშირად უკუღმართობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც იძლებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი, გადავწყვიტე დამეწერა აფხაზეთზე. სიტყვა აფხაზეთი არის ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი და კვნესა. დარწმუნებული ვარ აფხაზეთიდან დევნილი ნებისმიეირ პიროვნება იგივეს განიცდის ამ სიტყვის გაგონებისას. მინდა მწუხარებით გავიხსენო რამდენიმე მაგალითი, იმ საშინელი ფაქტებიდან, რაც ტრიალებდა აფხაზეთში. შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდოდა იმ საშინელებათა გახსენება რაც დატრიალდა აფხაზეთში, უკეთესი არ იქნება რაც უფრო მალე ამოიშლება ის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი მეხსიარებიდანო; მაგრამ არა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის რაც აფხაზეთში მოხდა. მზაკვრული კლასიკური ხერხებით განხორციელებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იყო და არის რუსეთის იმპერია, ხოლო შემსრულებელი – აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილო-კავკასიელი ძმები, დაფიქსირებული და დაგმობილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ათასობით წამებით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დახოცეს იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ. გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკურ წმენდას შეეწირა 1300-მდე მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანი, რაც მთლიანად აფხაზეთში დაღუპულთა 25% შეადგენს (?). გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურის განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვის ცენტრს. აფხაზეთში ძმათამკვლელი კონფლიქტის დროს გალის რაიონმა ყველაზე ბოლოს იწვნია ომის მსახვრელი ხელი, მაგრამ ის რაც საკუთარი მოსახლეობის აყრის შემდეგ დაატყდა თავს ამ რაიონს, ამაზრზენი და ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. იმედი მაქვს მალე დადგება ის სანატრელი დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პარივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობასა და მისწრაფებებს. აფხაზეთი – ჩვენი ყველაზე დიდი და მძიმე სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული თავმოყვარეობა, დაკარგული ტერიტორიები უმძმეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, იზეიმებს სამართალი და კაცთმოყვარეობა. ქართულ-აფხაზური ომი 1992 წელს კი არ დაწყებულა, არამედ იგი დიდი ხანი იყო, რაც მზადდებოდა. ამ ვადაგანუსაზღვრელი ომისთვის საფუძველის ჩაყრა მაშინ დაიწყო, როცა აფხაზებმა ქართული ტოპონიმების შეცვლა დაიწყეს აფსუური ტოპონიმებით. ეს ომი გააჩაღეს ერთეულმა – სწავლაში, ცხოვრებაში და მუშაობაში ხელმოცარულმა ადამიანებმა მესამე ძალის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით. აფხაზი ხალხი აქ არაფერ შუაშია, ზოგიერთმა ამბიციურმა პირმა ჩაითრია ისინი ომში და საუკუნოვანი პრობლემა შეუქმნეს საკუთარ ხალხს და ქართველებს. აფხაზეთის კონფლიქტის წამომწყებნი სათანადოდ არ დასჯილან. ამან ფრთები შეასხა მათ და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ომისთვის მზადება. წარმოებდა სამხედრო გადამზადება, ახალი ბატალიონების ჩამოყალიბება ჩრდილო კავკასიიდან მოსული, დაქირავებული ახალგაზრდების ხარჯზე. ბევრი ჩამოსული ახალგაზრდა ჩარიცხეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად ისინი ბოევიკები იყვნენ და ომისთვის ემზადებოდნენ. ყიდულობდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, საველე რადიოსადგურებს. მათ გათვლილი ჰქონდათ ისიც კი, თუ როგორ და რა ტრანსპორტით გაეტანათ ნაძარცვი ქონება. 1993 წელს აფხაზებმა წარმატებით ჩაატარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების [……….. რამდენიმე სიტყვა გარკვევით არ იკითხება, კ.ს.] ჩაიგდეს ათასზე მეტი ავტომატი, 1275 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო მასალები. საქართველოში კი ამ დროს სრული ანარქიაა. ნაწილი პრეზიდენტის მომხრეა, ნაწილი ოპოზიციაშია, ნაწილი სეპარატისტებთან თანამშრომლობს, ზოგიერთი კი იმით იყო დაკავებული, როგორმე ხალხი დუბაიში გაეწვია დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა აფხაზებმა გამოიყენეს და ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა რუსული. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციით აფხაზეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აფხაზთა მიზანი იყო ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდის ჩატარება. ეს მათ განახორციელეს კიდეც და ქართველების აბსოლუტური უმეტესობა გამოყარეს, გამოაძევეს აფხაზეთის მიწიდან, საკუთარი მამულებიდან. აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველთა გამოდევნა განხორციელდა 5 ეტაპად: 1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის აგვისტომდე ქართველთა გამოდევნა გუდაუთის რაიონიდან. 2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე ისევ გუდაუთის რაიონიდან. 3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 15 სექტემბრამდე ქართველა გამოდევნა გაგრის რაიონიდან. 4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. 5. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება გალის რაიონიდან. ქართველების მიმართ აფხაზ ბოევიკთა ვერაგობის, უსაზღვრო სიძულვილისა და სისასტიკის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ თ. ნადარეიშვილის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ასობით კარგად მომზადებული და შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისთანავე იწყებდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტას. ცოცხალ ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, სხეულებს უსახიჩრებდნენ, ქალებს ქმრებისა და მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ. ამაზე მეტი სისასტიკე რაღა გვინდა. 1995 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ბოევიკები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს და მშობლების თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, მისი რძალი და სტუმარი იქვე მიახვრიტეს. აქვე მინდა გავიხენო ჩემი ბიძის ოჯახის გამოსახლებაზე და მისი ძმის მკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ აღნიშნულ ოჩამჩირის რაიონში. საბედნიეროდ მამიდაჩემმა, ბიძაჩემმა და მამიდაშვილებმა მოახერხეს გამოქცეოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, მათ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქვე ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა ბიძაჩემის ძმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა როცა ეზოში აფხაზები შესულან, მათ დაიჭირეს ბიძაჩემის ძმა, აწამეს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და როგორც შემდეგ გაირკვა დახვრიტეს. სოფელ ფშაფში სომხების ბანდამ დახოცა ექიმები ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, გვარად პაპავა ხეზე დაკიდეს, მუცელი გაუჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. გაგრელ კაცს გვარად მელაძეს, გადაუჭრეს ვენები, მისი სისხლით ჭიქები აავსეს და ქართული სისხლით შესვეს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” სადღეგრძელო. რა დონის სასტიკი უნდა იყო, რომ საკუთარი ხელით ჩაიდინო ასეთი სისასტიკე. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, არ არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად. 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ახალსოფელში დახვრიტეს 17 კაცი. 70 წლის ი. გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ე. მაისურაძე. აფხაზების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. მოვიყვან მოკლე ამონაწერს აფხაზების ტყვეობაში მყოფი ახალდაბელი პედაგოგის მოგონებებიდან, რომელიც ყველა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა: “…. ყველანი წაგვასხეს სკოლის ეზოში, იქ კიდევ ქალები და ბავშვები შემოგვიერთეს, ეზოებში და სოფლის გზაზე ეყარა დახოცილი ხალხი, აგვართვეს ორი გოგო, მერვე და მეცხრე კლასელები იყვნენ. დედებმა მორთეს ღრიალი არ წაიყვანოთო. ოქროსა და ფულს მოგცემთო, მაგრამ ამაოდ. ოქროც წაართვეს, ფულიც და გოგონებიც წაიყვანეს. ჩასვეს პატარა მანქანაში და მერე მე ისინი თვალით აღარ მინახავს. მალე მათი ლიდერი ედიკ ჟვანია მოვიდა და აძიუბჟის შტაბში წაგვიყვანეს. შტაბის ზედა სართულზე ახალგაზრდები შეიყვანეს. ქვედა სართულზე კი – ხანდაზმულები. ზედა სართულიდან გაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები, ჩემი ნათესავი ორი გოგონაც ასევე წაიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა და მუნჯურად დავტიროდით საკუთარ თავსა და უბედურებას. ერთმა გოგონამ შემომჩივლა – თამარა ბებია, მეტი აღარ შემიძლია რა ვქნაო. როდესაც გამომიშვეს ასე მითხრეს: შენ თუ არ შეგიძლია მაშინ ვინმე შენი ტოლი გამოიყვანეო. რა ვქნა როგორ მოვიქცეო? არ ვიცოდი რა მეპასუხა ასეთი პატარა გოგოსთვის, ჩემივე მომავლისთვის. ჯერი უკვე ჩემს შვილიშვილზე იყო. მე, გონებაწართმეულმა პედაგოგმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ასე ვუპასუხე: “ბებია ნუ გეშინია არ მოგკლავს, მოგეფერება, ერთხელ კიდევ გაყევი მეთქი” – ბავშვი მაშინვე გაყვა. ამით მე, საცოდავმა ჩემი შვილიშვილი გადავარჩინე, მაგრამ რის საფასურად? ღირს აწი ჩემი ქალობა, ჩემი პედაგოგობა და ჩემი სიცოცხლე?” კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი, აფხაზებმა ტამიშში ტყვედ აიყვანეს გ. ბენიძე და ფ. არჯევანიძე. ბენიძეს ჯერ ყურები ჩამოათალეს, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, ბასრი დანით მუცელს უფატრავდნენ და შემდეგ იმავე დანით ყელი გამოჭრეს. არჯევანიძეს სხვანაირი სასჯელი მოუფიქრეს – კისერში ეკლიანი მავთული ჩააბეს, ცხენს გამოაბეს და მანამ ათრიეს სანამ სული არ დალია. ყურები და ცხვირი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოაჭრეს. 1993 წლის 27 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხდა ქართული ჯარის განიარაღება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, გაყვანილ იქნა მძმე ტექნიკა. ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. აფხაზეთის გახიზნული მოსახლეობა დაუბრუნდა საკუთარ კერებსა და მშვიდობიან ცხოვრებას. 16 სექტემბერს კი ეს შეთანხმება ვერაგულად დაირღვა და 10 დღის უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ სოხუმიც დაეცა. ხიზნობიდან სოხუმში დაბრუნებული ხალხი თითქოს ხელოვნურად და წინასწარ დაგეგმილად გამოუვალ მდგრომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრმა წვალებით გამოაღწია სამშვიდობოს. აფხაზეთის დაკარგვით ლტოლვილად იქცა 280 ათასი ქართველი, 30 ათასი რუსი, 25 ათასი აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მწარე მოგონებების, ტანჯვა-წამების და ენით აუწერელი სისასტიკის მიუხედავად, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ნაღველი და სევდა, რაც სიტყვა აფხაზეთის გაგონებისას გვეუფლება შეგვეცვლება სიხარულით და ბედნიერებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ მაინც მირჩევია ჩემს მამულში, აფხაზეთში ვიცხოვრო. აქვე მინდა მოვიყვანო ერისთავის ცნობილი ლექსის ერთი სტროფი, ჩემი სურვილის გასამართლებლად: სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა როგორც უფალი, სამშობლოც – ერთია ქვეყანაზედა.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.#აფხაზეთი #სოხუმი #მოგონებები #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია და რუსული მითები
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახლემწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისათვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და არ გახდეს ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღი, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებური გადაატრიალა, რასაც პაატა იმნაძე ასე ეხმაურება. ​„იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" ალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის კლოპები, რომლებიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა რეგიონში, ისინი მუტაციას განიცდიან და სხვადასხვა დაავადებები გადააქვთ. მისივე თქმით, ამერიკელების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში შემოდის სპეციალური კლოპები, შემდეგ კი კონკრეტული ადამიანები მას საზღვარზე ავრცელებენ. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. როგორ აღმოაჩინეს ეს კლოპები ? ვინ დგას ამ ინფორმაციის შეკრება-გავრცელების მიღმა? იმის შემდეგ რაც ნოყიერი ნიადაგაი გაჩნდა, ახლა ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული დუმა, რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის, სწორედ ამიტომ მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზეა საუბარი ან რა იარაღზე, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადსმოწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.