"როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს"

0
სულთმოფენობის წინა დღეა, შაბათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და განსაკუთრებით - ლეჩხუმი, „ხვამლობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს. „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“, “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – „ქართლის ცხოვრებიდან“ მასზე საინტერესო ცნობები შემოგვრჩა. ამ მისტიკურ ადგილზე ბევრი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ბევრ იდუმალებას ინახავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც.
მე და ჩემი მეგობრები 7 საათზე სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გზას დავადექით. მანქანაში მუსიკების ხმას ჩვენი სიცილის ხმა ფარავს. წინ 16 კილომეტრია. სპიდომეტრი 120 კმ/სთ-ს აჩვენებს. ხეთა ჯარს და ცხენისწყლის ხეობას უკან ვიტოვებთ. სულ მალე გამოჩნდა აბრა - „სოფელი ოყურეში“. გადასახვევთან პოლიცია დგას და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებს. „ბევრი მანქანაა ზემოთ და ფრთხილად იარეთ“ - გვესმის მათი ხმა. მადლობის ნიშნად ვუღიმით და აღმართის ავლას ვიწყებთ. წელს გზა კეთილმოწყობილია. „საუკუნო პროექტის“ დასრულებამ სტუმრების ნაკადის ზრდაც გამოიწვია. რაც უფრო ზევით ავდივართ, ჰაერი მით უფრო გამჭირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. „ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც ყორანი გულ-ღვიძლს უკორტნიდა მანამ, სანამ ჰერაკლემ არ დაიხსნა“ - გავიფიქრე და ამ მითებში ჩავიკარგე...
გზაში საცობია და მოგვიწია, მანქანების გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით. ადგილზე კვლავ პოლიცია შევნიშნეთ. „ზემოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, სანამ არ ჩამოვლენ ვერ გაგიშვებთ“ - ასეთი იყო მათი ბრძანება. დავიგვიანეთ. როგორც წესი, „ხვამლობისთვის“ წინა ღამით ადიან და გათენებასაც იქ ელოდებიან. ნისლში გახვეული ხვამლის მთა მიმზიდველია. მზის ამოსვლასაც იქ თუ შეხვდი, გონებიდან ვერასდროს ამოიგდებ. მეგობრების უკმაყოფილო საახებს გავხედე. 2 საათი აქ მოცდას სჯობდა, ფეხით წავსულიყავით. „მე დაველოდები, თუ მალე გაგვიშვეს, გზაში დაგეწევით“ - საჭესთან მჯდომმა შეწუხებულმა ამოილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ხუთი კილომეტრი სამანქანო გზაზე უნდა გვევლო და ერთიც ტყეში. „სალოცავზე ფეხით ასვლას აქვს მადლი“ - გავიფიქრე გულში. მზე აცხუნებდა. აღმართი იმატებდა. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ზურგი და სახე. დროდადრო ვისვენებდით. ცხენებით მომავალ ბავშვებს ვუცქერდით, ღამენათევ ნაცნობებს ვესალმებოდით და დღესასწაულს ვულოცავდით. რამდენი საათი ვიარეთ, უცნობია. როგორც იქნა საკარვე ადგილს მივაღწიეთ. სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ხვამლზე ღამისთევით მიდიან. ცოტაც და სამანქანო გზა დასრულდა. თავი ტყეს შევაფარეთ. საცალფეხო ბილიკს უამრავი ადამიანი მიუყვება. ჩამომსვლელი და ამსვლელი ერთმანეთს გზას უთმობს. წირვის დამთავრებამდე ცოტა იყო დარჩენილი. პოლიცია მართალი აღმოჩნდა, სალოცავზე ათასზე მეტი მანქანა იქნებოდა. ერთი მთავარი აღმართი დარჩა და ხვამლის მისტიკური მთაც გამოჩნდა. ამოვისუნთქეთ. დაღლილობის მიუხედავად ტემპს ვუმატეთ და აი ისიც...
ხვამლის მთა თავისი იდუმალი სილამაზით შემოგვეგება. ტაძრის ირგვლივ მოფუსფუსე ხალხი შორიდანვე შევნიშნეთ. გორაზე ავედით თუ არა ბალახზე წამოვწექით და ცას ავხედეთ. არ გაგვიმართლა, მოწმენდილია. ღრუბლები არ სჩანან. არადა ღრუბლიან ამინდში აქედან გახედვას არაფერი სჯობს. უყურებ შენს დაბლა მოძრავ ღრუბლებს და 2002 მეტრზე სამყაროც სხვაგვარი გეჩვენება. ცასთან ყველაზე ახლოს ვართ. ყველაფერი ხელისგულივითაა გადაშლილი. ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები საოცარი სანახავია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევს. „სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი და საოცრებაა“, „პირველად ვარ, ემოციების დამალვა მიჭირს“, „ამ ადგილს ყოველ წელს ვსტუმრობ“, „მისით მონუსხული ვარ“... გახარებული ადამიანების ხმები აქა-იქ ჩამესმის. წირვას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე უძღვება. სტიქაროსნები და მამაოებიც გვერდით უდგანან. სვანეთის მგალობელთა გუნდი მთელი გულით საგალობელს ასრულებს. მათ ხმას ცხვრების ბღავილი ერწყმის. ბაწარშებმული, ტაძართან ძალით რომ ამოჰყავთ. ქარია. სანთელი ძლივს ავანთეთ. მეუფემაც დაასრულა პარაკლისის გადახდა და თავზე ხელის დადებით დაგვლოცა. ახალგაზრდებმა ფანდური აახმაურეს და ლეჩხუმური სიმღერები გააცოცხლეს. ირგვლივ ჰარმონია სუფევს. ყველა გრძნობს, რომ უფალი ახლოსაა.
ფოტოების გადაღებას და ამ დღის კადრებში გაცოცხლებას მოვრჩით. მოგონებები ჩვენს სკივრში გამოვკეტეთ. ქართველებს ხომ ყოველი დღესასწაულის აღნიშვნა გვჩვევია, გამონაკლისი არც ეს დღეა. დაღმართზე დაშვებისას დამწვარი მუხრუჭების სუნმა შეგვაშინა. სიცხისგან მანქანებს ბოლო ასდით. მზე ხვამლის მთის წვერზე მოქცეულიყო და სხივებს არ იშურებდა. თავი მდინარე ჯონოულს შევაფარეთ. მისმა ცივმა და ანკარა წყალმა დაღლილობა გადაგვავიწყა. ლეჩხუმური სუფრა მალევე გავაწყვეთ. საღამომდე ენაცვლებოდა ერთამენთს სადღეგრძელოები, ლექსები, სიმღერები... არც ხვამლის მთის ლეგენდები დაგვვიწყებია. „ეს ხომ მეფეთა განძთსაცავია“, „არგონავტების მოგზაურობის არეალია“, „უძველესი ობსერვატორიის ადგილია“, „მითებისა და რეალობის გზაგასაყარია“ - ვიხსენებთ ამ ყველაფერს და ჯერაც უცნობ, იდუმალ ხვამლის მთას გავყურებთ...
საათი 11:00-ს უჩვენებს. სახლში დაბრუნებამდე ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ხან დედა ეწერა და ხან - მამა. სასმელმა თავისი ქნა და ჩვენს კარგ გუნება-განწყობაზე იზრუნა. შინისაკენ დავიძარით. დღევანდელმა მოგზაურობამ საოცარი წუთები და წამები დაგვიტოვა. დაგვანახა, რომ “ხვამლობა“ წელს განსაკუთრებულია. თითქოს ექიმები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები კი არა, ბუნება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის... თუ ხვამლის მთაზე ერთხელ მაინც ფეხს დადგამთ მიხვდებით, რომ ვირუსის ადგილი აქ არ არის. ეს ხომ სუფთა ჰაერის, ემოციებისა და უშიშარი, იმედით სავსე ადამიანების სამყოფელია. აქ, წამით მაინც, საერთო გასაჭირი დავიწყებას ეძლევა და საერთო რწმენა ბატონობს.
##მოგზაურობა
##რეპორტაჟი
##კულტურა
##მისტიკა
##ნახელეჩხუმი
0