ჟიული შარტავა

0
ჟიული შარტავა აფხაზეთში
სოხუმის დაცემა: აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირის მოქნე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართლ მხარეს გადაეცა.
16 სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება „მითი“, თიტქოსდა სოხუმი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. 1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება და ამბობს, რომ მის თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნისმიწურულსგმირობისმაგალითიკიდევერთხელჩაწერასქართველოსისტორიაში. მზაკვრული ზავი აკაკი გასვიანი: „ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნოდბა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები..ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.    მდგომარეობა გართულდა. ზედიდეზ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: „მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით“.  ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 „ავღანელი“ მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო, გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ უშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა. დაბომბვა კვლავ განახლდა. გუისთაზე ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინათ თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით- სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ურიცხვ მტერთან  გამკლავება გაჭრდა.  სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა.“

იერიში მთავრობის სახლზე

„დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ომოც წუთს გაგრძელდა. დღის პირველ საათზე, როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”. “გავდივართ!” ...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!” აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე. ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ “ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს. მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!). ბოლო “ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს. ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა... ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო...
უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ! “შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...” "უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.  აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა! აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი. ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ? საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”. პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან. შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა? აკაკი გასვიანი: “შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან).  12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს).  26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა."

სიკვდილამდე ცოტახნით ადრე

ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“ საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”. წყარო:blogpost.com
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0