რატომ არ შეგვიძლია, სასიამოვნო მომენტები მხოლოდ ჩვენი მეხსიერებისთვის აღვბეჭდოთ?

0

რატომ არ შეგვიძლია, სასიამოვნო მომენტები მხოლოდ ჩვენი მეხსიერებისთვის აღვბეჭდოთ და თავს მომენტით ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ? რატომ ვფიქრობთ, რომ შვებულებაში ყოფნა ფოტოებისა და ვიდეოების დაუსრულებლად გადაღებასა და მათი სხვებისთვის გაზიარებას გულისხმობს?

სოციალურ ქსელებში, პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარებით შექმნილი ფოტო-ვიდეოკონტენტის განთავსება არაერთი ადამიანისთვის გამხდარა არა მხოლოდ ეგოს დაკმაყოფილების საშუალება, უფრო მეტიც, შემოსავლის ძალიან კარგი წყაროც. ეს, ალბათ, 21-ე საუკუნის ახალი პროფესიის წარმომადგენლებს, „ინფლუენსერებს“ ეხებათ და რა ხდება მაშინ, როცა სოციალურ ქსელში აქტიურობას შემოსავალი არ მოაქვს და მასზე მხოლოდ ემოციურად ვხდებით დამოკიდებულები? ბლოგერი, მაკლინ ლაიონსი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს, რატომ შეწყვიტა ფოტოების გადაღება: „მათ სოციალური მედიისთვის ვიღებდი და არა – ჩემთვის“.

მაკლინ ლაიონსი: ძალიან ხშირად, ჩვენი ფოტოები ჩვენი პროფილის პოტენციური „ჩამომსქროლველისთვის“ იქმნება. ჩვენთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხოლმე მათი უკუკავშირი – „ინსტაგრამის“ შემთხვევაში, ორი დაწკაპუნება და პოზიტიური კომენტარები. იმიტომ, რომ ჩვენ სოციალური მიმღებლობა გვჭირდება, რომლის დადასტურებადაც გაზიარებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე არსებულ რეაქციებსა და კომენტარებს მივიჩნევთ. სასურველი უკუკავშირის მიღებაში კი ჩვენი ცხოვრების იდეალური ვიზუალური წარმოჩენა გვეხმარება.

სოციალური მედიის არსებობის პირობებში, თითქოს სავალდებულო გახდა ვირტუალური მეგობრების ესთეტიკური ფოტოებით მომარაგება და საკუთარი ეგოს, ამგვარად, დაკმაყოფილება. ადრე თუ, შვებულებიდან დაბრუნებული, რუჯითა და ჩემთვის სასიამოვნო ამბებით შემოვიფარგლებოდი, ბოლო დროს, ვეღარ ავუდიოდი თითოეული მომენტის სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობას. მინდოდა, ყველას სცოდნოდა, რომ ვმოგზაურობდი. მინდოდა, საზოგადოებას დაეჯერებინა, რომ ბედნიერი და წარმატებული ვარ და ჩემი თავგადასავლების შემყურეებისთვის, მათში შურიც კი გამომეწვია.

მერე აღმოვაჩინე, რომ სხვა ადამიანების აღქმაზე ფიქრში, დავკარგე ის რეალური მიზეზი, რატომაც ვმოგზაურობდი ხოლმე. ისე მოხდა, რომ მოგზაურობისგან მიღებულ გამოცდილებებზე დაკვირვება შევწყვიტე და საკუთარ ცხოვრებას ყველა შესაძლო თვალით დავუწყე ყურება. სოციალური ქსელების ავტორიტეტების თვალებით.

ნებისმიერ ნანახ ორიგინალურ არქიტექტურას, ღირსშესანიშნაობას, ან თუნდაც, სანაპიროზე გასეირნებას, ახალი ფოტოს გადაღების შესაძლებლობად აღვიქვამდი. ყველა ახალ გამოცდილებას ისე ვეჭიდებოდი, როგორც ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და ვცდილობდი, რომ ჩემი სავსე ცხოვრება, ჩემივე არტისტული ხედვით, სარფიანად გამეყიდა – ანუ გარკვეული საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანი ვყოფილიყავი.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩემს წრეში ერთადერთი ვიყავი, ამ ინტერესით შეპყრობილი. ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საერთოდ არ ანაღვლებდათ ინსტაგრამის მოწონებები და ნახვები და ჩემი ქცევით, ნერვებს ვუშლიდი, როცა ვთხოვდი, მაგალითად, რამე ეფექტური ვიდეოს გადაღებას. სანამ საკუთარი თავის გარედან დანახვას შევძლებდი, მანამდე იმდენი მოვახერხე, რომ ცნობილი გავხდი ჩემი სასაცილო ქცევებით. მე ვიყავი ადამიანი, ვისაც ყველგან და ყოველთვის უნდოდა ფოტოს გადაღება, შესანიშნავი განათებით.

შემდეგი იყო უხერხულობის ეტაპის გავლა. როცა გავაანალიზე, რომ რეალურად, სულაც არ მინდოდა, ვინმეს არაკომფორტულად ეგრძნო თავი იმის გამო, რომ მისი სურვილისგან დამოუკიდებლად, ჩემს ფოტოში მოუწევდა მოხვედრა. ჩემი გაზვიადებული „ჰეიიიი“ სთორების გამო, ჩემი ოჯახის წევრებისაც მერიდებოდა და მას შემდეგ, რაც საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ ამ ყველაფერს ჩემი სიამოვნებისთვის არ ვაკეთებდი, მისგან გათავისუფლება გადავწყვიტე.

ტელეფონს ყოველ წამს აღარ ვამოწმებდი და ნელ-ნელა სოციალურქსელამდელი შეგრძნებები აღვიდგინე. თავიდან, ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ლამაზი ხედის დანახვაზე ჩემი რეაქცია არ ყოფილიყო: „მოდით, ფოტო გადავიღოთ“.. თუმცა, დავრწმუნდი, რომ ფოტო არასდროს გამოდის ისეთი კარგი, როგორიც სინამდვილეშია ის მომენტი. მე შევწყვიტე ყველას პაპარაცივით დევნა და საკუთარი თავი ასეთი გამოწვევის წინაშე დავაყენე: სალაშქროდ წავედი და არაჩვეულებრივ ხედს რომ გადმოვხედე, ჩემდა საბედნიეროდ, საერთოდ ვერ ვიგრძენი ფოტოს გადაღების საჭიროება… მოკლედ, მენტალური შენიშვნა მივეცი თავს, რომ მომენტით სიამოვნება და მისი მეხსიერებაში შენახვა საკუთარი თავისთვის გაკეთებული დიდებული საჩუქარია.

ჩვენ შეგრძნებებს ვიმახსოვრებთ. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ სასიამოვნო მომენტები ტელეფონით გავიხსენოთ, მოდით ვცადოთ და ვიგრძნოთ ისე, როგორც ადრე.

#დასვენებასოცქსელისგარეშე #მორალურიდასვენება #ფსიქოლოგიურიდასვენება
#შეზღუდვებისმოხსნა
Tbilisi
#ჯანსაღიცხოვრება
0