ზვიად გამსახურდია - პარტია "მარგვალი მაგიდა"

0
საქართველოს პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა დისიდენტური ოპოზიცია, ეროვნული ძალები ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რომლებიც პოლიტიკურ ბლოკ „მრგვალ მაგიდაში“ იყვნენ გაერთიანებული. დისიდენტური ეროვნული მოძრაობის კონსოლოდაციისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა გარდაქმნის პერიოდში, როცა ქვეყანაში „შედარებითი დემოკრატიის“ გორბაჩოვისეული ხანა დადგა. დისიდენტური მოძრაობისა და სხვა ახალ წარმოქნილი პოლიტიკური ძალების ერთიან პოლიტიკურ ელიტად გადაქცევა საქართველოში განაპირობა 1989 წლის 9 აპრილმა, როცა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეალები ხალხის ფართო მასებს დაეუფლა და ეროვნული თვითშეგნება გაამთლიანა. ყიველივე ამან განაპირობა ეროვნული კონტრელიტის ხელისუფლების სათავეში მოსვლა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მკვლევართა ნაწილს „მრგვალი მაგიდის“ არჩევნებში გამარჯვების უმთავრეს მიზეზად, „სოციალურ გარდაქმნებს მოწყურებული მასებისათვის მათი განხორციელების დაპირება“ მიაჩნიათ. „ ამით „მრგვალმა მაგიდამ“ ეროვნული მოძრაობა სოციალურ მოძრაობად გადააქცია, რითაც, ფაქტობრივად, რეალური ვითარება დააფიქსირა. ეს იყო უმოკლესი გზა ძალაუფლებისაკენ.“ ჩვენი მსჯელობა არ იქნებოდა სრული თუ დისიდენტურ მოძრაობასთან ერთად არ განვიხილავთ ეროვნული იდეალებისათვის მებრძოლ ჯგუფებს, რომელთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა 80-იანი წლების მეორე ნახევარში და, აგრეთვე, იმ ძალებზე, რომლებიც აქტიურად თანაუგრძნობდნენ წყობილების წინააღდმეგ ბრძოლას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ადრეულ წლებშიც, მაგრამ „გაბედულ მოქმედებებს“ არ აწარმოებდნენ. ასევე საჭიროა მივუთითოთ ეროვნული მოძრაობის „ახალშობილ“ ლიდერებზე, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ეროვნული იდეების „ლიფტი“ აიყვანდათ პოლიტიკური იერარქიის მაღალ საფეხურზე. ამ გზით, პოლიტიკური მოღვაწეობის ავანსცენაზე გამოვიდნენ პიროვნებები, რომლებსაც ადრე ნაკლებად მნიშვნელოვანი სართულები ეკავათ ხელისუფლებრივ და ბიუროკრატიულ პირამიდაში. მათთან ერთად „ ვერტიკალური მობილობის ლიფტში“ აღმოჩნდნენ პრაგმატისტები, ცხოვრების აუტსაიდერები, რომელთათვის სულ ერთი იყო, რომელი „ღმერთისათვის ილოცებდნენ“, ოღონდ თანამდებობები მიეღოთ ახალ ხელისუფლებაში. მათ შეიძლება ვუწოდოთ „ეროვნულები ან დემოკრატები გარემოებების მიხედვით“. ეროვნული მოძრაობასთან ერთად მოვიდნენ რეპრესირებულთა, პოლიტიკურ პატიმართა შთამომავლები და დემოკრატიაზე მეოცნებე ინტელიგენციის ნაწილი. მათ დაემატა ნომენკლატურის „ გარდაქმნილი“, ეროვნული იდეებით შეფერილი „ კომუნისტური ინტელიგენციის“ მცირე ნაწილი. საბოლო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილმა ჯგუფებმა, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით შეადგინა პოლიტიკური ელიტა საქართველოში. ზვიად გამსახურდიას სახელს, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ეროვნული დამოუკიდებლობის და ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის რომანტიკულ იდეებს უკავშირებდა. იგი განსწავლული, ერუდირებული პიროვნება იყო კარგი ფიზიკური მონაცემებით. პირად ბედნიერებას, რომლის ყველა პირობა ჰქონდა (მარტო კონსტანტინე გამსახურდიას შვილობაც საკმარისი იყო), ამჯობინა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აშკარა ბრძოლა და ამ მიზნით დისიდენტური მოძრაობის, ეროვნული იდეალებისთვის მებრძოლ რადიკალურ ფრთას ჩაუდგა სათავეში. ზ.გამსახურდიას ქვეყნის შიგნით ყველაზე მეტი ქარიზმა ჰქონდა და მხარდამჭერი ჰყავდა, ხოლო გარეთ ყველაზე ნაკლები დასახელებულ ლიდერებს შორის. იგი იყო ტიპიური ქარიზმული ლიდერი, რომელიც ვერ გარდაიქმნა ბიუროკრატიულ-რაციონალურ ლიდერად და პრეზიდენტის რანგშიც დისიდენტად, უკომპრომისო ადამიანად დარჩა. კონტრელიტა იქცა რა სამთავრობო პოლიტიკურ ძალად, აღმოჩნდა ქვეყნის რეალური მართვის ამოცანის წინაშე. მას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უმტკივნეულოდ ან ნაკლები ნეგატივით უნდა გადაეწყვიტა საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში, ახალ წარმოქმნილი სახელმწიფოს წინაშე მდგარი პრობლემური საკითხები. ჯერ ერთი, საჭირო იყო გარდამავალი პერიოდის ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნული, კულტურული პროცესების რეგულირება და მიზანმიმართული მართვა. ზომიერი საბაზრო ეკონიმიკის პრინციპებზე გადასვლის პროგრამის შემუშავება, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, კონსტიტუციის მიღება და ა.შ. მეორე, ქვეყნის წინაშე დადგა, საგარეო პოლიტიკურ სფეროში ეროვნული უშიშროების განმტკიცების აქტუალური ამოცანა. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, საქართველო იმ პერიოდისათვის უკვე ორ დიდ გეოპოლიტიკურ აქტორთა სრული ინტერესების სფეროში იყო მოქცეული. მათგან ერთი (რუსეთის ფედერაცია) საქართველოდან გასვლის რეჟმში იმყოფებოდა და ყოველმხრივ, მისაღები თუ მიუღებელი ხერხებით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია გეოპოლიტიკური კონკურენტისათვის, შეერთებული შტატებისთვის. უკანასკნელის ამოცანას კი პირიქით, წარმოადგენდა, რეგიონში გეოსტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას რუსეთის ფედერაციაზე. ყოველივე ზემოთქმული მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, პოლიტიკური ნებას, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს. ეს თვისება არ შეიძლება ჰქონოდა ეროვნულ პოლიტიკური ელიტას. მათი ძალა და მხარდაჭერა კომუნისტური წყობილებისადმი დაპირისპირებით იყო განპირობებული. მაგრამ, ერთია დაუპისპირდე არსებულს, თავი გამოიჩინო ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით და მეორეა, რეალურად ააშენო ახალი სტრუქტურები, ცივილიზებული და გეოპოლიტიკურ აქტორთა ინტერესების ურთიერთთანხვედრის გზით, მოახდინო ძველის დემონტაჟი და უზრუნველყო სახელმწიფოს დამოუკიდებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება. პოლიტოლოგიურ გამოკვლევებში ავტორთა ნაწილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფუნქციონირების პერიოდს ეთნოკრატიის მმართველობას უწოდებს. ეთნოკრატია პოლიტიკური ელიტის ახალი სახეობაა, რომელიც გარდამავალმა პერიოდმა წარმოშვა. მისი მთავარი ნიშანია ის, რომ იგი ეთნიკურად ერთგვაროვანია მრავალეროვან სახელმწიფოში, ახასიათებს ეროვნული იდეალებისადმი ერთგულება და პირველ ადგილზე აყენებს ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხს. პოლიტიკურ მმართველ ელიტას საქართველოს სინამდვილეში, გარკვეული აზრით, ეთნოკრატიის ზემოთ მოცემული ნიშანი გააჩნდა. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ქადაგებდა ეროვნული საკითხის პირველადობას სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში და კლასობრივი დაპირისპირების დაძლევას „საერთო ნიადაგის“ თეორიით ცდილობდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ეთნოკრატიულობას პირველ რიგში იმითაც ასაბუთებდნენ, რომ იგი თითქოს უგულვებელყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვა ერების კანონიერ პოლიტიკურ უფლებებს და ფაქტობრივად ისწრაფვოდა ქართველი ხალხის მათზე ბატონობისკენ. მათ სასარგებლოდ მეტყველებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება. მაგრამ საპირისპიროზე მეტყველებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი, რომელიც აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, ხელოვნურად ამცირებდა ქართული დეპუტაციის რაოდენობას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში უგულვებელყოფით უპირატესობას ანიჭებდა აფხაზ დეპუტატებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საქმეში. ავტონომიურ სუბიექტებთან მიმართებაში, მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკის წარმოებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1990-91-წწ. მმართველი პოლიტიკური ელიტა „ ეთნოკრატიული ელემენტების მქონე, ზედმეტად ეროვნული შეფერელობის“ იყო. ეს ბუნებრივიცაა-ისინი ხომ ეროვნული მოძრაობიდან მოვიდნენ. მმართველობის ეთნოკრატიულ სტილთან მიახლოვებული მოდელის შემოღებასთან ერთად, პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციების რადიკალიზაციაში „თავის როლი ითამაშა“ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ. დისიდენტური სუბკულტურა, რომელიც გამსახურდიას პოლიტიკურ ხელისუფლებას ახასიათებდა, მკვეთრი დაპირისპირების, რადიკალური იდეოლოგიური ღირებულებების მატარებელი იყო და ამ თვალსაზრისით არც ქართული ეროვნული ხელისუფლება იყო გამონაკლისი. კომპრომისუუნარობამ, ექსტრემისტული იდეოლოგიური ორიენტირებისა და რიტორიკის შერჩევამ, ზ.გამსახურდია წინააღმდეგობაში მოიყვანა არა მარტო კომუნისტურ პრივილეგირებულ ინტელიგენციასთან, არამედ ეროვნული მოძრაობის ზომიერი ფრთის წარმომადგენლებთან ა. ბაქრაძესთან, რ. ნათაძესთან, რ. მიშველაძესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან. ზ. გამსახურდიას „ეთნოკრატიული შეფერილობის“ ელიტამ არ განიცადა რუტინიზაცია, ვერ იქცნენ პრაგმატულ ბიუროკრატიულ-რაციონალურ ლიდერებად, ვერ გაითავისეს სახელმწიფოს მმართველობის კულტურა და ნაცვლად გამამთლიანებელი იდეოლოგიური ორიენტირებისა, „კრემლის აგენტების“, „მოღალატეების“ ძიების პოლიტიკას მიყვეს ხელი და შედეგად დაიპირისპირეს რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია და არაქართველი მოსახლეობა. ქვეყანაში მოვლენები მართალ-მტყუანის, თეთრი-შავი, მესია-სატანის შეფასებების, ბრბოს კრიტერიუმებით ფასდებოდა: კონფლიქტური კულტურის ჩამოყალიბების ფონზე შედეგიც ლოგიკური დადგა-იარაღით, უკანონო გზით, გვარდიისა და მხედრიონის მიერ, გარეშე ძალების აქტიური ჩარევით, კრიმინალური ელემენტების ფართო მონაწილეობით, დამხობილ იქნა ზვიად გამსახურდიას კანონიერი, ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და სათავე დაედო სამოქალაქო ომს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესს. სახელმწიფო გადატრიალებამ, მძიმე კრიმინოგენურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ გააუფასურა ეროვნული დამოუკიდებლობის რომანტიკული იდეები. დამოუკიდებლობა ასოცირებული იქნა ყველა სირთულესთან, რომელიც კი შეიქმნა ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამიტომ, მოსახლეობის ბუნებრივ მოთხოვნილებად იქცა სტაბილურობის და ქვეყნის ამღორძინებელი გამოცდილი ლიდერის ძიება და ასეთ პიროვნებად მოგვევლინა მოსკოვში „ხელისუფლების მომლოდინე“ ედუარდ შევარდნაძე. ადაპტირებულია : Openscience.ge
0