თურქი მინისტრის ვიზიტი ლიბიაში - „წითელი ხაზი“ ეგვიპტისთვის

0
გაეროს მიერ აღიარებული ტრიპოლის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) ხელმძღვანელმა ფაიეზ ალ-სარაჯმა, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აქართან და შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის უფროსთან იაშარ გიულერთან 3 ივლისს შეხვედრა გამართა. მხარეთა შორის საუბრის თემა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას შეეხო. ლიბიაში ვიზიტისას, თურქი მინისტრის განცხადებით, ოფიციალური ანკარა აკეთებს იმას, რასაც „საერთაშორისო სამართალი და სამართლიანობა მოითხოვს“. მისი თქმით, ისინი ბოლომდე იდგებიან „ლიბიელი ძმების გვერდით“ და არაფრის დათმობას გეგმავენ. თურქული წარმომადგენლობის განცხადებით, ოფიციალური ანკარას ამოცანას ტრიპოლის ხელისუფლებისთვის სამხედრო მომზადების, თანამშრომლობისა და კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს. ჰულუსი აქარის თქმით, თურქეთი უარყოფს ეგვიპტის მიერ ინიცირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ლიბიის ტერიტორიაზე, რადგან ის, რისი მიღწევაც ოფიციალურ ქაიროს სურს, სრულიად „მიუღებელია“. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ეგვიპტის ხელისუფლების „რეალური განზრახვები“ ხელს არ უწყობს ლიბიელ ხალხში მშვიდობისა და სოლიდარობის განმტკიცებას, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ ამ ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოში. ხოლო რაც შეხება, თურქულ წარმომადგენლობას, ისინი ლეგიტიმური ტრიპოლის ხელისუფლების მიწვევით იმყოფებიან ლიბიის ტერიტორიაზე. მანამდე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ოფიციალურ ანკარასა და „ეროვნული თანხმობის მთავრობას“ (GNA) არაერთხელ მოუწოდა უარი თქვან სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ სირთეს (Sirte) დაკავების გეგმაზე. ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფათა ალ-სისის შეფასებით, ქალაქი სირთე ე.წ. წითელ ხაზს წარმოადგენს მათთვის და ოფიციალურ ქაიროს აქვს „საერთაშორისო ლეგიტიმაცია“ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ლიბიის კონფლიქტში. დამატებით, კვირას, 5 ივლისს, ეგვიპტის ლიდერმა მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ლიბიასთან არსებული სასაზღვრო ზოლის უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვა დაავალა. დამატებითი დაცვის ქვეშ იქნება მოქცეული ეგვიპტის კუთვნილი საზღვაო პორტებიც. ლიბიაში თურქი მაღალჩინოსნების ვიზიტის პარალელურად, 4 ივლისს, ოპოზიციურმა „ლიბიის ეროვნულმა არმიამ“ (LNA) ქვეყნის დასავლეთში მდებარე ე.წ. ალ-ვათიას (Al-Watiyah) ავიაბაზა დაბომბეს. აღნიშნულ სამხედრო ობიექტზე თურქი სამხედროებიც არიან წარმოდგენილები. LNA-ს მხრიდან გამოხატული ქმედება იყო სავარაუდოდ „გამაფრთხილებელი“ გზავნილი თურქეთისა და GNA-ს მიმართ, იმის საპასუხოდ, რომ ოფიციალური ტრიპოლი და ანკარა სტრატეგიული ქალაქ სირთეს დასაკავებლად ემზადებიან. ოპოზიციური ძალები თურქეთს „მოუწოდებენ“ უარი თქვას ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ზემოთ აღნიშნულის პარალელურად, რუსეთის ფედერაცია ლიბიის ტერიტორიაზე საელჩოს ხელახლა გახსნას გეგმავს. ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ლიბიაში საელჩოს კვლავ გახსნის, მაგრამ პირველ ეტაპზე, დიპლომატიური წარმომადგენლობა მეზობელ ტუნისში იქნება განთავსებული. პარასკევს, 3 ივლისს, „ლიბიის ეროვნული არმიის“ წარმომადგენლობასთან საუბრისას, ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის სურვილი ლიბიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებაზე. რუსი დიპლომატის თქმით, დროებით ტუნისში განთავსებული მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ჯამშედ ბოლტაევი შეასრულებს. რუსეთის ფედერაციამ საკუთარი დიპლომატები ლიბიის ტერიტორიიდან 2013 წლის ოქტომბერში მას შემდეგ გაიწვია, რაც დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. გაეროს მიერ აღიარებულ ტრიპოლის „ეროვნული თანხმობის მთავრობას“ (GNA) თურქეთი და მისი მოკავშირე კატარი, ხოლო „ლიბიის ეროვნულ არმიას“ (LNA) ეგვიპტე, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები უჭერენ მხარს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Libya #Turkey #GNA #LNA #Egypt #Russia #conflict #interworld
________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0