?თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ, ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ??
- - -
თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აზერბაიჯანის მოქალაქის ზარინა ალიხანოვას სარჩელს, რომლითაც იგი თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისგან შვილის, რ.ა. სწავლის საფასურის უკან დაბრუნებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ზარინა ალიხანოვას და მისი შვილის რ.ა. ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან სწავლის საფასურის მორიგი გაძვირებისას, ზარინა ალიხანოვა იძულებული გახდა შვილი კერძო, ძვირადღირებული სკოლიდან გამოეყვანა და საჯარო სკოლაში გადაეყვანა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, აღიარება განათლების სამინისტროსგან, რის გამოც მისი შვილს მოუწია ხუთი კლასის გამოცდების ჩაბარება ხელახლა და ერთი კლასით უკან დაბრუნება.
მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, არასრულწლოვანი რ.ა. დღემდე მკურნალობს და ესაჭიროება რეაბილიტაცია.
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძირადღირებული სკოლაა, სადაც, სწავლის საფასური წელიწადში 7 000 აშშ დოლარიდან 12 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.