0
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში; 2. უცხოურ ენაში. მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
0