თხილის მწარმოებელთა ასოციაცია: ქართული თხილის ფასი ამჟამად 5 ლარამდეა, ფასის ზრდა მოსალოდნელია.
ხარისხიანი თხილის მოსავლის და მსოფლიო ბაზრის დინამიკის გამო ამჟამად გაუტეხავი თხილის ფასი 4.50 ლარიდან 5 ლარამდეა, თუმცა ეს საბოლოო ფასი არ არის და მისი ზრდა მოსალოდნელია. გასულ წელს ფაროსანას მიერ დაზიანებული 1 კგ თხილის ფასი საშუალოდ 2 ლარიდან 2.50 ლარამდე მერყეობდა.
პროგნოზით, წელს მოსავალი დაახლოებით 45 000 ტონა გაუტეხავი თხილი იქნება. ეს არის დაახლოებით გაოთხმაგებული მოსავალი შარშანდელთან შედარებით.
შარშანდელი მოსავალი დაახლოებით 7 000 ტონა თხილის გულის ექვივალენტი იყო, აქედან დაახლოებით 70% ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილი იყო.
წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 15 ათასი ტონა თხილის გულის ექვივალენტია და ძალიან კარგი ხარისხის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომში თხილის ფასზე აისახება
ფაროსანას წინააღმდეგ ასოციაციის მიერ დაგეგმილი თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ჩატარებული წამლობების შედეგად ფაროსანას ეფექტი თხილის ბაღებზე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ფაროსანა ბაღებში ახლაც არის და მის დამაზიანებელ საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ფერმერებმა თხილი ფაროსანასგან დაიცვეს და გადაარჩინეს, შესაბამისად ხარისხიც ძალიან კარგი მიიღეს. პროექტი სამეგრელოში გურიაში და იმერეთში განხორციელდა.