0
სექტემბრიდან სკოლებს ახალი საგანი - „მოქალაქეობა“ დაემატება წელს VII კლასს ახალი სავალდებულო საგანი - მოქალაქეობა დაემატება. მომავალი წლიდან „მოქალაქეობის“ სწავლა სავალდებულო იქნება VIII კლასის მოსწავლეებისთვისაც, წელს კი სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი მხოლოდ VII კლასისთვის იყო გამოცხადებული. ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები 5 თემას გაივლიან: თემს, რომელშიც ვცხოვრობთ, სასკოლო გარემოს/სასკოლო საზოგადოებას, ჯანსაღ ცხოვრებას, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებს თემში. საგან „მოქალაქეობის“ სწავლების საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა, საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა, მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა, იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა, სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა, დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება და სხვა.
0