10 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ მოსკოვში ბავშვთა უფლებების საქმეთა რწმუნებულმა ევგენი ბუნიმოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულ არასრულწლოვანთაგან უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს.
10 აგვისტოს მოსკოვში, გაიმართა მიტინგი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული მიტინგების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა აქტივისტების მასობრივი დაკავებები დაიწყო.
14 ივლისიდან მოსკოვში აქციები იმართება, რომლის მონაწილეები ითხოვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს მოსკოვის სათათბიროში შესვლის უფლება დართონ. ყველაზე მასშტაბური 27 ივლისისა და 3 აგვისტოს აქციები იყო, რომლებზეც ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.