ჰაკუჰომ მოქალაქეობის შეცვლაზე განაცხადი შეიტანა??
- - -
მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო უახლოეს მომავალში შესაძლოა იაპონიის მოქალაქე გახდეს.
იაპონურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარიერის დასრულების შემდეგ ჰაკუჰოს სურს, რომ ოიაკატა გახდეს, ანუ მიიღოს ლიცენზია, რომლითაც საკუთარი კლუბის გახსნაც შეეძლება და ასევე იქნება სუმოს საბჭოს წევრი და სხვადასხვა ფუნქციით მოგვევლინება, მათ შორის, შინპანად. არ არის გამორიცხული, ჰაკუჰო "სუმოს მამაც" გახდეს.
ამისათვის მას აუცილებლად სჭირდება იაპონიის მოქალაქეობა. იაპონიაში 22 წლის ზემოთ მყოფ ადამიანს არ აქვს ორმაგი მოქალაქეობის უფლება, ასე რომ, მონღოლი რიკიში არჩევანის წინაშეა.
გასულ კვირას ჰაკუჰო მონღოლეთის პრეზიდენტს შეხვდა და აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა. მან ახსნა, თუ რატომ სჭირდება მოქალაქეობის შეცვლა და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
"საკითხი მონღოლეთისა და იაპონიის მოქალაქეობაზეა დასმული. საკუთარი სურვილები უკვე გამოვთქვი, თუმცა ახლა მხოლოდ ლოდინი მიწევს. ვნახოთ, რა გადაწყდება", - განაცხადა ჰაკუჰომ.