რა მოხდა სამაჩაბლოში რეალურად ?

0
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მოკლე ისტორია(ნაწილი პირველი) 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო პირველი კონსტიტუცია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. იგი მიღებიდან მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში ითვლებოდა მოქმედ აქტად, ვინაიდან 25 თებერვალს უკვე დაკარგა რეალური იურიდიული ძალა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო. მიუხედავათ ამისა, მისი ისტორიული როლი და გავლენა საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის განვითარებაზე მეტად მნიშვნელოვანია. ამ კონსტიტუციით საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დამოუკიდებელ და განუყოფელ სახელმწიფოდ. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოწესრიდგა ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა და გამოცხადდა ავტონომიური მმართველობა აფხაზეთში (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოში (ბათომის მხარე) და ზაქათალაში (ზაქათალას ოლქი). კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული ავტონომიური მმართველობის მინიჭება შიდა ქართლის იმ ნაწილისთვის, სადაც კომპაქტურად სახლობდნენ ოსები. თუმცა, , , საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესახებ" 1918 წლის 13 სექტებრის კანონის მიხედვით, , , იმ ეროვნულ უმცირესობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზედ მოსახლეობს და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთაგან შედგება", ჰქონდათ ეროვნულ საბჭოში წარმომადგენლის ყოლის უფლება. ეროვნული უმცირესობისათვის გამოყოფილი 26 ადგილიდან 2 ადგილი გათვალისწინებული იყო ოსებისთვის. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ შეიქმნა რუსეთისა და საქართველოს ბოლშევიკური ხელმძღვანელობის წყალობით 1922 წლის 20 აპრილს, როდესაც ეს აქცია გაფორმდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს მიერ მიღებული დეკრეტით , , სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ". ამ დეკრეტით რეგიონს მიეცა ავტონომიისათვის დამახასიათებელი და საბჭოთა ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი ყველა უფლება. სამხრეთ ოსეთის სტატუსის ფორმირებასთან დაკავშირებით, 1925-1927 წლებში განიხილებოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა. თუმცა, 80-იანი წლების მიწურულამდე, როდესაც სსრკ-ს დაშლის ნიშნები გაჩნდა, არ ჰქონია ადგილი რაიმე ექსცესს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული მოწყობისა და მისი ორგანოების კომპეტენციის დადგენის თვალსაზრისით, ყველაზე დეტალური დოკუმენტია 1980 წლის 12 ნოემბრის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კანონი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ". სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთოთხმეტე სესიის მეოცე მოწვევის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად და ეთხოვა სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, შეყვანის შესახებ. 1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ახალარჩეულმა უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ" და აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#გვახსოვდესისტორია
#სამაჩაბლო
#goridaily
#პოლიტიკა
0