ზაფხულის ბეშუმური იდილია

0
დილით ეზოებიდან შემოსული ხმები, ხან “მარწყვის” და ხან “მაყვალის” ყიდვას რომ გვთავაზობენ, მიუხედავად იმისა, ტკბილ ძილს გვირღვევს, მაინც სასიამოვნო მელოდიასავით ხვდება ჩვენს ყურთასმენას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს “კაიმაღიც” თუ დაემატა, მაშინ, ჩათვალეთ, ზაფხულის იმ იდილიაში მოხვდით, ახლა მე რომ აღგიწერთ. ბეშუმი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მთის კურორტია. იგი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. წიწვოვან ხეებსა და მწვანე მინდვრებში ჩამალული ადგილი, შეუძლებელია თავდავიწყებით არ შეგიყვარდეთ, თუნდაც, ერთი ნახვის შემდეგ. მართალია, ჯერ მარტო გასაოცრად სუფთა და სასიამოვნო ჰაერის გამო ღირს ზაფხულობით აქ დასვენება, მაგრამ ის ყოველდღიური რუტინა, რომელსაც აქ ყოფნის დროს შეიმუშავებთ, ერთ-ერთი მიზეზი გახდება ამ კურორტის სიყვარულისა. დილა აუცილებლად უნდა დაიწყოთ ძალიან ადრე. გაღვიძებულს, უჩვეულოდ სასიამოვნო სიჩუმე, ჩიტების ჟღურტულსა და ხეების შრიალთან ერთად შეგეგებებათ. რახან ყველას დაასწარით და ადრე გაიღვიძეთ, აუცილებელია, რომ სწრაფად გაემზადოთ და პურის რიგის დასაკავებლად გაიქცეთ. დილით ყველას ძალიან უნდა ცხელ პურთან ერთად მიირთვას ის უგემრიელესი კაიმაღი, რომელიც თქვენი კოტეჯების კართან ყოველ დილით მოაქვთ გასაყიდად. მიუხედავად იმისა, გშიათ და დაუსრულებელ რიგში დგომა დამღლელეად გეჩვენებათ, საუზმე ყველა ენერგიას აღგიდნეთ და დღის სასიამოვნოდ გაგრძელების საშუალებას მოგცემთ. მართალია ზაფხულია და წესით, ძალიან უნდა გცხელოდეთ, მაგრამ ამაზე კარგ ჰავას ცხელი დღეების გასატარებლად ვერსად იპოვით. მთელი დღის განმავლობაში გაუსაძლისად მცხუნვარე ამინდის გარეშე შეძლებთ უამრავი აქტივობით დაკავდეთ და ისე გაატაროთ ყოველი საათი, რომ მზემ, ხშირ შემთხვევაში, არ შეგაწუხოთ. ამისთვის ბეშუმის თვალუწვდენელ მინდვრებზე პიკნიკი უნდა მოაწყოთ და მთელი წლის დაგროვებული სტრესი ბეშუმის ნიავს გაატანოთ. ცხელი პურის ყიდვა თუ საკმაოდ რთული გამოწვევაა, არის რაღაცები, რაც აქ ძალიან გაგიმარტივდებათ. მაგალითად, მეგობრების შეძენა. სრულიად უცნობ ადამიანებთან იმდენ საერთოს იპოვით და მთელი სამყაროსგან შორს, სხვებთან ერთად ისე დაუვიწყარ დროს გაატარებთ, რომ უბრალო ბეშუმური ნაცნობობა, შესაძლოა ცხოვრებისეულ მეგობრობად გადაგექცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა კოტეჯები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, შთაბეჭდილება გექმნება, შენს უბანში მცხოვრებ ყველა მეზობელთან ერთად ერთ დიდ სახლში ვცხოვრობო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს დისკომფორტს ნაკლებად შეგიქმნით. სამაგიეროდ, მოგონებებით დახუნძლულს გაგიშვებთ შინ. დილაზე მეტად, აქ ალბათ, საღამოები უფრო განსაკუთრებულია. ყოველი დღე სრულდება სუსხიანი ზაფხულის ღამეში მოგიზგიზე კოცონით, უამრავი სპონტანურად მოფიქრებული თამაშით, სიმღერებით და თუ გაგიმართლათ, გიტარის ჰანგებითაც დაასრულებთ საღამოოებს. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბეშუმში , , შუამთობას“ ზეიმობენ, სადაც მთელი აჭარა იყრის თავს, ამიტომ თქვენი დასვენება უფრო საინტერესო სახეს მიირებს და მერწმუნეთ, არ მოიწყენთ. ფოტო: VisitAjara.com _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ბეშუმი
#კურორტი
#დასვენება
#აჭარა
#Batumidaily
0