როგორ მოჩანს აფხაზეთიდან ევროპა - კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების მოსაზრებები

0
ბანალურია კითხვა-საქართველო ევროპაა თუ აზია. ვიღაცამ თქვა, რომ ხიდია ევროპა-აზიას შორის და ეს ფრაზა აიტაცეს. ხიდი კარგია, მუდამ აკავშირებს და გაღმა ნაპირას არასოდეს დარჩები მარტო, უიმედოდ, - ეს ამონარიდია თორნიკე შელიას ესედან, რომელიც კონკურსის - "ბერტა ფონ ზუტნერი - ევროპა საქართველოში" ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა რამდენიმე დღის წინ. თორნიკე ოკუპირებული გალის ერთ-ერთი სკოლის უკვე ყოფილი მოსწავლე და აბიტურიენტია. აფხაზეთში სწავლის გაგრძელებას თბილისი არჩია და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა. მომავალი ჟურნალისტი ჯერ კიდევ მშობლიურ რაიონშია, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდის გახსნის მოლოდინში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალზე მანამდე არაფერი სმენოდა. გამარჯვებაზე მაშინ არც უფიქრია, უბრალოდ გადაწყვიტა, ამ გამოწვევისგან ერთგვარი გამოცდილება მიეღო. სულ ეს იყო. ბერტაზე ბიოგრაფიულ ცნობებს, სამეგრელოს სამთავროსთან ურთიერთობა, ევროპა-საქართველოს შორის კავშირები დაურთო უძველესი დროიდან, ურთიერთდახმარების და მეგობრობის ისტორიები, რომელიც ინტერნეტით მოიძია. როგორც ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა კალმით და სიტყვით თავისუფლებისთვის, საქართველოს საუკუნოვან ბრძოლასაც იგივე სახელი ჰქვიაო - თავისუფლება, - ამბობს თორნიკე. "საქართველოში ერთიანი თვალსაზრისი არ არის. ზოგი ევროპისკენ მიიწევს, ზოგი ისევ რუსეთს ემხრობა. ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ რუსეთი არ არის ისეთი მეგობარი ჩვენთვის, რომ მას ვენდოთ. ამას ისტორიაც გვიჩვენებს. რა არის ევროპული ღირებულებები? თავისუფლება და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხომ? ჩვენი სახელმწიფოც დიდი ხანია ამისთვის იბრძვის და იდეოლოგიურად რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ. ევროპა არის თავისუფლება. საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის", - გვითხრა კონკურსის გამარჯვებულმა. არც თორნიკესთვისაა უცხო მითები ევროპასა და ევროკავშირზე, რომლებიც პოპულარულია მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყველაზე ხშირად ის სმენია, რომ ევროპაში ტრადიციების პატივისცემა არ იციან და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა სიმრავლეა. მისი თქმით, დღეს არაერთი ქვეყნის მაგალითია სახელმძღვანელოდ და საპირისპირო არგუმენტად გამოდგება, თუ როგო შეიძლება თანამედროვე სახელმწიფო ტრადიციებთან შერწყმულად აშენდეს. "ბერტასა და საქართველოს ბედს ერთმანეთს ვამსგავსებ: ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის. ამ ბრძოლაში უწყვეტად ჩანს ევროპის კვალი", - წერს თორნიკე. ესეების დაჯილდოვება ივლისის დასაწყისში უნდა გაიმართოს. ივლისში ელოდება ეროვნული გამოცდებიც. გაიხსნება თუ არა ამჯერად პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ხიდი, ჯერ არ იცის. აფხაზეთში სწავლის გაგრძელებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ თბილისში მეტი თავისუფლება ელოდება. მეც თავისუფალი იდეოლოოგის ახალგაზრდა ვარო, გვითხრა. თბილისში, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტზე აბარებს ესეების კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული გალიდან საბა იზორია. მისთვის ევროპული ღირებულებები, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის, 21-ე საუკუნის ჰუმანური, საღად მოაზროვნე მოქალაქის სავიზიტო ბარათია. ამიტომაც კარგად ესმის დემოკრატიის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების უზენაესობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უპირატესობა, რისთვისაც ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა. სჯერა, ევროკავშირია მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი და მისი ქვეყანაც სწორ გზაზე დგას. ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, საბა ამბობს, რომ დღევანდელი მსოფლიო უფრო თავისუფალია, ვიდრე გუშინ, ბევრად მობილური, ხელმისაწვდომი თუნდაც იმ მითების გადასამოწმებლად, რაც მის მავნებლობაზე ვრცელდება. გალელი ახალგაზრდის თქმით, დღეს რუსეთი სწორედ იმ ღირებულებებს ებრძვის, რაც თავად აკლია და არ აქვს. კონკურსის გამარჯვებული წერს იმაზეც, თუ როგორ შემოჰქონდა ევროპა საქართველოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, რა შთაბეჭდილებებით აღწერს ის დღიურში საქართველოს დედაქალაქსა და ზუგდიდს, სადაც ჯერ კიდევ მაშინ იკვეთებოდა ქართველი ხალხის ცხოვრების და ხასიათის ევროპული კონტურები. "მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოთქმული სიტყვები გაახსენა ავტორს საკონკურსო ესეზე მუშაობამ, როცა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ხანგრძლივი და დაუოკებელი ჟინიევროპული ოჯახის წევრობის. საბას თორნიკეს მსგავსად იმედი აქვს, რომ ივლისის დასაწყისში ენგურის ხიდი გაიხსნება და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას შეძლებს. თბილისის უმაღლესი სასწავლებელიც აბიტურიენტის შემთხვევითი არჩევანი არ არის: "ვაბარებ იმიტომ, რომ უპირატესობას ვანიჭებ და ჭეშმარიტად მიმაჩნია ის, რაც ქადაგებს თავისუფლებას, და ეს თავისუფლება სწორედ იქ იგრძნობა, სადა არის ევროპული ფასეულობები, სადაც არის ჰუმანიზნმის გრძნობა, ადამიანობის გრძნობა". საბა თბილისში უფრო თანამედროვე, სრულფასოვანი განათლების მიღების მოლოდინითაც მიდის. კონკურსში გამარჯვებულებს 6 ივლისს, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში დააჯილდოვებენ. ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დამფუძნებელმა სალომე ადამიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მართალია დიდი სურვილი აქვთ, ყველა მათგანი დაესწროს საზეიმო ღონისძიებას, თუმცა ჩაკეტილი ხიდის პირობებში, გალელ ახალგაზრდებს მონაწილეობა დისტანციურად მოუწევთ. მისივე თქმით, კონკურსმა ქვეყნის თითქმის მთელი რეგიონი მოიცვა, რომლის ფარგლებშიც ასამდე ნაშრომი მიიღეს: "იყო ძალიან მრავალფეროვანი. მათ შორის იყო ძალიან საინტერესოებიც, მეტ-ნაკლებად და რაც ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყოს, შემოვიდა თემები, რომელიც სხვა საკითხებს ეხებოდა. მაგალთად იყო განათლების პრიორიტეტებზე. ბულინგზე...". სალომე ადამია ამბობს, რომ კონკურსის თემატური ნაშრომების უმრავლესობში, ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა და სულისკვეთება მეორდება. რაც შეეხება ჟიურის, თუ რითი იხელმძღვანელეს ესეების შეფასებისას, განმარტა - წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ესეებს ჰქონოდა ინდივიდუალური აზროვნების ნიშნები, ყოფილიყო პათეტიკისგან შეძლებისდაგვარად თავისუფალი და წარმოჩენილიყო დოკუმენტური მასალების გემოვნებით გამოყენების უნარები. ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოში ავსტრიის საელჩოს და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ინიციატივით გამოცხადებული ესეების კონკურსს ექვსი გამარჯვებული ჰყავს. პირველი პრემიის მფლობელი 400 ევროთი დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასული 300 ევროს მიიღებს, მესამე ადგილის მფლობელს კი 200 ევროა ელოდება. მასალაში შეცვლილია გალელი მოსწავლეების ვინაობა, მათივე უსაფრთხოების მიზნით. წყარო: livepress.ge ავტორი: ნინო თოლორაია
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0