"ეს იყო ძალიან დიდი შესაძლებლობების წელი" - ტიკარაძე პანდემიის შესახებ

0
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის ერთი წელი შეაფასა. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჯანდაცვის სისტემამ სრულად უპასუხა გამოწვევებს. „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველი კოვიდდადებითი პაციენტი დაფიქსირდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წელი იყო საკმაოდ რთული, ბევრი გამოწვევით. ეს იყო ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ კარგად გაგვეანალიზებინა, თუ რამდენად სწორ გზაზე ვიდექით ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით. ასევე ნათლად გამოიკვეთა, თუ რა ცვლილებები არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ მომავალში, თუ მსგავსი გლობალური პრობლემები დაფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით, საქართველომ გაცილებით უფრო ეფექტურად, ნაკლები დანაკარგითა და რესურსების მაქსიმალური გამოყენებით შეძლოს ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ყველანაირ პასუხს გასცემს ამ გამოწვევებს“, - განაცხადა ტიკარაძემ "იმედის" ეთერში. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა თანმიმდევრული ნაბიჯებითა და გონივრული გადაწყვეტილებებით, ეფექტური და დროული მენეჯმენტით აღმოჩნდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დადებითი შეფასება მოიპოვა კოვიდ19-ის პანდემიის მართვის შეფასების კუთხით. "მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სისტემაში ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ და ამ რთული პროცესის მიუხედავად ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. მე ვგულისხმობ იმ ონლაინ-კლინიკების ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. თავის მხრივ ისინი მოიცავენ ტელე-მედიცინის გარკვეულ კომპონენტებს. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა გარკვეული გეგმები, რომ შორეულ რეგიონებში ტელე-მედიცინის ინფრასტრუქტურულ გამართვაზე ვიმუშავებდით, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ ამ პროექტების განხორციელებაში გარკვეული შეფერხებები გვქონდა. მიუხედავად ამისა, 2 აპრილიდან საქართველოში უკვე ფუნქციონირებდა ერთი ონლაინ-კლინიკა, რომელიც ტელე-მედიცინის სხვადასხვა კომპონენტის საშუალებით პაციენტებს კონსულტაციებს უტარებდა და შემდეგ უკვე ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფოს ბაზაზე არსებული 2 საკმაოდ მძლავრი ონლაინ-კლინიკა, რომლებმაც საკმაოდ დიდ დატვირთვას გაუძლეს. ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დღეს ჩვენს ჯანდაცვას პანდემიის შემდეგ მონაპოვრად დარჩა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ პანდემიამ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი სირთულე შეგვიქმნა, სამწუხაროდ, გვქონდა დიდი დანაკარგი ჩვენი მოქალაქეების სახით, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვწუხვართ და ჩვენი ექიმები მუდმივად ცდილობენ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ ამის პარალელურად იყო ისეთი საინტერესო გამოწვევები და ისეთი შედეგები და მიღწევები, რომელიც არ შეიძლება რომ დავივიწყოთ და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები
0