რა მოხდა სამაჩაბლოში რეალურად? - ნაწილი II

0
1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი "სამხრეთ ოსეთის ავტონომოური ოლქის გაუქმების შესახებ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე -- ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლიდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება", საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ცნო ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები. 1991 წლის 7 იანვარს სსრკ პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში ნათქვამი იყო, რომ სსრ კავშირის კონსტიტუციასა და სსრ კავშირის კანონებს ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 დეკემბრის აქტები. ბრძანებულების თანახმად, 3 დღის ვადაში "სამხრეთ ოსეთის ავტონომოური ოლქის" ტერიტორიიდან გაყვანილ უნდა ყოფილიყო შეიარაღებული ფორმირებები, გარდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა. გორბაჩოვის ბრძანებულების შემდეგ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება ცხინვალში შეყვანილ ქართული მილიციის დამატებით ძალებსა და ადგილობრივ ოსურ მოსახლეობას შორის. რამდენიმე დღეში მილიციის დამატებითმა ძალებმა ცხინვალი დატოვეს, რასაც ქალაქის ქართული მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა. შეიარაღებული კონფლიქტი ყველაზე აქტიურ ფაზაში სწორედ ამ მოვლენების შემდეგ შევიდა. 1991 წლის 3 მარტს შედგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში. შეხვადრის ოქმის მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის ერთობლივი მოქმედების შეთანხმების შედეგად მხარეებმა დათქვეს შემდეგი: ".... რუსეთის სფს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 აპრილამდე შექმნიან მილიციის ერთობლივ რაზმს, რომელიც განაიარაღებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტეროტორიაზე ყველა უკანონო ფორმირებას. რაზმს ევალება ვითარების სტაბილიზაციამდე ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა". 1992 წლის 24 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა ელცინსა და შევარდნაძეს (რუსეთსა და საქართველოს) შორის შეთანხმებას "საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ". შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის, თავდაცვის ძალების დაშლისა და უშიშროების რეჟიმის უზრუნველყოფისადმი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნულ ზონაში შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია კონფლიქტში ჩაბმული მხარეების შემადგენლობით. აღნიშნულ ამოცანათა შესრულებისთვის საკონტროლო კომისიასთან მხარეთა შეთანხმებით შეიქმნა შერეული ძალები მშვიდობის დამყარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. 1993-2000 წლებში სიტუაციის დარეგულირების მიზნით სხვადასხვა დონეზე კიდევ არაერთი შეხვადრა შედგა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს, რომელთა მიზანი იყი სტაბილიზაცია და კონფლიქტის მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთნდობის აღდგენა და გამყარება. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა კვლავ დაძაბული იყო, არ სრულდებოდა მხარეთა ვალდებულებები, გრძელდებოდა შეიარახებული თავდასხმები, კრიმინოგენური სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარებოდა და მოსახლეობა კვლავ დაუცველად გრძნობდა თავს. ევროპარლამენტის მიერ 2001 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი "გამოთქვამს წუხილს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დე-ფაქტო მოქცეულია საქართველოს იურისდიქციის, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს გარეთ, რასაც აღიარებს საქართველო ევროპის საბჭოში სრულუფლებიანი წევრობით და რისი ხელყოფაც ხდება ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე". რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი "მიუთითებს, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოქმედი სავიზო რეჟიმიდან სეპარატისტული რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის გამოყოფა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის (რასაც რუსეთის ფედერაციის მთავრობა ოფიციალურად უჭერს მხარს) ხელყოფად აღიქმება და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, გადასინჯოს ეს გეგმები და გაითვალისწინოს, რომ ისინი შესაძლოა საქართველოს უდავო ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიად აღიქვან". 2005 წლის იანვარში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაახმოვანა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ. პრეზიდენტის თქმით, წარმოდგენილი გეგმა "ცხინვალის რეგიონს ავტონომიის კონსტიტუციურ გარანტიას აძლევს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი შტოსა და პარლამენტის თავისუფალი და პირდაპირი არჩევის უფლებას გულისხმობს". 2005 წლის 15 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სესიაზე გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ "საქართველო არასოდეს შეურიგდება მასობრივ წმენდას. ამის სამართლებრივი არგუმენტაცია ამორალურია და მომავლისათვის საშიშ პრეცენდენტს ქმნის". წყარო : საქართველოს პარლამენტი, კომისიის აპარატი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#ისტორია
#goridaily
#პოლიტიკა
0