0
დამთავრდა წმიდა ორმეოცი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვა და მივადექით ვნების შვიდეულს. მანამდე კი წმიდა ორმეოცს აგვირგვინებს ლაზარეს აღდგინება და მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. გავიარეთ, უფრო სწორედ კი გადავიფრინეთ ორმოცდღიენი სარბიელი მარხვისა. თითქოს გუშინ შევუდეგით და აჰა, უკვე დამთავრდა. რა მოვიხვეჭეთ, რა შეიცვალა ჩვენში, როგორ შევირგეთ? სულირ ცხოვრებას აქვს თავისი მიზანი და შესაბამისი საზომები წარმატებისა. უმთავრესი არის სიმდაბლე, რომელიც განუყოფელია სინანულისგან. ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ საკუთარი თავი, ავწონოთ ჩვენივე სათნოებები. მაგრამ, თუ მარხვის ბოლოს ვხვდებით, რომ უფრო დაცემულები, უძლურნი, უღირსნი ვყოფილვართ, ვიდრე ეს წარმოგვედგინა მარხვის დასაწყისში, ე.ი. არის პატარა ნაპერწკალი იმედისა, რომ ამაოდ მაინც არ ჩაუვლია ამ დღეებს. ზოგმა მოახერხა და გამოიჩინა გულმოდგინება ლოცვაში, მღვიძარებაში, კეთილ საქმეებში ‒ არ დარჩება მისი სული უნაყოფოდ. ზოგმა მოინდომა, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა ღირსეული, ცდისეულად შეიცნო კაცობრივი ულძლურება და შეჰღაღადა: „მიშველე უფალო“, ‒ ვინ იცის, იქნებ ამან მეტიც მიიღოს, რაკი ქრისტეში მისი მხსნელი დაინახა. ვიღაც ბოლოს მოვიდა და არც ახლადგამოღვიძებულს დატოვებს უფალი უნუგეშოდ. მთავარია, რომ ლაზარეს ადგინებას მივეახლეთ და ჩვენი პირველი ‒ სულიერი აღდგომის იმედიც გაგვიჩნდა. ყარდა ლაზარე, ყარს ადამიანიც ცოდვებით, მაგრამ ძალუძს ღმერთს ჩვენი შეცვლა, გაცოცხლება. გვიშველოს ღმერთმა და გამოგვიყვანოს ჩვენ-ჩვენი სულიერი საფლავებიდან, წარმავალს მიჯაჭვულობისაგან, გაფანტულობისგან, უპირველესის დავიწყებისაგან. დეკ. ანდრია კემულარია
0