დედაბრული ხელი მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც აჭარაში იყო გავრცელებული. ამ ხელის ჩამოყალიბება უკავშირდება მე-16 საუკუნის მეორე ნახევარიდან სამცხე-საათაბაგოში ოსმალობის დამყარებასა და მომდევნო საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მუსულმანიზაციის ანუ „გათათრების“ პროცესს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებეში ვეცნობით, რომ დამწერლობის ეს არაოფიციალური სახე ქართულ ენასთან ერთად ქალების მიერ გადაეცემოდა თაობიდან თაობას. “ქალი იყო ის, ვინც ამ მხარეში შემოინახა ქართული ენა და დამწერლობა.” - ვკითხულობთ ცნობებში. დედაბრული ხელის პირველი ზოგადი დახასიათება, რომელიც ორსტრიქონიან ნიმუშთან ერთად გამოქვეყნდა 1878 წელს, ეკუთვნის დიმიტრი ბაქრაძეს. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პიველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. 1949 წელს დედაბრული ხელი გამოიკვლია და მას ცალკე ნაშრომი უძღვნა თ. ხაჟომიამ.
დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობები. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ზედმეტად ჩართულია ნუსხური, უ, ი ან სხვა ასოები. ანის, განის, ენისა და სხვა ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს. დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება; მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენამდე მოღწეული დედაბრული ხელით შესრულებული ტექსტები უმეტეს წილად პირადი წერილებია.
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com
#ცნობები
#საინტერესო
#დამწერლობა
#batumidaily