ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ისტორია

0
ეს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის შენობის ერთ ერთი ფლიგელია. მთლიანად შენობა ისეთია არქიტექტურული თვალსაზრისით შოკში ჩაგაგდებთ. გასულ საუკუნეში ის გიმნაზია იყო, ხოლო კიდევ ერთი საუკუნის უკან კი დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა შვილების სასწავლებელი. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა ერთ ერთი უნიკალური სკოლის შენობაა მთელს ქვეყანაში. სკოლის დაარსება ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება, რადგან ის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებამ დააფუძნა, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით გიმნაზიად იოსებ ოცხელმა გადააკეთა. რუსეთის იმპერიის რეჟიმის დროს გიმნაზიაში ოცხელი ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდა მოსწავლეებს. მაშინ როცა ყველგან რუსულად ასწავლიდნენ, მათ შორის ქუთაისის პირველ სკოლაში, აქ ქართულად მიდიოდა სწავლა. 1913 წელს მთელი რუსეთის იმპერიაში აღინიშნებოდა რომანოვების დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავი. კლასიკური გიმნაზიის დარბაზში გამოფენილი იყო რომანოვების პორტრეტები. საზეიმო დღეს, დილით, შენობაში შესულებს სურათები ძირს დახვდათ ჩამოყრილი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს , , ჩაიდინეს" ქართული გიმნაზიის მოსწავლეებმა, რომლებიც მკაცრ სასჯელს დირექტორმა, იოსებ ოცხელმა გადაარჩინა. სწორედაც რომ იოსებ ოცხელი, ასევე სახელოვან სილოვან ხუნდაძესთან ერთად, ეროვნული სულისკვეთებით წარმართავდნენ ახალგაზრდების აზროვნებას, გიმნაზია მაშინ სამართლიანად მიიჩნეოდა ქვეყანაში ყველაზე ეროვნულ სასწავლებლად. ეს სკოლა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ სწორედ ამ კედლებში გადაწყდა საქართველოს დედა-უნივერსიტეტის დაარსება. საუბარია ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტზე. სადაც იკრიბებოდნენ უნივერსიტეტის დამფუძნებელი მამები. ეს სკოლა დაამთავრეს: კონსტანტინე გამსახურდიამ, არნოლდ ჩიქობავამ, დიმიტრი უზნაძემ, აკაკი ვასაძემ, ჯემალ ქარჩხაძემ, ნიკოლოზ შენგელაიამ, გიორგი ახვლედიანმა. ქართული ქირურგიის ფუძემდებელი კონსტანტინე ერისთავი და ქართული გინეკოლოოგიის ფუძემდებელი აპოლონ შუშანია ორივე სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულები იყვნენ. ასევე, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია, აკაკი ბელიაშვილი, დია ჩიანელი და ბევრი სხვა. p.s. მე ხშირად ვყვები სხვადასხვა ტელევიზიებში ქუთაისის პირველი და მესამე სკოლების შესახებ, ამ მართლაც უდიდესი ტრადიციების სასწავლებლებზე, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ უსამართლოდ მაქვს მივიწყებული მე-2 საჯარო სკოლა. ამიტომაც ამ პატარა პოსტით ქედს ვიხრი მისი წარსულისა და დამსახურების, ისტორიის წინაშე!
#მეცნიერება
#ახალიამბები
0