თეთრპერანგიანი ლაშა ლურსმანაშვილი ხაშურის საკრებულოს წევრი არაა - ორივე ლაშაა, ორივე ლურსმანაშვილი, ორივე ხაშურიდან

0
ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული და ბურუსით მოცული საქმის გამო დაკითხა, ხაშურის საკრებულოს წევრი არაა და ის “2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ავტომექანიკოსია. მოკლედ, ორივე ლაშაა, ორივე ლურსმანაშვილი, ორივე ხაშურიდან. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმის ვიდეოკადრებში ჩანს და რომელიც საქმის „ოქროს მოწმეს“ ტრაგედიის ღამეს, არა - მცხეთაში, არამედ უკვე თბილისში, დიდუბეში, 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა, ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილია, ყველამ იფიქრა, რომ ეს ხაშურის საკრებულოს წევრია. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც “2020NEWS“-ს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ზურაბ ჩხიტუნიძემ განუცხადა., საერთოდ, სხვა პიროვნებაზეა საუბარი და ხაშურის საკრებულოს მოქმედი წევრი ლაშა ლურსმანაშვილი სულაც არ არის სკანდალური ვიდეოკადრების ფიგურანტი. მისივე თქმით, მედიას ადვილად შეუძლია ფოტოები შეადაროს და ნახოს, რომ პირი, რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს და ხაშურის საკრებულოს წევრი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ხაშურის მუნციპალიტეტის საკრებულის წევრი ლაშა ლურსმანაშვილი საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხვდა, „ქართული ოცნებიდან“, როგორც ცხრამუხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. ხოლო ვინაა რეალურად ის ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც კადრებში ჩანს, ამაზე “2020NEWS-მა უკვე ამცნო საზოგადოებას, რომ საუბარია ავტომექანიკოსზე, რომელიც 30 წლამდე მამაკაცია და სავარაუდოდ, თბილისში მუშაობს. ცნობისთვის, ამ სკანდალური ვიდეოკადრების გამო, ლურსმანაშვილი უკვე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც თავად აღნიშნა, „ოქროს მოწმეს“ საერთოდ არ იცნობს, დიდუბეში იმ ღამეს შემთხვევით მოხვდა და ამირხანაშვილმა ქუჩაში, შემთხვევით სთხოვა ტელეფონი, რომ დაერეკა. „თეთრპერანგიანის“ დაკითხვას კი წინ უსწრებდა ბერა ივანიშვილის მეგობრის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ დაკითხვა, რადგან „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საჯაროდ გამოთქვა ეჭვი, რომ სკანდალური საქმის „ოქროს მოწმე“ დიდუბეში სწორედ ბერას მეგობარ „კაწროს“ შეხვდა და „კაწრო“ კი ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს, დაკავებულების სასარგებლოდ. “2020NEWS“-მა გუშინვე გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინფორმაცია, სადაც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებდა, რომ თეთრპერანგიანის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილი ისედაც იყო და ის „კაწრო“ არ ყოფილა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს იდუმალი თეთრპერანგიანი - ავტომექანიკოსი ლაშა ლურსმანაშვილია. შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს. ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
news
0