კრიმინალური ავტორიტეტი - ტარიელ ფოცხვერია (ტარასა)

0
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ, მას ქვეყანა დაეტოვებინა. მისი სურვილის მიუხედავად, იძულებული იყო სიმსივნით დაავადებული ფოცხვერია ქვეყნიდან წასულიყო და მეუღლესთან ერთად თურქეთში გადავიდა. მისი მეუღლე ირინა ასათიანი იმჟამად აცხადებდა, რომ ის და მისი მეუღლე თურქეთში სამუდამოდ გადავიდნენ საცხოვრებლად, ვინაიდან მისთვის ნათელი იყო, რომ "იმ სოციალური სტატუსით", რაც ფოცხევრიას ჰქონდა, საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემდნენ. მანამდე ოჯახი და ადვოკატები ფოცხვერიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო წლების განმავლობაში ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, არაერთხელ მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარებაც, მაგრამ არა და არ კმაყოფილდებობა მათი საჩივრები. ბოლოს იმას მიაღწიეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ უწყებებს ერთობლივი კომისიის ფარგლებში დაევალათ ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება. სწორედ ამ დასკვნის გაცემის შემდეგ გადაწყვიტა სასამართლომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება, რომელიც სიმსივნის დიაგნოზით ძალიან დიდ ხანს მკურნალობდა მარდალეიშვილის კლინიკაში, სადაც ჯერ კიდევ სოზარ სუბარის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის დროს მოათავსეს. სპეციალურად იყო გამოყოფილი მისთვის პალატა და მკურნალობის ხარჯებს ოჯახი იხდიდა. ვინ იყო ტარიელ ფოცხვერია? ტარიელ ფოცხვერია 1959 წელს, ქუთაისში დაიბადა. ის "კანონიერ ქურდად" 1986 წელს "მონათლეს", მისი "ნათლიები" ელგუჯა კუბლაშვილი და ავთო ჩიხლაძე (კვეჟო) გახლდნენ. 90-იან წლებში ფოცხვერიამ, სხვა ქურდებისგან განსხვავებით, ადგილის დამკვიდრება რუსეთის ნაცვლად უკრაინაში სცადა. ერთხანს იქაურ კრიმინალურ ბიზნესს თითქოს ალღოც აუღო... თუმცა გულხელდაკრეფილი არც მშობლიურ ქუთაისში მჯდარა. მალე ტარიელ ფოცხვერია ბავშვობის მეგობართან, ასევე "კანონიერ ქურდ" მალხაზ მინდაძესთან ერთად, წილებს სათამაშო ბიზნესიდან შუშის მწარმოებელი საამქროებიდან, სამარშრუტო ხაზებიდან, ფერადი ლითონებით ვაჭრობიდან და აფთიაქებიდანაც იღებდა, ამბობენ, ფოცხვერიასთან კარგი ურთიერთობისთვის"ფული ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციასაც "არ ენანებოდაო". მას ციხის ბუნტში დასდეს ბრალი და უკრანიდან ჩამოიყვანეს, ფოცხვერიას ადვოკატის თქმით, ეს უკანონოდ მოხდა. "ის უკრაინაში დააკავეს, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ უკრაინის ძალოვნებს ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. 40 დღე იყო პატიმრობაში. გათავისუფლების დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის სამართალდამცავების დახმარებით მოიტაცეს ფოცხვერია. კაცი სასამართლოში უნდა წაეყვანათ, სადაც ადვოკატი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მანქანამ გზად გადაუხვია და ტარიელი აეროპორტში აღმოჩნდა. საქართველოს აეროპორტში კი ხელბორკილები დაადეს და საკანში შეაგდეს", - აცხადებდა იმჟამად მისი ადვოკატი თინიკო ნაკაშიძე. 2007 წელს 13 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში, 2013 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს. ციხის კედლების გარეთ ფოცხვერიამ მცირე დრო დაჰყო. გათავისუფლებელ ფოცხვერიას ახალმა ხელისუფლებამ მოსთხოვა, სამ დღეში დაეტოვებინა ქვეყანა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ასე მოკლე დროში ეს შეუძლებელი იყო, რადგან ფოცხვერია ძალიან მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იწვა. "ტარიელს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, მაგრამ ფიზიკურად არ შეგვეძლო, იმდენად ცუდად იყო. მესამე ოპერაციიდან 2 კვირა იყო გასული, ციხიდან რომ გათავისუფლდა. ახალ ადგილას გაჩნდა სიმსივნე, ამას დაემატა ნევრალგია და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ასე ვერსად წავიყვანდი. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამდა, დაბლენდერებული ფაფის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა", - აცხადებდა მისი მეუღლე ირინა ასათიანი. მალევე საწოლს მიჯაჭვული ფოცხვერია ისევ დააკავეს; ამჯერად "კანონიერი ქურდობის" მუხლით. გამოძიება აცხადებდა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ გათავისუფლებული ფოცხვერია ისევ მონაწილეობდა ქურდული სამყაროს ცხოვრებაში, არჩევდა საქმეებს და აძლევდა მითითებებს ავტორიტეტებს. 2014 წლის 12 თებერვალს საქალაქო სასამართლოში მორიგი ხმაურიანი პროცესი გაიმართა - ტარიელ (ტარას) ფოცხვერიას კანონიერი ქურდობისთის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს... წყარო: კვირისპალიტრა
0