სომხეთის პრეზიდენტსა და ფაშინიანის ხელისუფლებას შორის სასამართლოზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა

0
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 7 ივლისს, „საკონსტიტუციო რეფორმირების კომისიის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მიიღეს იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა, ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარემ, სომხეთში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენელმა ეღიშე კირაკოსიანმა, კომისიის წევრებმა - ანაიტ მანასიანმა და არმენ მაზმანიანმა, ასევე ორგანიზაცია „სომეხ იურისტთა ასოციაციის“ უფროსმა კარენ ზადოიანმა და ორგანიზაცია“ ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანისიანმა. შეხვედრის პროცესში, ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას და მიესალმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივას მსგავსი კომისიის შექმნის თაობაზე. სარქისიანის თქმით, აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება მისი ადმინისტრაცია და ზოგადად საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი დისკუსიების მნიშვნელობას და მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, დოკუმენტის იურიდიულ შედგენამდეც კი. სარქისიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა კომისიის წევრთა მოსაზრებაზე, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით. „ვცდილობ ნეიტრალური პრეზიდენტი ვიყო. თქვენი სურვილიც არის, რომ ქვეყნის პირველი პირი არ იყოს პარტიული, მემარჯვენე ან მემარცხენე, არამედ იყოს ადამიანი, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილების სწორად განხორციელება შეუძლია. კრიზისულ სიტუაციაში შუამავლობის განსახორციელებლად აუცილებელია მიმდინარე მოვლენების ცენტრში ყოფნა. ეს საკმაოდ რთულია და შესაძლოა პირდაპირმა არჩევნებმა ამ პროცესს ხელი შეუწყოს“, - განაცხადა სარქისიანმა. რაც შეეხება რეფერენდუმს, იგი ხალხის ნების გამოხატვის მომხრეა. სომხეთის პრეზიდენტის მოსაზრებით აუცილებელია ისეთი შემაკავებელი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პირველ პირს თავიდან აარიდებს გამოუვალ სიტუაციაში ყოფნას, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე არაერთხელ მოხდა. სარქისიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი ირჩევს მას. შესაბამისად, არ უნდა იყოს ის მოცემულობა, რომ ქვეყნის პირველი პირის ხმას უმნიშვნელო ფუნქცია ჰქონდეს. სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებით, კარგი ვარიანტი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატებიდან სამს პრეზიდენტი, სამს მოსამართლეთა კოლეგია და კიდევ სამს საკანონმდებლო ორგანო დანიშნავს. პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 30 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს განუცხადა, რომ იგი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან შესწორებებს/ცვლილებებს ხელს არ მოაწერს. სამშაბათს, 30 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს ამ კონკრეტულ თანამდებობის პირთა საქმიანობის, სამსახურის გავლისა და სოციალური გარანტიების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დანიშვნის სამართლებრივი პროცედურის თაობაზე. წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე წარდგენის პროცედურა (ცვლილებების მიღების შემდეგ) უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით - ჯერ აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) წარადგენს კანდიდატს, შემდეგ პრეზიდენტი და ბოლო მოსამართლეთა გენერალური ასამბლეა; ამჟამინდელი მოცემულობით რიგითობა ასეთია: ჯერ პრეზიდენტი, შემდეგ მოსამართლეთა გენერალური ასამბლეა და ბოლოს მთავრობა. კანონპროექტზე ხელმოწერაზე უარის თქმით, პრეზიდენტი აჩვენებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და როგორც ინსტიტუცია, უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 129-ე მუხლის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონზე ხელმოსაწერად 21 დღე აქვს და თუ ამ ვადაში იგი ამას არ გააკეთებს, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში განაცხადებს ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებაზე და კანონი მაინც შედის ძალაში (სპიკერი მოაწერს ხელს). მანამდე, მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ კენჭი უყარა (და მიიღო) ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დაუყონებლივ გათავისუფლებას და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, განხორციელებული ცვლილება რიგი სამართლებრივი დარღვევებით იქნა მიღებული. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, არარატ მირზოიანის 8 ივლისის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მას პრეზიდენტთან ჯერჯერობით არ უსაუბრია. პარლამენტის სპიკერის თქმით, იგი მოხარული იქნება ხელი მოაწეროს კანონს, იმ შემთხვევაში თუ მას ამის შესაძლებლობა ექნება. „აქტიურად ვადევნებ თვალს საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიებს. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტმა კანონზე ხელი არ მოაწერა, მაქვს უფლება მე გადავდგა ეს ნაბიჯი. მეორე ნაწილის მოსაზრებით, გამოგზავნილი წერილის მიუხედავად, ქვეყნის პირველ პირს 21 დღე აქვს გადაწყვეტილების შესაცვლელად და კანონზე ხელმოსაწერად. დაველოდოთ ამ პერიოდის გასვლას და თუ ამ ხნის შემდეგ სამართლებრივი შესაძლებლობა გამიჩნდება, აუცილებლად მოვაწერ ხელს კანონს“, - აღნიშნა მირზოიანმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #president #head #of #parliament #constitutional #court #interworld ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0