სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე

0
აფხაზეთმა კორონავირუსის ინფექციის აფეთქების შიშით, კიდევ ერთხელ გადადო ტურისტული სეზონის გახსნა. 15 ივლისამდე ჩაკეტილი იქნება რუსეთთან საზღვარი. ბევრი ადამიანის შემოსავალი დამოკიდებულია ტურისტულ სფეროზე, სწორედ ამიტომ, ეს პრობლემა მოსახლეობას მძიმედ შეეხო. გადარჩე პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში: ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა სოციალურ ქსელებში. მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა „რატომ არ უნდა გავხსნათ რუსეთთან საზღვარი ახლა? რატომ 15 რიცხვი? რას შეცვლის ეს დღეები? ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსი ნამდვილად არ გაქრება, ხალხი კი გაბოროტებული და მშიერი ზის“. „ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს “ხელისუფლებაზე” არაფერია დამოკიდებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასჯერ შეგვიძლია განვაცხადოთ საზღვრების გახსნაზე, მაგრამ, აქედან არაფერი გამოვა, თუკი იმავეს არ გააკეთებს რუსეთი. შეგრძნება მაქვს, რომ სანამ სოჭი არ გაივსება დამსვენებლებით, აფხაზეთთან საზღვარს არ გახსნიან და ასე ცარიელი ჩაივლის ზაფხულის სეზონი“. „დიდი ოჯახი მყავს. ოთხი შვილი. ჩემს ქმარსაც და მეც სამუშაო მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს გვაქვს. ის მწვადებს წვავს, მე კი ექსკურსიებს ვატარებ. იმას, რასაც ოთხი თვის განმავლობაში ვშოულობთ, მთელ დანარჩენ წელზე ვანაწილებთ. ბაღი არ გვაქვს, ბინაში ვცხოვრობთ და ახლა რა გავაკეთოთ, წარმოდგენაც არ გვაქვს“. „გთხოვთ, ცალმხრივად გახსენით გზა. წავალთ და სამუშაოს იქ ვიშოვნით, სადაც კურორტია“. „ჩემი ოჯახი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებშია. ჭამა გვინდა. არ შეიძლება საზღვრების გახსნა, ამბობენ სახიფათოაო. კარგი, მაშინ ამიხსენით, რა ვუყო ჩემს ოჯახს?“. თუმცა, საზოგადოებაში ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ მკაცრ ზომებსაც ჰყავს მხარდამჭერები. ბევრი იხსენებს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სახიფათო სტატისტიკას რუსეთში, მათ შორის, უშუალო მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაში "ღირს კი საზღვრის გახსნა? როდესაც ვხედავ, რა ხდება ყარაჩაი-ჩერქეზეთში, გახსნის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვხდები! და თუკი პანდემიის ასეთი ძლიერი ტალღა წამოვა, შემდეგ ვისთან ვიწუწუნებთ და ვინ გვიშველის?“. „სანამ არ იყო ტურისტული სეზონი და პანდემიის საფრთხე იყო, ყველა ერთხმად იძახდა: დაკეტეთ საზღვარი! ახლა საპირისპიროს თქმა დაიწყეს: გახსენით საზღვარი, ფული უნდა ვიშოვოთ."
#სოხუმი
#აფხაზეთი
#სოციალურიქსელი
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0