ჯანმო პანდემიაზე მთავრობების რეაგირებას შეისწავლის

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელ ჯგუფს ქმნის, რომელის კოვიდ-19-ის პანდემიასა და მასზე ამა თუ იმ ხელისუფლების რეაგირების საკითხებზე იმუშავებს.  თუმცა ამ განცხადებამდე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ არაერთხელ გააკრიტიკეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმის გამო, რომ ის ჩინეთის მიმართ იყო მიკერძოებული. ამერიკამ სამშაბათს ორგანიზაციას ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, რომლითაც სააგენტოს დატოვების განზრახვის შესახებ ატყობინებს. პროცედურის საბოლოოდ დასრულებას 1 წელი დასჭირდება.  ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ შირლიფი ამ ჯგუფის ხელმძღვანელები იქნებიან და მის წევრებსაც თავად შეარჩევენ. ამის შესახებ 194 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ონლაინ შეხვედრისას, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.  "ეს არ არის სტანდარტული ანგარიში, რომელიც მოვალეობის მოხდის მიზნით კეთდება და შემდეგ თაროზე უნდა დაიმტვეროს, ეს არის ის, რასაც ძალიან სერიოზულად ვუდგებით", განაცხადა ტედროსმა და დასძინა, რომ ეს ჯგუფი შუალედურ ანგარიშს ჯანდაცვის მინისტრების ნოემბრის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგენს.   ჰელენ კლარკმა თქვა, რომ ეს მოვალეობა მისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ტედროსმა კი აღნიშნა, რომ მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა წარმოადგინა და რომელიც პანდემიაზე გლობალური რეაგირების გამოკვლევას ითხოვს.  ოფიციალური მონაცემებით, რომელიც შეიძლება ბევრად იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე რეალური რიცხვები, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსი 12 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დაფიქსირებული. 550 000- მდე ადამიანი კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 7 მილიონზე მეტი პაციენტი.  რაოდენობრივად, როგორც ინფიცირებით, ისე სიკვდილობით, პანდემიამ ყველაზე დიდი დაღი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაასვა. 3 170 068 ინფიცირებული და 135 059 გარდაცვლილი - ასეთია დღევანდელი მონაცემები. ოთხშაბათს, ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 60 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა არიზონის, კალიფორნიის, ფლორიდის და ტეხასის შტატებში, სადაც თავისუფალი სარეანიმაციო პალატების რაოდენობა თანდათან იწურება.       https://www.amerikiskhma.com/a/who-sets-up-panel-to-review-handling-of-covid-19-pandemic/5495993.html
#ახალი_ამბები
#ჯანმრთელობა
0