ლიბიის კონფლიქტი და ისრაელის რეგიონული დილემა

0
თურქეთისა და რუსეთის მხრიდან გამოყენებული „ძალის პოზიციის დიპლომატია“ ლიბიაში დაძაბულობის მატებას იწვევს. მიზნის მისაღწევად, ორივე სახელმწიფო აქტიურად იყენებს ე.წ. Proxy-ძალებს (ადგილობრივ მოკავშირეებს), ამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასაზრდელად. ოფიციალური ანკარა აღნიშნულს ისლამისტი რადიკალების, მათ შორის მანამდე სირიაში მებრძოლი მეამბოხეების გამოყენებით ახორციელებს. ოფიციალური მოსკოვი კი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დახმარებით ცდილობს ლიბიაში არსებული სიტუაციის გაკონტროლებას. ლიბიაში თურქეთის აქტიურმა სამხედრო და პოლიტიკურმა ჩარევამ, გაეროს მიერ აღიარებული ტრიპოლის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) სასარგებლოდ სიტუაციის შემოტრიალება უზრუნველყო. თავის მხრივ, რუსეთიც ცდილობს გააფართოვოს წვდომა ლიბიაზე სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ მხარდაჭერილ „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) გენერალ ხალიფა ჰაფთარს საკმაო ზიანი მოაქვს კრემლისთვის. „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) პოზიციების გაძლიერების საპასუხოდ, რომლის მიღმა კატარიც დგას, „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) მომხრე ძალები ეგვიპტის ხელმძღვანელობით, ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტას შეუწყონ ხელი და მხარეები პოლიტიკურ პროცესებში დააბრუნონ. მცდელობების მიუხედავად, ამის შანსი საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური ანკარა წარმატებებს აღწევს და პოზიციებს იმყარებს ლიბიაში. მრავალი საერთაშორისო აქტორი - გაერო, შეერთებული შტატები, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი და სხვები სიტუაციის დამატებითი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიურ ქმედებებს ახორციელებენ. მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლებას საკმაოდ მკვეთრი ანტი-თურქული ხაზი უკავია, რომელიც ზიანს აყენებს ნატო-ს ორი მოკავშირის ურთიერთობებს. ლიბიაში კონფლიქტის ესკალაცია, კვიპროსის ტერიტორიულ (ეკონომიკურ) წყლებში თურქული საქმიანობის ფონზე მიმდინარებს; დამატებით, თურქეთმა საბერძნეთის საჰაერო სივრცეც არაერთხელ დაარღვია, რამაც ანკარასა და ათენს შორის სამხედრო რიტორიკის ზრდა გამოიწვია. ბოლო კვირების მანძილზე, ამ ორი სახელმწიფოს ლიდერი ერთმანეთთან სატელეფონო კავშირით ცდილობს დაძაბული სიტუაციის განმუხტვას. თურქეთის მოქმედებები მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მათი პოზიციების გაუმჯობესებას, ისრაელის, ეგვიპტის, საბერძნეთისა და კვიპროსის მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე და დამატებით, სირიის ტერიტორიაზე, სადაც ანკარა „ფარულად ეწინააღმდეგება“ რუსეთს. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტერესების წინ წაწევას ცდილობს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. დღესდღეობით მსოფლიოში არსებული კრიზისის გამო ენერგო პროდუქტებზე ფასების ვარდნამ, ზემოხსენებულ რეგიონში ანკარას მიერ დაგეგმილი საძიებო-ბურღვითი სამუშაოები გადადო. ამის პარალელურად, ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი ე.წ. EastMed-ის (Eastern Mediterranean pipeline) მილსადენის პროექტზე დღემდე მუშაობენ. თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთში (MENA) საკუთარი პოზიციების გაძლიერებას რუსეთის ფედერაცია ცდილობს და ლიბია აღნიშნულისთვის შესაფერისი ასპარეზია, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში აშშ-ის ხელოვნური უკან დახევის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები კვლავ აძლიერებს თავის დიპლომატიურ საქმიანობას ლიბიაში და კონფლიქტთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს მეზობელ ტუნისში ჯარებიც გაგზავნის მზადყოფნასაც გამოთქვამს, აღნიშნულ საკითხში მნიშვნელოვანი ჩარევით ჯერ კიდევ არ არის დაინტერესებული. ამასთან, ისრაელ-საბერძნეთ-კვიპროსის „სამკუთხედთან“ დაკავშირებით, ოფიციალური ვაშინგტონი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად და ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების ინტერესების დაზიანების თავიდან ასაცილებლად ზრუნვას განაგრძობს. თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობების ღიად წარმოჩენას ერიდებიან, იმის მიუხედავად, რომ ლიბიის კონფლიქტში (ისევე როგორც სირიაში) საპირისპირო მხარეებს წარმოადგენენ. ამავდროულად, არცერთი მხარის მხრიდან გამოვლენილი „პირდაპირი პასუხისმგებლობის აღება“ პროგნოზების გამოანგარიშებას ბუნდოვანს ხდის და ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას. ერთ-ერთ საგანგაშო სცენარს, ლიბიის კონფლიქტში ეგვიპტის აქტიური ჩარევა წარმოადგენს, რომელიც თურქული ინტერვენციის და გაეროს მიერ აღიარებული „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) წინააღმდეგია. ოფიციალურმა ქაირომ თურქებს „წითელი ხაზებიც“ დაუდგინა, რაც სიტუაციის მეტი ესკალაციის შანსებს ზრდის. ამ ეტაპზე, ლიბიის კონფლიქტში ისრაელის პირდაპირი ინტერესები ჯერჯერობით არ იკვეთება, მაგრამ იერუსალიმში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტებმა აჩვენა რომ ამ ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ, რაც თურქეთისთვის თავისთავად გზავნილია. ამასთან, ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით და მდინარე ნილოსზე, ეთიოპიის მიერ კაშხლის მშენებლობა (ქაირო აღნიშნულს სტრატეგიულად საფრთხედ მიიჩნევს) ეგვიპტისთვის შეშფოთების საგანია. აღნიშნული აღელვებს ისრაელის ხელისუფლებასაც. ყოველივე ამის შემდეგ, ეგვიპტის სტაბილურობა და მისი რეგიონალური სტატუსი მნიშვნელოვანია ოფიციალური თელ-ავივისთვისაც. ისრაელს პალესტინის და ზოგადად ტერიტორიების ანექსიის პრობლემა დიპლომატიური მანევრის შესაძლებლობებს უკიდურესად ურთულებს. იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთი და კვიპროსი მას აქტიურად უჭერენ მხარს, მაინც ეწინააღმდეგებიან ანექსიის პროცესს, რადგან კვიპროსის რესპუბლიკას საკუთარი პრობლემები გააჩნია თურქეთთან (ანკარის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისრაელის მხრიდან, პალესტინასთან დაკავშირებით გადადგმულ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯს არ ეთანხმებიან. ტერიტორიების ანექსიის მცდელობა ხელს უშლის ისრაელს, თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში „შემოქმედებით იდეებზე“ იფიქრონ, რადგან ოფიციალური ანკარა თელ-ავივის მხრიდან, ტერიტორიების მიერთების ნებისმიერ მცდელობას სიმბოლური თუ ფაქტობრივი ქმედებით უპასუხებს. ეგვიპტეს, იორდანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომელთაც ბოლო წლებში ისრაელთან ბოლო წლებში საერთო ინტერესები აკავშირებთ, ასევე გაუჭირდებათ თელ-ავივთან ეფექტურად თანამშრომლობა, მაშინ, როდესაც ანექსიის საკითხი დგას დღისწესრიგში. შესაბამისად, რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების ფონზე, ისრაელს მნიშვნელოვნად ეზღუდება ამ მოვლენებით პოლიტიკური სარგებლის მიღების საშუალება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Libya #Turkey #Russia #USA #Egypt #Greece #Cyprus #Israel #conflict #dilemma #MENA #interworld ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0