რა არის დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები და რამდენად შეესაბამება მათ საქართველოს დემოკრატია

0
დემოკრატია ნელ-ნელა , , თავისუფლების“, როგორც ტერმინის (ან პროცესის) სინონიმად იქცა. საერთაშორისო ორგანიზაციის ფრიდომ ჰაუსის მიხედვით მსოფლიოს 210 ქვეყანა და ტერიტორია ერთმანეთისგან განსხვავდება შემდეგი სტატუსით: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არა თავისუფალი[1]. ყველა სახელმწიფოს, რომელთაც ავტოკრატიაზე უარი თქვეს აერთიანებთ დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვა. ამ სტანდარტების დაცვის მცდელობები არანაკლებ საინტერესოა საქართველოს მაგალითზე, თუ ისინი, რამდენაად შეესაბამება საქართველოს დემოკრატიას (როგორც პოლიტიკურ სისტემას). თავიდანვე, რომ განვსაზღვროთ, როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, რომელიც საკმაოდ შორსაა ძველ-ბერძნული დემოკრატიისაგან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალური დემოკრატია ოხლოკრატიაში (ბრბოს მმართველობა) არ აგვერიოს.
2005 წელს, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ დალმა გამოაქვეყნა ნაშრომი - , , რომელ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მოითხოვს ფართომასშტაბიანი დემოკრატია?“[2], სადაც ავტორმა საფუძვლიანად წარმოადგინა დემოკრატიის მინიმალური ნიშნები, რომელთა დაცვაც, აუცილებელია, რომ პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულად ვაღიაროთ. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ეს სტანდარტები საქართველოს დღევანდელ დემოკრატიას.

ა) არჩეული ხელისუფლება

- რობერტ დალი მოიაზრებს მმართველ პარტიას, რომელიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე. 2012 წლის დასაწყისში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა გამოაქვეყნა ბლოგი - , , პოლიტიკური ორთოდოქსია“,  სადაც წერდა: , , ნაციონალური მოძრაობა ცდილობს არა საკუთარი პოზიტიური პროგრამის ჩამოყალიბებას, არამედ ამომრჩევლისათვის იმის დამტკიცებას, რომ ყველა დანარჩენი მასზე უარესია.“[3] ავტორს ვეთანხმები, რადგანაც ბიძინა ივანიშვილისა და , , ქართული ოცნების“ პოლიტიკაში გამოჩენამ უსისტემო სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ სხეულად ჩამოყალიბება გამოიწვია, რამაც ნაციონალურ მოძრაობასაც უბიძგა, რომ მოშვებულიყო და უარი ეთქვა საკუთარ ნარცისიზმზე და ეღიარებინა სხვა პარტიის რეალური ძალა, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ , , ქართული ოცნება“ დღეს იგივე , , სენითაა“ შეპყრობილი, რაც მას , , უძლეველობის ბურუსში“ ახვევს. შედეგად, აღარ ახსოვს ხალხის წინაშე აღებული ის ანგარიშვალდებულება, რითაც საზოგადოების ნება უნდა აღასრულოს და დემოკრატიის შენებას ხელი შეუწყოს.

ბ) თავისუფალი, სამართლიანი და ხშირი არჩევნები

- ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ტარდებოდეს სამართლიანად გარემოში და არ უნდა ხდებოდეს ხმების გაყალბება. მისასალმებელია, რომ 2012 წელს , , ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების საშუალებით მოიპოვა მმართველი პარტიის სტატუსი. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ცნობებით ვიცით, რომ 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკომ გაითვალისწინა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციები და ოქმები ვებგვერდზეც გამოაქვეყნა. თუმცა, ამის მიუხედავად არჩევნების I და II ტურში საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 51.6% მონაწილეობდა, რაც დემოკრატიისათვის დამაკნინებელია.

გ) გამოხატვის თავისუფლება -

ავტორის აზრით, არ უნდა იზღუდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და აგრეთვე, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა თუ ინტერესთა ჯგუფებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი ინტერესები. ბოლო წლებში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების თუ მათი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან პერმანენტულად ისმის მსჯელობა გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო მეტად მზღუდავი საკანომდებლო ჩარჩოს ლეგიტიმაციის თაობაზე. მსგავსი დისკუსია უმეტესწილად შეფუთულია უმცირესობების ინტერესების დაცვის მოტივით. თუმცა, ინიციატივები ძირითადად უმრავლესობაში მყოფი ჯგუფების (მმართველი პოლიტიკური ძალა, მართლმადიდებელი ეკლესია) მხრიდან ჟღერდება. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრება არა უმცირესობების დაცვის, არამედ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მოტივს ატარებს.[4]

დ) ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები

- გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობასა და გამოქვეყნებული მასალების საჯაროობას. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - , , Reporters Without Borders“ შეფასებით 180 სახელმწიფოდან, მედიათავისუფლების დონით საქართველო მე-60 ადგილზეა[5]. ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში არსებული მედიასაშუალებები პლურალისტულია, მაგრამ არა დამოუკიდებელი.

ე) ასოციაციის ავტონომია -

დემოკრატიის დროს უნდა არსებობდეს ინტერესთა ჯგუფები, მედიაორგანზიაციები თუ სხვა სახის ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ ავტონომია ხელისუფლებისგან, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის მაღალ სტანდარტს. დავეთანხმები პროფესორ გია ნოდიას, რომ საქართველოს ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ერთი სერიოზული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ჰყავს: ეკლესია და მის ორბიტაზე არსებული ჯგუფები.[6] თუმცა, 2019 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს, სადაც ისინი შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ: , , მმართველი პარტიის ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით დარღვეულია ძალაუფლების დანაწილების ბალანსი და ინსტიტუციების სიცოცხლისუნარიანობა. ბიძინა ივანიშვილი ერევა და გავლენას ახდენს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.“[7]

ვ) ინკლუზიური სამოქალაქო უფლებები

- გულისხმობს, რომ საარჩევნო უფლებები ადამიანთა მაქსიმალურად დიდ რაოდენობაზე უნდა ვრცელდებოდეს. მაგალითად, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 3.705 საარჩევნო უბანი შექმნა, საზღვარგარეთ - 61, მათ შორის ავღანეთში.[8] თუმცა, ამის მიუხედავად, I ტურში მონაწილეობდა საქართველოს მოსახლეობის 46.83%, მეორე ტურში კი - 56.36%. ამომრჩევლის დაბალი ჩართულობა პოლიტიკურ უნდობლობის ბრალია, თუ მოუწონარი კანდიდატის - ცალკე შესწავლას საჭიროებს. დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, დღეს ბევრად წინ (ანუ დასავლეთისკენ) ვართ წასული, ვიდრე - უახლოეს წარსულში. ის, რომ სახელმწიფო და დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვის მცდელობები როგორც იქნა გაგვიჩნდა უკვე კარგია და შეიძლება ითქვას, მთლიანობაში, ესეც დემოკრატიის ერთგვარი რესურსია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრიდომ ჰაუსის გლობალური თავისუფლების ინდექსით საქართველოს 100 ქულიდან მინიჭებული აქვს 61 ქულა და იგი ატარებს ნახევრად თავისუფალ სახელმწიფოს სტატუსს[9], ხოლო დემოკრატიის თვალსაზრისით - 3.25/7 ქულა და საქართველო ითვლება ტრანზიციულ პერიოდში (ან ჰიბრიდულ რეჟიმში).[10] საქართველოში დემოკრატიის ნორმატიული ხედვა სულ უფრო აქტუალური ხდება, რომლის თანახმადაც ხალხს უფლებააქვს, საკუთარი ხელისუფლება აირჩიოს, მას ანგარიში მოსთხოვოს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდეს. მაშასადამე, დემოკრატია თავისთავადი ღირებულებაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო და უფრო აქტიურდება.
და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვიდრეარ ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანს, რომლის აზრი და ცხოვრების წესი არ მოგვწონს, მაინც აქვს ჩვენ გვერდით არსებობის (მათ შორის პოლიტიკური) უფლება, იქამდე დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები ყოველთვის ხარვეზით იქნება დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიასთან და ის ფაქტი, რომ 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით აირჩევა 120 დეპუტატი და არავის ექნება აბსოლუტური უმრავლსობა, ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე - ერთპარტიული მმართველობა. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილებაც საქართველოში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვის მცდელობებს მეტწილად გააუმჯობესებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი. #FeedcGrant
Feedc
[1] Countries and Territories, Global Freedom Scores, Official Web-site of Freedom House, (checked July 5, 2020) - https://freedomhouse.org/countries/freedom-world/scores; [2] Robert A. Dahl, , , What Political Institutions Does Large-Scale Democracy Require?“, The Academy of Political Science, Political Science Quarterly, Volume 120, Number 2, pp. 188, 2005; [3] ზაალ ანდრონიკაშვილი, , პოლიტიკური ორთოდოქსია“, 9 თებერვალი, 2012, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - http://andronikashvili.bloტgspot.com/2012/02/blog-post.html; [4] ე. მარიკაშვილი, თ. სვანიძე, შ. ქობალია, , , გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2020, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - https://gdi.ge/uploads/other/1/1078.pdf; [5] Georgia, Official Web-site of Reporters Without Borders, (checked 5 July, 2020) - https://rsf.org/en/georgia; [6] გია ნოდია, , , როგორ ვიფიქროთ დემოკრატიაზე“, ტაბულა, 1 მარტი, 2012, (გადამოწმებულია 5 ივლისი), 2020 - http://www.tabula.ge/ge/blog/58229-rogor-vifiqrot-demokratiaze; [7] საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას, ღია საზოგადოების ფონდი, 9 სექტემბერი, 2019, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - https://osgf.ge/saqartvelos-samoqalaqo-sazogadoebis-organizaciebis-mimartva-saertashoriso-tanamegobrobas/; [8] საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - https://cesko.ge/geo/static/3016/2018-tslis-28-oqtombris-saqartvelos-prezidentis-archevnebis-angarishi; [9] Georgia, Freedom in the World 2020, Official Web-site of Freedom House, (checked July 5, 2020) - https://freedomhouse.org/country/georgia/freedom-world/2020 [10] Georgia, Nation in Transit 2020, Official Web-site of Freedom House, (checked July 5, 2020) - https://freedomhouse.org/country/georgia/nations-transit/2020
#პოლიტიკა
0