კრიმინალი ქუთაისში, კასრში ჩაბეტონებული 15 წლის ბიჭის თავი იპოვეს

0
წლების განმავლობაში, ქუთაისი საქართველოს ყველაზე „ქურდული“ ქალაქი იყო. 90-იან წლებში, თითო კორპუსში, რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი „ქურდული წესებით“ ათენებდა და აღამებდა. ქუთაისში ქურდების სიმრავლე, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიმჩნეოდა, მაგრამ „უპატრონოდ“, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი არც კომუნისტების დროს იყო. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, რაც უფრო მეტი „კანონიერი ქურდი“ იყო ქუთაისშo, მით ნაკლები დანაშაული ხდებოდა. „კრიმინალური სამყაროს მამები“ კისერზე, ძირითადად, საქმოსნებს აწვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ქალაქში კრიმინალის დონე დაბალი ყოფილიყო, რათა სამართალდამცავებს თავი არ გამოედოთ და მათი მშვიდი ცხოვრება არ დაერღვიათ.1981 წელს, ქუთაისის გარეუბანში, ე.წ. ბარაკების აღება და ახალი კორპუსებისთვის ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. ერთ-ერთ „ბარაკში“, რომელიც მოხუც ქალბატონს ეკუთვნოდა, ცემენტით სავსე რკინის კასრი იდგა. მშენებლები ვერ მიხვდნენ, რაში დასჭირდა მოხუცს კასრის ცემენტით გავსება, მაგრამ რაღას იზამდნენ, უნდა გადაეგდოთ. ამწე კასრს ვერ უდგებოდა და გადაწყდა, მისთვის ურო დაერტყათ, რათა ბეტონი დამტვრეულიყო და სწორედ ნატეხები შეეყარათ სატვირთოზე. მესამე დარტყმის შემდეგ, კასრიდან ბეტონის მოზრდილი ნაჭერი გადმოვარდა. მუშებმა უკან დაიხიეს - ბეტონის ნაჭერში აშკარად ჩანდა ადამიანის თავის ქალა. რაღა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ. ყველა მუშას ხელწერილი ჩამოართვეს გაუთქმელობაზე - არ იყო აუცილებელი, მთელ ქალაქს სცოდნოდა, რა იპოვეს მშენებლებმა და, მით უმეტეს, ექსპერტების წინასწარი დასკვნით, თავის ქალა მინიმუმ, ხუთი წლის წინანდელი იყო. ძვლებისგან ბეტონის მოცილების პროცესმა ორ კვირაზე მეტი წაიღო. სამართალდამცავებს საქმის გახსნის იმედი არ ჰქონდათ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გამორიცხული იყო, ექსპერტებს გარდაცვალების ზუსტი თარიღი ეთქვათ, თუმცა საქმე თავდაყირა დადგა. გვამი, დაახლოებით, 15-17 წლის ბიჭს ეკუთვნოდა. მას სიცოცხლეში, მარცხენა ფეხზე ნეკა თითი აკლდა, გვამი კი 1975 წელს იყო დაბეტონებული. დამნაშავემ გვამი ტანსაცმლიანად დააბეტონა, თუმცა ბიჭს ჯიბეში ხურდა ფული აღმოაჩნდა, რომელზეც წლები იყო მითითებული. მართალია, ეს ხურდა, შესაძლოა, წინა წელს ყოფილიყო მოჭრილი, მაგრამ ბეტონში იპოვეს ფეხსაცმლის ნარჩენებიც. იმ ტიპის ფეხსაცმელი კი, სწორედ 1975 წელს მიიღო ქუთაისის მაღაზიამ და რაც მთავარია, რეზინის ძირს ეტყობოდა, რომ მის მფლობელს დიდი ხნის განმავლობაში არ ეცვა ანუ პრაქტიკულად, ახალი იყო. აღნიშნული დეტალები გარდაცვლილის ვინაობის დასადგენ წრეს საკმაოდ ავიწროვებდა. სამართალდამცავებმა არქივი გადაქექეს და სასურველ კვალზეც გავიდნენ - 1975 წელს, ქუთაისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი წერდა, რომ მისი გერი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ტანსაცმლის აღწერაში, სწორედ აღნიშნული ფეხსაცმელი იყო მითითებული და რაც მთავარია, დედინაცვალი იმასაც უთითებდა, რომ ბიჭს ფეხზე ნეკა თითი აკლდა. იმის მიუხედავად, რომ დედინაცვალი ორი წლის გარდაცვლილი იყო, სამართალდამცავებმა მაინც გაარკვიეს - ბიჭის დედა მშობიარობას გადაჰყვა, დედინაცვალი ბავშვს დიდად არ სწყალობდა, მამის სიკვდილის შემდეგ კი, საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა. შესაბამისად, ბავშვი ქუჩაში იზრდებოდა და ხშირად იმეორებდა, ცოტაც და საქართველოდან წავალ, რუსეთში ვიცხოვრებო. შესაბამისად, როცა დედინაცვალმა, მოვალეობის მოხდის მიზნით, ბავშვის გაუჩინარებაზე განცხადება დაწერა, სამართალდამცავებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ, ჩათვალეს, რომ ის საქართველოდან წავიდა. დიდ რუსეთში კი მის ძებნას აზრი არ ჰქონდა. რაც შეეხება კასრს, სადაც ჩონჩხი აღმოაჩინეს, ის ბიჭის საცხოვრებლიდან, დაახლოებით, კილომეტრით იყო მოშორებული და მოხუც ქალს ეკუთვნოდა. ასაკის გამო, მოხუცს გაფანტული გონება ჰქონდა და მისი საუბრიდან აზრის გამოტანა შეუძლებელი გახლდათ. ექიმების ჩარევისა და დაკითხვის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა მოხუცზე ხელი ჩაიქნიეს - მისგან ვერაფერს გაიგებდნენ. სამაგიეროდ, ქუთაისში მოიძებნა არაერთი ადამიანი, რომლებსაც ბიჭი კარგად ახსოვდათ და ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა, მასთან მხოლოდ ერთი ბიჭი, მისივე თანაკლასელი მეგობრობდა და თუ ვინმეს რამე ეცოდინება, ეგ იქნებაო. აკრძალვის მიუხედავად, ლამის მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ სამართალდამცავებმა ჩონჩხს მიაგნეს. გარდაცვლილის მეგობარი გამოკითხვაზე დაიბარეს. მეგობარი თავიდან არაფრის თქმას არ აპირებდა, უბრალოდ, ხალხში გავრცელებული ვერსია დაადასტურა, რუსეთში წასვლას აპირებდა, მეტი არაფერი ვიციო, თუმცა სამართალდამცავებმა შეატყვეს, რომ რაღაცას მალავდა, გაუშვეს და მოსაფიქრებლად დრო მისცეს. რაღა თქმა უნდა, მასზე თვალთვალიც დაწესდა. განყოფილებიდან წასული ახალგაზრდა კაცი სასადილოში შევიდა, სასმელი მოითხოვა და არაყს მიეძალა. გვარიანად ნასვამი, სასადილოდან გამოვიდა, იმ მოხუცის სახლისკენ გაემართა, სადაც თავის ქალა იპოვეს, ჩამოჯდა და ხმამაღლა, მოთქმით ტირილი დაიწყო. პოლიციელები, რომლებიც უთვალთვალებდნენ, ახლოს მივიდნენ, ჯერ უხმოდ უყურეს, შემდეგ კი გარდაცვლილის მეგობარი გაჩუმდა და მოყოლა არეულად დაიწყო. „ამ მოხუცს არავინ ჰყავდა, გარდა ერთი მეგობარი ქალისა, რომელიც რუსეთიდან ჩამოდიოდა ხოლმე ზაფხულობით სტუმრად და თან ჩვენზე 5-6 წლით უფროსი შვილი მოჰყვებოდა. მაშინ, როცა ჩვენ 15 წლის გავხდით, ისევ ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ფულის იოლად შოვნას გვასწავლიდა. ასე დავიწყეთ წვრილმანი ქურდობა, ხან სასადილოს საწყობი დავაცარიელეთ, ხან - ვიღაცის ბინა, მაგრამ ყოველთვის ცოტა თანხა მიგვქონდა. ეს თანხა ცოტა ზოგადად იყო, თორემ ჩვენთვის, 15 წლის ბავშვებისთვის, დიდი ფული გახლდათ. ჩამოსული იმასაც დაგვპირდა, რუსეთში წაგიყვანთ და ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთო. მე წასვლა არ მინდოდა, აი, ჩემი მეგობარი კი სულ თვალებში შესციცინებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა ნანატრი დღე. ჩუმად ფულსაც ვაგროვებდით და ასე, 500 მანეთამდე გვქონდა. უფროსმა მეგობარმა გვითხრა, რომ სამ დღეში, დედამისთან ერთად, რუსეთში მიდიოდა, დედას ესაუბრა და დაითანხმა, რომ ჩემს მეგობარსაც დაიმგზავრებდა. წინა ღამით, ჩემი მეგობარი მათთან უნდა დარჩენილიყო - დილით ადრე მიდიოდნენ სადგურზე. მთელი ღამე არ დამეძინა, დილით ადრე გასაცილებლად მივედი, მაგრამ დედა-შვილი მარტო გავიდნენ სახლიდან. გავოცდი და ჩამოსულმა მითხრა, შენი მეგობარი ღამით გაიპარა, ალბათ, ვერ გარისკა წამოსვლაო. არ დავიჯერე, ის ხომ ამაზე ოცნებობდა და არსად გაიპარებოდა-მეთქი. მივხვდი, რაღაც მოხდა, მაგრამ რა, არ ვიცოდი, თანაც ჩამოსული დამემუქრა, თუ რამეს გაიგებენ, ყველას ციხეში ამოგვალპობენ, ამიტომ თუ რამე გკითხეს, დაადასტურე, რომ რუსეთში გაპარვას აპირებდაო. მეტი არაფერი ვიცი, უბრალოდ, მეგობარი დავკარგე, ის ბიჭი კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ იყო ჩამოსული, მაგრამ შიშით ახლოს არ გავკარებივარ“, - ეს იყო მისი მონაყოლი. გამოძიებამ სტუმრის ვინაობა მალე დაადგინა და მოთხოვნა რუსეთში გააგზავნა. როგორც გაირკვა, ქართული გამოძიებისთვის საინტერესო პირი, საკმაოდ ცნობილი კრიმინალი იყო და ქურდობისთვის სასჯელიც ჰქონდა მოხდილი, თუმცა სასამართლომ დაინდო და მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა. რუს სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ის არაერთ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ფაქტზე ვერ იჭერდნენ. ქართული მხარის მოთხოვნით, ის დააკავეს და უშიშროების იზოლატორში დაკითხეს. სწორედ იქ აღიარა 15 წლის ბიჭის მკვლელობა, მიზეზად კი ის 500 მანეთი დაასახელა, რომელიც მოზარდს რუსეთში წასასვლელად ჰქონდა შეგროვებული. სასამართლომ მომხდარი ჯეროვნად შეაფასა და დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. განაჩენი, დაახლოებით, ექვს თვეში, საქართველოში აღასრულეს.
0