აფხაზეთის ულამაზესი ადგილები დღეს - ფოტოკოლაჟი

0
აფხაზეთი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია საქართველოში. ვიდრე აფხაზეთი ე.წ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ამ რეგიონის არაერთი ქალაქი და კურორტი განსაკუთრებით პოპულარული იყო როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებთათვის, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოს მთავრობა ამ რეგიონზე იურისდიქციას ვერ ახორციელებს, უცნობია აფხაზეთში ჩამსვლელი ტურისტების ზუსტი რაოდენობა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ მთავრობაში აცხადებენ, გასული წლის ზაფხულში აფხაზეთში ჩამსვლელ ტურისტთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ამ რეგიონს 2015 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით სამი მილიონი ტურისტი ეწვია. რა უნდა ნახოს აფხაზეთში ჩასულმა ტურისტმა? ამ რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, შესანიშნავი ადგილმდებარეობა და რესურსი გააჩნია. მისი მთავარი ქალაქია "ცხუმი" (ძველი ქართული წყაროების მიხედვით), იგივე სოხუმი, რაც სავარაუდოდ, რცხილას ნიშნავს. იგი შეიძლება ითქვას მთავარი ღირსშესანიშნაობაა აფხაზეთში, თუმცა, არსებობს კიდევ არაერთი ულამაზესი ადგილი, რაც ამ რეგიონში ჩასულმა ტურისტმა უნდა ნახოს. გთავაზობთ ამ ადგილების ჩამონათვალს: 1. ბიჭვინთა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. აქ გამორჩეულად სუფთა და ლამაზი ზღვაა. მას განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობდა. თუმცა, რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
2. რიწის ტბა. ეს ტბა ბიჭვინთის ჩრდილოეთით მდებარებს, იგი ამიერკავკასიაში ყველაზე ღრმა ტბაა და მისი სიღრმე 101 მეტრს შეადგენს. ტბის გარშემო მდიდარი ბუნებაა. აქ ბევრი სახეობის წიწვოვანი ნაძვთან ერთად გვხვდება კოლხური ბზაც.
3. სოხუმის ბოტანიკური ბაღი. იგი უძველესი ბაღია კავკასიაში. გაშენდა 1840 წელს. ბაღში 4 500-ზე მეტი მცენარის სახეობას მოუყარეს თავი.
4. ახალი ათონის მღვიმე. ეს არის კარსტული მღვიმე, რომლის გიგანტური დარბაზები მორთულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით და გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინეს.
5. კრუბერის გამოქვაბული. ეს გამოქვაბული მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულია და მისი სიღრმე 2190 მეტრს შეადგენს. ამ ღირსშესანიშნაობას სხვა რეკორდებიც უკავშირდება. კერძოდ, ზოგერთი წყაროს თანახმად, აქ მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მდებარეობს. მისი სიგრძე 18 მეტრია, იგი შავ ზღვაში ჩაედინება.
გარდა გამორჩეული ბუნებისა და ლანდშაფტისა, აფხაზეთი მდიდარია ისტორიული ძეგლებითაც. ესენია: 1. ბესლეთის ხიდი. იგი XII საუკუნის ძეგლია, მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე. იგი თაღოვანი ხიდია, რომელთანაც ადრე ბესლეთის ციხე იდგა. ეს ციხე ქალაქის შესასვლელის თავდაცვითი ნაგებობა იყო. ხიდის ირგვლივ დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
2. ანაკოფიის ციხე. იგი თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. დღემდეა შემორჩენილი მისი კედლები სამეთვალყურეო კოშკებით, საალყო აუზითა და კირის გამოსახდელი ღუმელით.
3. წებელდის ციხე. ეს ციხე ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული, როგორც წიბელიუმის ციხე. იგი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. დღესაც არსებობს მისი ნანგრევები.
ვინაიდან აფხაზეთი ქართველების უძველესი ქრისტიანული კერაა, აქ მრავლადაა ტაძრები და მონასტრებიც: 1. მოქვის ტაძარი. საკათედრო ტაძარია. იგი მდებარეობს სოფელ მოქვში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. იგი ერთადერთია აფხაზეთის ტაძართა შორის, რომლის აგების შესახებაც წერილობითი ინფორმაცია მოიპოვება. იგი ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ X საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, სადაც ამრავლებდნენ ხელნაწერებს, აახლებდნენ ძველ ნუსხებს.
2. ბედიის სამონასტრო კომპლექსი. იგი ოჩამჩირეში, სოფელ ბედიაში X საუკუნის მიწურულს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ააგო. სწორედ აქაა დასაფლავებული ბაგრატ III და დედამისი - დედოფალი გურანდუხტი. ამასთან, ამ ცენტრშიც ძველ ქართულ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია მიმდინარეობდა, ასევე საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის ახალი წიგნებით შევსება.
3. ბიჭვინთის ტაძარი. მდებარებს ბიჭვინთაში. იგი X საუკუნის საკათედრო ტაძარია. იგი არქიტექტურულად ბიზანტიურ ნაგებობას ემსგავსება.
4. ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ეს ძეგლი XI საუკუნეს მიეკუთვნება, მდებარეობს სოფელ ილორში. ტაძრის ერთ-ერთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული ლაპიდალური წარწერებიანი 5 ქვა. XVII საუკუნეში იგი ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. შემდგომ ეკლესია აღადგინეს ოდიშის მთავრებმა.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ბიჭვინთა
#რიწა
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0