შაქარაშვილის ბიძა: გიორგის გარდაცვალების მიზეზი ოჯახმა მესამე დღეს იცოდა

0
გარდაცვლილი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახმა გიორგი გარდაცვალების უშუალო მიზეზი მესამე დღეს იცოდა, თუმცა ამის თაობაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობდნენ. „მესამე დღეს უკვე ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, იმიტომ, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული მხოლოდ წყლით დახრჩობის ფაქტზე“, - ამბობს მირიან ნიკოლაძე. მისი სიტყვებით, ოჯახმა იცოდა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული ყველა დაზიანების გარემოების შესახებაც, მაგრამ არ ახმაურებდნენ, სანამ ექსპერტიზის კომპლექსური სურათი არ იქნებოდა ცნობილი. მისი სიტყვებით, ექსპერტიზის დასკვნა არის „კატეგორიული“ და იძლევა კატეგორიულად „გიორგის მკვლელობასთან“ დაკავშირებით საუბრის საშუალებას. კიდევ უფრო მეტი დეტალიზაციისთვის, ანუ შესაძლო დამნაშავეთა პერსონიფიცირების, სხვადასხვა ვერსიის გამოსარიცხად და დასადასტურებლად საჭიროა სხვა სახის ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება. მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის გვამის აღმოჩენის შემდეგ ოჯახი მუდმივად საუბრობდა არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა არც ერთი დაზიანება თავისი ხარისხით მძიმე არ არის. „ამიტომ ვიძახდით, რომ მძიმე მოტეხილობა, შემავალი ჭრილობა, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა არ იყო, მაგრამ ის, რომ ზოგადად დაზიანებები იყო, ვიძახდით პირველივე დღიდან, ასე რომ, რასაც ჩვენ ვამბობდით, ცალსახად აბზაც-აბზაც დადასტურდა ყველაფერი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30719537.html
#ახალი_ამბები
#twitter
#გიორგი_შაქარაშვილის_საქმე
0