ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინაპირობები (პავლე მოციქული)

0
ქრისტიანობა პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც ახ. წ. I საუკუნეში იუდაიზმის წიაღში აღმოცენდა. არტეფაქტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ქრისტეს მოძღვრება ახ.წ. I საუკუნეშივე ინტენსიურად ვრცელდებოდა რომის იმპერიაში. რა გახდა ქრისტეს მოძღვრების მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინაპირობა? ახალი აღთქმის მიხედვით, ამას საფუძველი იესოს დაბადებისთანავე ეყრება (სამი მოგვის ამბავი). მაგრამ, ახალი აღთქმიდანვეა ცნობილი, ისიც რომ იესო ქრისტე საკუთარ მოძღვრებას იუდეურ თემებში ქადაგებდა. თავდაპირველად, მისი მიმდევრები ებრაელები იყვნენ, თუმცა, მოციქულების მისიონერული საქმიანობის შეგეგად, ქრისტიანობა თანდათან მთელ ცივილიზებულ სამყაროში გავრცელდა. ახ. წ. I საუკუნეში ქრისტანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის საკითხი საკმაოდ მწვავე და საკამათო იყო. იმპერიის მოსახლეობას, განსაკუთრებით რომის აღმოსავლეთ პროვინციის სირიის მოსახლეობას შორის (სწორედ ანტიოქიაში უწოდეს ქრისტეს მიმდევრებს პირველად ქრისტიანები) იმთავითვე გაისმოდა კითხვები იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ქრისტინობაზე მოქცევა სურდათ ჯერ იუდაიზმი უნდა მიეღოთ და მერე ქრისტეს ჯული, თუ პირდაპირ შეიძლებოდა ახალი მოძღვრების მიმდევრები გამხდარიყვნენ. ებრაელთა უმრავლესობა, თვლიდა, რომ ქრისტეს მოძღვრებას შეიძლებოდა ზიარებოდა მხოლოდ იუდეველი ან იუდაიზმზე მოქცეული ადამიანები. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში ჩანს პავლე მოციქულის განსაკუთრებული როლი.
საფიქრებელია, რომ პავლე მოციქულის გარეშე ქრისტიანობა დარჩებოდა იუდაზმის ერთ-ერთ განშტოებად. მან პირველმა გაიაზრა ქრისტეს მოვლინების არსი სხვა ხალხთან მიმართებაში და ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გამოცხადების კონტურები გამოკვეთა. წმინდა პავლეს პიროვნების შესახებ ძირითადი წყარო ახალი აღთქმაა, კერძოდ, მოციქულთა საქმეები და პავლეს წერილები. მოციქულთა საქმეების ავტორი ლუკა მახარობელი ძალზე სკრუპლუოზურად აღწერს იმ ისტორიულ ფონსა და პროცესებს, რომლებიც თან ახლდა ქრისტიანობის გავრცელებას. მოციქულთა საქმეების მიხედვით პავლეს სავლე ერქვა: „ხოლო სავლე, იგივე პავლე...“. ანთროპონიმი სავლე მომდინარეობს ებრაელთა პირველი მეფის საულის სახელიდან. აგრეთვე ეს სახელი გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბენიამინის ტომში. როგორც ცნობილია, პავლეც საულის მსგავსად ბენიამინის ტომიდან იყო (რომაელთა მიმართ, 11:1). მის განსწავლულობაზე მეტყველებს, აგრეთვე, მოციქულთა საქმეებიდან ერთი პასაჟი: „ ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ჰკითხა ასისთავს: შეიძლება ერთი რამ გითხრა? ხოლო მან უპასუხა: ბერძნული იცი?“(საქ. 22:37). რომაელ ჯარისკაცს არ ეგონა, რომ ჩვეულებრივ ებრაელს შეეძლო ბერძნული სცოდნოდა. ქრისტეს სხვა მოციქულებისგან განსხვავებით, პავლე რომის მოქალაქე იყო. რომის მოქალაქეობის მოპოვება კი იმ პერიოდში ადვილი არ იყო. დაპატიმრებული პავლე რომაელ ჯარისკაცს მიმართავს: „რა უფლება გაქვთ რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე? ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ასისთავთან და მოახსენა და უთხრა: რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი. მივიდა ასისთავი და უთხრა მას: მითხარი, რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. ასისთავმა უპასუხა: მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი დაბადებით“(საქ. 22:25-28). რომაელმა ჯარისკაცებმა პავლე მაშინვე გაათავისუფლეს, რადგან მათ რომაული სამართლის მიხედვით, არ ჰქონდათ უფლება რომის მოქალაქე სასამართლოს გარეშე დაესაჯათ. ამრიგად, პავლე როგორც რომის მოქალაქე, დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. მოციქულთა საქმეების მიხედვით, თავდაპირველად სავლე ქრისტიანობის მძაფრ მოწინააღმდეგეთა და მდევნელთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. „სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ“ (საქ. 8:3). დამასკოს გზაზე, როგორც ამას ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, მას ქრისტე გამოეცხადა: „გზად მიმავალს, როცა დამასკოს მიუახლოვდა, უეცრად მოეფინა ნათელი ზეციდან. დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: საულ, საულ რად მდევნი მე?“, ჰკითა: „ ვინ ხარ შენ, უფალო?“ ხოლო უფალმა მიუგო:“ მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი...“ (საქ. 9: 3-5). უფლისგან მოვლენილი განსაცდელის შემდეგ იგი მოინათლა და დაიწყო ქრისტეს მოძღვრების ქადაგება. პავლე ავრცელებდა იესოს, როგორც მესიის რწმენას, რომელიც მოკვდა ადამიანთა ცოდვებისთვის და მკვდრეთით აღდგა. პავლე ამტკიცებდა რომ ეს რწმენა არ იყო მხოლოდ მათთვის ვინც იუდეველად დაბადა. მეტიც ეს რწმენა არც იმ წაარმართებით იყო შეზღუდული, ვინც იუდეველთა რჯულზე იყო გადასული. ქრისტეს მიერ მოტანილი ხსნა, პავლეს მიხედვით, ყველასთვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა ეს იუდეველი თუ ბერძენი. მოციქულთა საქმეები მოგვითხრობს, აგრეთვე, პავლეს მისიონერული მოგზაურობის შესახებ. პირველი მისიონერული მოგზაურობა მოეწყო იერუსალიმის კრებამდე. პავლე და ბარნაბა მცირე აზიის გავლით წავიდნენ კუნძულ კვიპროსზე, სადაც იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. კვიპროსიდან ისინი გაემართნენ ანტიოქიაში, სადაც იუდეველთა წინააღმდეგობას წააწყდნენ: „ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეადან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო“ (საქ. 15:1). პავლეს და ბარნაბას მათთან დიდი უთანხმოება მოუხდათ, ამიტომ გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა და ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება. პირველი ქრისტიანების აბსოლუტური უმრავლესობა ებრაელები იყვნენ, რომლებისთვისაც გაუგებარი იყო პავლეს მტკიცება, რომ შეიძლება გამხდარიყავი ღვთის რჩეული მაშინ, როცა არ იყავი ებრაელი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანები რომლებსაც ქრისტინობაზე მოქცევა სურდათ ჯერ იუდეველები უნდა გამხდარიყვნენ. აღსანიშნავია, რომ იუდაიზმზე მოქცევის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა წინადაცვეთის რიტუალის ჩატარება იყო. ეს კი მიუღებელი იყო წარმართებისთვის. პავლე სხვა მოციქულებს ახსენებდა, რომ თუ იგი ბერძნებთან და რომაელებთან წინადაცვეთაზე დაიწყებდა საუბარს ისინი არც კი მოუსმენდნენ და ქადაგებას ვერ მოახერხებდა. სწორედ ამ უთანხმოების დასაძლევად ახ.წ. 51 წელს ქრისტეს მოციქულები შეიკრიბნენ კრებაზე იერუსალმში.
პავლე მოციქული კრებაზე იცავდა იმ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა დამოუკიდებელ რელიგიას წარმოადგენდა და ამ მოძღვრების ზიარება იუდეველების გარდა წარმართებსაც შეეძლოთ. ამასთან იგი აცხადებდა რომ ქრისტიანულ რელიგია შეეძლო ზიარებოდა ყველა მოდგმისა და რანგის ადამიანი, „სადაც არ არის არც ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლაელთა მიმართ, 3: 11). პავლეს ეს მოსაზრება ერთგვარად ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინპირობად იქცა. პავლეს შეხედულებებს უპირსპირდებოდა იერუსალიმის ეკლესიის მოძღვარი, მაცხოვრის ხორციელი ძმა, იაკობი. უხუცესთა და მღვდელმთავართა უმრავლესობა თვლიდა, რომ მხოლოდ წინადაცვეთილებს შეეძლოთ მიეღოთ ქრისტიანობა, ამიტომ ისინი წარმართებიგან მოსეს წესით წინადაცვეთას და რჯულის დაცვას მოითხოვდნენ. მიუხედავად მძაფრი წინააღმდეგობისა, პავლეს შეხედულებამ გაიმარჯვა და სწორედ ის გახდა მომავალი ქრისტიანობის გზის მაჩვენებელი. პავლე მოციქული დიდ როლს ანიჭებდა წარმართებში ქრისტიანობის ქადაგებას. მის სახელს უკავშირდება პირველი არაებრაელი ქრისტიანების (ლიდია თეატირიდან, რომაელი კორნელიოსი, ფილოლოგოსი) გამოჩენა რომის იმპერიაში. იერუსალიმის კრების შემდეგ პავლემ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ქადაგება წარმართებს შორის. მისი მეორე მისიონერული მოგაზურობა უფრო მასშტაბური იყო და მოიცვა მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა. მან თავის ახალ თანამგზავრებთან, ტიმოთესა და სილასთან ერთად, მოიარა სამხრეთ-დასავლეთ მცირე აზიის, საბერძნეთისა და მაკედონიის ქალაქები ისეთები, როგორიცაა ლისტრა, თესალონიკი, ფილიპე, ბერეა, ათენი და კორინთო.
მისიონერული მოგზაურობის დასასრულს პავლე იერუსალიმში ბრუნდება, სადაც მას იუდეველები სოლომონის ტაძარში ბერძნების შეყვანას დააბრალებენ და მის მოკვლას განიზრახავენ (საქ. 21:28-31). თუმცა, პავლეს სიკვდილით დასჯა მათ არ შეეძლოთ, რადგან იგი რომის მოქალაქე იყო. იუდეველებისგან დევნილმა პავლემ კეისრის სამსჯავრო მოითხოვა და ამ მიზნით იგი რომაელმა ჯარისკაცებმა რომში ჩაიყვანეს, სადაც ორი წლის განმავლობაში ქრისტეს რჯულს ქადგებდა. რომში იმპერატორ ნერონის ბრძანებით მას თავი მოკვეთეს. აღსანიშნავია, რომ სიკვდილის დასჯის ეს ფორმა რომში ყველაზე მსუბუქად ითვლებოდა და განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ რომის მოქალაქეებისთვის. ამრიგად, პავლე მოციქულს უდუდესი როლი მიუძღვის ქრისტიანული რელიგიის ფორმირებაში. მან პირველმა გაიაზრა ქრისტეს მოვლინების არსი კაცობრიობის წინაშე. მისმა დასაბუთებულმა მოსაზრებებმა განამტკიცა და ვიწრო იუდაისტური შხედულებებისაგან განათვავისუფლა ქრისტეს მოძღვრება. წმინდა პავლემ პირველმა გააცნობიერა მაცხოვრის უნივერსალურობა და დაუმტკიცა ებრაელებს, რომ მესია დედამიწას არა მხოლოდ ებრაელების, არამედ მთელი კაცობრიობის ხსნისთვის მოევლინა. გამოყენებული ლიტერატურა: მშვილდაძე მ., „რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ.წ I-III სს.“, ენა და კულტურა 2005 მშვილდაძე მ. „ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო“, თსუ 2017 ახალი ღთქმა და ფსალმუნები, სტოკჰოლმი: ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი 1991
#მეცნიერება
#feedcgrant
Feedc
0