შავიდან თეთრამდე არც ისე შორია

0
კარი გაიღო და დაიხურა. ნაბიჯების ხმის გაგონებას ველოდი, თუმცა, ერთადერთი, რაც გავიგონე საათის ისრის წიკწიკი იყო. ეს ხმა ნელ-ნელა შენელდა. უეცრად მისი გაჩუმების შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგ. რამდენიმე წუთში საათის გაუთავებელი წიკწიკი ძლიერმა ხმამ ჩაანაცვლა, - პასუხი მზადაა, მზადაა... ეს იყო უფრო მტკიცე, ჰაეროვანი, მელოდიური ხმა. "ფრთები"- ვიფიქრე მე. ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. სუნთქვა შევიკავე და გავირინდე. შემდეგ თითქოს უკან დაბრუნდა. ხმა უფრო გაძლიერდა... ჩემს არსებობსაში თითქოს სპირალისებრი ფორმით ჩაიღვარა რაღაც სითხე. მეგონა საკუთარი სიღრმეებისკენ მივექანებოდი. ეს იყო ძალიან ბნელი ადგილი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. გამარჯვებაზე ფიქრს ზოგჯერ ძალა ეკარგებოდა, მაგრამ იმედი ბოლომდე არასდროს არ დამიკარგავს. აი, მაინც დამადგა საშველი და ჩემთანაც გამოანათა მზემ, მეც გამითბო ძვალ-ხორცი. ხელახლა დავიბადე! რაღაც უჩვეულოს ვგრძნობ. მონატრებულს... ფერთა პალიტრა მხოლოდ ბნელი ფერებით სავსე როდია. იქ სადაც შავია , თეთრიც აუცილებლად იარსებებს. ყოველ ტკივილს მოსდევს ბედნიერება, ეს ხომ ცხოვრების დაუწერელი კანონია. ხომ გაგიგია, - დარაბებს მიღმა გაზაფხულიაო. კი, ნამდვიალდ ასეა. ბნელი პალატის მიღმა სუსხიანი ზაფხული მელოდებოდა და მოვუსწარი, ისიც დამელოდა - მეც არ დავაყოვნე... დღეს , ამდენი ხმის შემდეგ პირველად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. თავი ჩიტი მგონია, უბრალოდ ფრთები არა მაქვს რომ ცაში ვინავარდო. მე გამარჯვება ვისწავლე , და აწი რაც არ უნდა მოხდეს - ვერავინ და ვერაფერი ვერ დამამარცხებს.
აი ასე ემოციურად მომიყვა იმ ქარიშხლიან დღეებზე, რომლისთვისაც კოვიდმა გაიმეტა. ვუსმენდი და ჟრუანტელი მივლიდა ძვალსა და რბილში. ცრემლს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა ვიკავებ, მკითხველო. მან კი ასე მითხრა, - ყველა ბნელს უწერია გამონათებაო. ვეთანხმები, გამონათება უწერია, გამოდარება.. და მაინც, გამოიდარა..! სახლში მოვიდა თუ არა ტირილი დაიწყო. ყველაფერი ეუცხოვა გარდა ემოციისა, რომელმაც მოგონებები გაახსენა. სიხარული, სიყვარული და ამაღელვებელი ტაში შეიგრძნო. ის, რაც ასე ძალიან მონატრებოდა. ტელევიზორის ჩართვას მედიკოსების ინტერვიუც დაემთხვა. სრული სიგიჟე იყო. ყველა სამაუწყებლო არხი სასიხარულო ნიუსს ავრცელებდა. "დღეს ბოლო პაციენტიც გაიწერა ბინაზე, ინფიცირებულთა რაოდენობა განულებულია. არც საკარანტინო ზონაში გვყავს მოქალაქეები. ჩვენ ეს შევძელით! ვირუსის გავრცელების საფრთხე ნულამდე დავიდა. დიახ, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება მოგვილოცავს! საქართველომ გაიმარჯვა მსოფლიოსთან ერთად და პირიქით..! " მადლიანი სიტყვები ახლაც ჰანგებად ჩაგვესმის. გაიხსნა ყველა სახის მიმოსვლა. საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო... ჩვენი ქვეყანა ისევ უმასპინძლებს ვიზიტორებს.
დიახ, მადლიან ღიმილს ვაჩუქებთ ერთმანეთს. ისე, რომ პირბადე არ დაგვიფარავს ემოციას.
გათენდა, ცა ვარდისფერ მარმარილოს დაემსგავსა. ჩვენ კი ზეიმისკენ მიმავალი ადამიანების გუნდს შევუერთდით. ხალხი ქუჩის მიტოვებას არ აპირებდა, რა თქმა უნდა. ტროტუარებს ასობით ადგილობრივი და ჩამოსული მოსდებოდა. მოჩანდა წითელი, ყვითელი, ლურჯი შლაპები, სახელმწიფო დროშები. ეროვნული ჰიმნის ხმა გაისმოდა ქალაქის ყოველ წერტილში. ბედნიერების ერთობ სასიხარულო ზარმა ჩამოჰკრა.
ლუდით გაბერილ მასხარებს ხელი ქუჩის ბავშვებისთვის ჩაეჭიდათ, მათთან ერთად ირწეოდნენ და ტრიალებდნენ სევდანარევი სენტიმენტების ტალღაზე. მიწისქვეშა გადასასვლელებიც სავსე იყო და ქუჩებიც. სახემოხატული ბავშვები მზესავით ანათებდნენ და ლაღი ღიმილით სიყვარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. ქალაქი სიცოცხლეს ზეიმობდა, ხალხი კი გადარჩენას. ტრადიცია კვლად აღდგა, დროება ვერ მოერია. მამა-პაპური მისალმება მხოლოდ დადებითი ენერგიის გადამტანი გახდა.
თვეების განმავლობაში ჩარაზულმა პლანეტის თითოეულმა კუნჭულმა მზის სხივების გემო შეიგრძო და იმ ვარდისფერ დღეს მგონია, რომ ყველამ ტკბილად დაიძინა. და ბოლოს, დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი, რადგან არ ვიცით როდის შემობრუნდება ბედის ჩარხი და როდის ვიგემებთ აღმავლის შემდეგ დაღმავლის გემოს. მან კი ასე მითხრა, - მე ყოველ წუთს გავუფრთხილდები, რადგან კარანტინმა ეს მასწავლა და გირჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. და როგორც ვიცი - რჩევას გათვალისწინება უყვარს...
#feedcgrant
#feedc
#feedcgrantproject
#stopcovid19
#travel
#tourism
#georgia
#literature
#emotions
#read
Georgia
Feedc
Feedc Community საქართველო
#ბიზნესი
#კულინარია
#ჯანსაღიცხოვრება
#სპორტი
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0