ვინ იყო აგრაფინა კისკისა?

0
აგრაფინა ჯაფარიძე 1855 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. ის თავად ჯაფარიძეთა იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც ზემო რაჭაში სოფელ ონჭევში სახლობდა. აგრაფინას დედ-მამას კონსტანტინეს და მელანიას (ისიც ჯაფარიძე იყო) კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. კონსტანტინე 1860 ნელს 26 წლისა გარდაიცვალა და მელანია ქალიშვილებთან ერთად გადასახლდა ქუთაისში. აქ ის 1864 ხლის 2 ნოემბერს მეორედ გათხოვდა დაქვრივებულ აზნაურ გიორგი იოსელიანზე. აგრაფინა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს, სადაც, სხვათა შორის, სწავლობდა ნიკო ნიკოლამის დასთან, ოლიმპიადასთან ერთად. 21 ნლის აგრაფინა გათხოვდა თავად ტარიელ დადიანზე, რომელსაც პირველი ცოლი სოფიო შარვაშიძე გარდაცვლოდა და 4 შვილს ზრდიდა. აგრაფინას ბედი ძირეულად შეიცვალა 80-იანი წლების დამდეგს. ამ დროს ქუთაისში დაბანაკდა ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი ფლიგელ-ადიუტანტის პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის მეთაურობით (1881-1887 წწ.), უცოლო პრინცი ოლდენბურგი ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ქალით დაინტერესდა. ქუთაისში მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძით. მაგრამ აგრაფინა ქმრიანი ქალი იყო. ამბობენ, რომ აგრაფინას მიმართ ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულმა თავადმა ტარიელ დადიანმა ხმალს ივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს - ძვირად დაგიჯდებაო. იმასაც ამბობენ, თითქოსდა ნარდში, ანდა ბანქოში წააგო ფული ტარიელმა და, ვალის გადახდის სანაცვლოდ, ოლდენბურგმა აგრაფინასთან განშორება მოსთხოვა. სხვა ვერსიით, დადიანი დიდხანს უარზე იყო, ვიდრე თავის თავზე არ აიღო განქორწინებისთვის საჭირო ბრალი და სათანადო კომპენსაციაც მიიღოო. მაგრამ ჭეშმარიტება მაშინაც კი არავინ იცოდა, ეს ყველაფერი ჭორები იყო და თანამედროვენიც ამ ჭორებს მოგვითხრობდნენ, ერთი დეტალის - მილიონი ოქროს თუმნის გარდა. დადიანი საბოლოოდ დათანხმდა, გაშორებოდა ცოლს. ახლად დაბადებული ქალიშვილი მენიკი დადიანებმა წაიყვანეს და მერე, დედასთან მისი ურთიერთობის შესახებ არაფერია ცნობილი. ქუთაისელი კნიაჟნები მზად იყვნენ "ერთ კოვზ წყალში ჩაეხრჩოთ აგრაფინა”(ე. თავბერიმე ), რომელმაც მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა და გულისტკივილს მხოლოდ იმით იქარვებდნენ, რომ სალონებში გიტარაზე აკვნესებდნენ: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო." პრინცმა ოლდენბურგმა და აგრაფინა ჯაფარიძემ 1882 წლის 20 ოქტომბერს დაიწერეს ჯვარი. ამ ქორწინებით უკმაყოფილო დარჩა ნიკოლოზ II და რუსეთის საიმპერატორო კარი. მაგრამ, როცა პეტერბურგში კონსტანტინემ თავის მეუღლე წარუდგინა იმპერატორს, ნიკოლოზი აღფრთოვანებული დარჩა მისი მშვენიერებით. ქორწინებამ შეცვალა კონსტანტინე ოლდენბურგი, ის დასერიოზულდა და ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ქუთაისში ბალახოვანის (ამჟამად წერეთლის) ქუჩაზე მან იყიდა დიდი ფართობი და გახსნა კონიაკისა და შამპანურის ქარხანა, გამოიწერა ფრანგი მეღვინეები და საქმე კარგად ააწყო. ქარხანა დიდძალ შამპანურსა და კონიაკს ამზადებდა საექსპორტოდ. ქუთაისში ცოლ-ქმარი 14 წელი ცხოვრობდა ოლდენბურგის მიერ აშენებულ ორსართულიან ეზოიან სახლში ანგლისკაიას ქუჩაზე, რომელსაც, მის პატივსაცემად, ოლდენბურგის სახელი ეწოდა (ახლანდელი ტაბიძის ქუჩა, №20). ჩვენს დროში იქ ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განთავსდა. იქვე ახლოს (№27) მან ააგო ადმინისტრაციული შენობაც, რომელშიც, ქუთაისის დატოვების შემდეგ, ჩერდებოდნენ ქუთაისის გუბერნატორები. მოგვიანებით იქ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიდო ბინა. გოჩა ჯაფარიძე - , , ჩვენი მწერლობა" ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
news
opinion
პიროვნება
kutaisidaily
0