ნიკა გვარამია ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ინფორმაციის წყარო არ გაამხილა

0
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს არ გაამხილა, ვინ არის მისი წყარო. ამის შესახებ მან თითქმის 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. "მე არ გავამხილე წყარო, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მე ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის. მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრა. ვეუბნებოდი, რომ ფაქტი რომ მცოდნოდა, ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში და გადმოვცემდი როგორც ფაქტს", - თქვა გვარამიამ. მისივე განცხადებით, მან გამოკითხვის დროს თქვა, რომ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" შაქარაშვილის მკვლელობის საქმის "ჩაფარცხვაში" მონაწილეობდა. ბილანიშვილის მიმართ გვარამიას ბრალდებების გამო ის უკვე იყო გამოკითხვაზე დაბარებული. ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე კრიმინალურმა პოლიციამ დაიბარა, რადგან მან უარი თქვა უწყებაში მისვლაზე. გამოკითხვაზე მისულმა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ აინტერესებთ, ვინ არის გვარამიას ინფორმაციის წყარო. "ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, საიდან იყო ინფორმაცია მიღებული და რამდენად გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა - არა", - თქვა მან გვარამიას გამოკითხვის დაწყებამდე. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30721079.html
#ახალი_ამბები
#twitter
0