გილოცავთ პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს (პეტრე-პავლობას)

0
12 ივლისს (ძვ. სტ. 29 ივნისს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთა თავთა - პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს.
წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“. ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით - პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე. ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ. კონდაკი: მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
0