რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

0
საქართველოში დღეიდან, 13 ივლისიდან მოიხსნება ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მთავრობის 9 ივლისის სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ზაფხულში, როცა შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. , , მე ვფიქრობ, რომ ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან, გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, – განაცხადა. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით. გარდა ამისა, დღეიდან იხსნება შეზღუდვა ზოგიერთ პირდაპირ რეგულარულ რეისზე. დადგენილების თანახმად დასაშვებია თბილისი-მიუნხენი, თბილისი-პარიზის და თბილისი-რიგის მიმართულებით, რეგულარული რეისები. „გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები გახდა. ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეში. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა. ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გახსნა. საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.
0