სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით მსხვილმასშტაბიანი შეტაკებები განხორციელდა

0
აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა ერთმანეთი, მათ შორის არსებულ საზღვარზე, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თოვუზის/თავუშის რეგიონის მიმართულებით, სომხური პოზიციებიდან განხორციელებულ შეტევებს, 13 ივლისის მოცემულობით 4 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ „კონტრშეტევით“ უპასუხა. იმავდროულად, სომხეთის თავდაცვის უწყების სპიკერმა შუშან სტეფანიანმა ოფიციალური ბაქო არტილერიის გამოყენებაში დაადანაშაულა, რომლის მიზანს, სომხური პოზიციების დაკავება წარმოადგენდა. საქართველოს უშუალო ორი მეზობელი სახელმწიფო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო უკვე სამი ათწლეულია კონფლიქტშია ჩართული. 12 ივლისს მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ კუთხითაც იმსახურებს, რომ მხარეთა შორის შეტაკება მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარეთ, სომხეთ-აზერბაიჯანის უშუალო საზღვარზე მოხდა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ზემოხსენებულ დაპირისპირებამდე, 7 ივლისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკასთან ახალი ომის შესაძლებლობა არ გამორიცხა და ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა გააკრიტიკა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, შეტაკებების შედეგად დანაკარგები ორივე მხარემ განიცადა. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის შუშან სტეფანიანის განცხადებით, მათ მხარეს არავინ დაღუპულა, ხოლო მომხდარში ბრალი აზერბაიჯანს დააკისრა. „ჩვენთვის დაუდგენელი მიზეზებით, თოვუზის/თავუშის მიმართულებით, აზერბაიჯანელი სამხედროები UAZ-ის ტიპის ავტომობილით, სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევას შეეცადნენ. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მიატოვეს ავტომობილი და საკუთარი პოზიციებისკენ დაბრუნდნენ. აღნიშნულს აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა სომხეთის თავდაცვითი პუნქტის მიმართულებით, მაგრამ განხორციელებული ცეცხლის მოგერიება მოხდა“, - განაცხადა სტეფანიანმა.

ბრალდებები სოფლის დაბომბვაზე

მოგვიანებით სტეფანიანმა აღნიშნა, რომ 13 ივლისის გამთენიისას, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებით და ტანკებით განაახლეს ცეცხლი. საპასუხოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხური მხარე, თოვუზის/თავუშის რაიონში (სომხეთის საზღვრის მახლობლად) მდებარე სოფელ აგდამის, 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებით თავდასხმაში დაადანაშაულა. აღნიშნული სტეფანიანმა უარყო და თქვა, რომ ისინი აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით არ ისვრიან, არამედ, ჭურვები მხოლოდ აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური საშუალებების მისამართით ისროლეს. სოფელ აგდამის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბრიტანული BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურს აცნობეს, რომ დასახლებულ პუნქტში პანიკა დაიწყო. „მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლა დაიწყო. სოფლის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და დასახლებულ პუნქტში საერთო მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო“, - აღნიშნა ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჰისმათ მამედოვმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საარტილერიო, სატანკო და ნაღმმტყორცნების გამოყენებით, მათმა დანაყოფებმა მოწინააღმდეგის გამაგრებული პუნქტი, არტილერია, ავტომობილები და პირადი შემადგენლობა გაანადგურეს, მაგრამ სომხური მხარე, აღნიშნულ ინფორმაციას მალავს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარი შეტაკებების შედეგად, სომხური მხრიდან პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიღო დაზიანებები.

დაუსრულებელი კონფლიქტი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ძირითადად ეთნიკურად სომხებით დასახლებულმა ავტონომიურმა რეგიონმა, აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის შესახებ განაცხადა. 1994 წელს, კრემლის შუამავლობით საომარი მოქმედებების შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლითაც აქტიური ბრძოლები დასრულდა, მაგრამ მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე ტერიტორიები, სომხეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩა. 6 წლის მანძილზე მიმდინარე ომს დაახლოებით 30 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2009 წელს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესში სამშვიდობო შეთანხმება ჩიხში შევიდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #border #clash #conflict #Karabakh #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0