აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?

0
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი “თვითშემოქმედების” გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა (“აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო “ღონისძიებას” წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა. “დათბობის” პოსტსტალინისტური პერიოდი საქართველოში აღინიშნა ანტიქართული გამოხდომების თანხლებით მიმდინარე სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით ქ. თბილისში მოწყობილი მშვიდობიანი ახალგაზრდული მანიფესტაციის რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი და უმოწყალო დახვრეტით. მანიფესტაციაზე დრო და დრო გაისმოდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც. იმ პერიოდში რესპუბლიკაში მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ.). კრემლმა გააძლიერა ზეწოლა თბილისზე, დაადანაშაულა რა რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაცია შოვინიზმის გამოვლინებაში, აფხაზების, ოსებისა და სომხების ასიმილაციის მცდელობაში (იხ. სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956წ. 10 ივლისის დადგენილება). ეს ბრალდება გახდა თავისებური ნიშანი სეპარატისტებისთვის. ეჭვსგარეშეა, რომ აფხაზეთში სწორედ კრემლმა ერთი ხელით მოახდინა 1957, 1967 და 1977 წლების ანტიქართული გამოსვლების პროვოცირება, თუმცა საბაბად ერთ შემთხვევაში გამოიყენეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი ისტორიული შრომების გამოცემა თბილისში (1957 და 1967წწ.), სხვა შემთხვევაში – საქართველოსა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციების მიღება (1977წ.); მეორე ხელით კრემლი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტების ისეთნაირად “მოგვარებას” (განსაკუთრებით სეპარატისტთა სასარგებლო საკადრო გადაადგილებების განხორციელებით), რათა შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი ნიადაგი შემდგომში საჭირო დროს ახალი მასშტაბური გამოსვლებისთვის. ასეთი დრო XXს. 80-იანი წლების ბოლოს დადგა, როცა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა ძირფესვიანად შეარყიეს საბჭოთა იმპერია, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოდიოდა. დემორალიზებული და დეზორგანიზებული კრემლი შეეცადა, მაგრამ ვერ მახერხა მისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა 1989წ. 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა. ბევრი ვერაფერი მისცეს იმპერიულ ცენტრს ანტიქართულმა გამოსვლებმა აფხაზეთში 1989წ. ივლისში. კრემლის ხრიკების მიუხედავად, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რასაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოჰყვა. რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმში. აფხაზეთში იგი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. სასურველი შედეგის მისაღებად, გალის რაიონი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობის 20% ცხოვრობდა (დიდი უმრავლესობა ქართველები), მოსკოვის მითითებით, არჩევნებიდან მოხსნეს საარჩევნო უბნების ვითომ “მოუმზადებლობის” მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, აფხაზურ საარჩევნო უბნებში სსრ კავშირის შენარჩუნების მომხრეთა ხმების რაოდენობამ კურიოზული მაჩვენებელი შეადგინა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 120% (?!). ამ გზით სეპარატისტებმა ძლივს დააფიქსირეს 50 პროცენტზე ოდნავ მეტი, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი აფხაზეთში ჩაიშალა. იმავდროულად, 1991წ. 31 მარტს აფხაზეთში დიდი წარმატებით ჩატარდა სხვა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. არძინბას მეთაურობით გადაწყვიტა თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ჩატარებას. იმ კონკრეტულ ვითარებაში ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბლოკი `სოიუზი~ (სსრ კავშირის მომხრეები) რეფერენდუმში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175 კაცი) 61, 27% მონაწილეობდა, ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ქართული მოსახლეობა (45%). რეფერენდუმში მონაწილეთა 97, 73% (ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%) ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (დამოუკიდებლობის აღდგენა 1991წ. 9 აპრილს გამოცხადდა). ანალოგიურ ვითარებაში ჩატარდა და დაახლოებით იგივე მაჩვენებლებით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (1991წ. 26 მაისი). აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის საგანგებოდ ფრთხილი, მშვიდობიანი და კომპრომისული პოლიტიკის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა 1991წ. ზაფხულში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი, შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში გადანაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს – 26, სხვა ეროვნებებს – 11. მანდატები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ მთავრობის დანიშვნაც კი, ვინაიდან მინისტრის დამტკიცებას ასევე კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ისე მთავარი თანამდებობებიც. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზი უნდა არჩეულიყო, მის პირველ მოადგილედ-ქართველი; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ქართველი ინიშნებოდა, პირველ მოადგილედ – აფხაზი. განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციაში ტერმინი “საქართველოს სსრ” შიცვალა ტერმინით “საქართველოს რესპუბლიკა”. ეს იყო სერიოზული კომპრომისი, ვინაიდან აფხაზეთი კონსტიტუციურად ადასტურებდა, რომ ის ადრე იყო საქართველოს სსრ ნაწილი, მაგრამ ამიერიდან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. იმისათვის, რათა სათანადოდ შეფასდეს ამ კონსტიტუციური ცვლილების მნიშვნელობა, საჭიროა გავიხსენოთ სეპარატისტთა მიერ ატაცებული კრემლის უცნაური ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი, მისი კონსტიტუციის მიხედვით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სსრ ნაწილს წარმოადგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკის. განხორცილებული ცვლილებით, მსგავს ინსინუაციებს ბოლო მოეღო. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ასევე დამატება, რომ კანონი აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ ძალაში შედიოდა საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (მუხლი 98). თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. 1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72, 7 პროცენტით, ანუ 3, 7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82, 2% ანუ 5, 64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3, 5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში). ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით. სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის `აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე “ისტორიული სამართლიანობის” ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს. შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ “ისტორიული არგუმენტების” უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა. შეადგინა ჯ. გამახარიამ. მოწონებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0