გალ გადოტი: „თუ ფაქტებზე ვსაუბრობთ, კლეოპატრა მაკედონიელი იყო“

0
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და მოდელი, გალ გადოტი კლეოპატრას როლზე დაამტკიცეს. ამ დრომდე, კინოინდუსტრიაში, გადოტის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად Wonder Woman-ის როლი მიიჩნეოდა. სიმბოლურია, რომ კლეოპატრას შესახებ ისტორიულ დრამასაც, სწორედ “ქალი საოცრებას” რეჟიროსი პატი ჯენკინსი გადაიღებს.
აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაყურებელი ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე საკულტო ქალის შესახებ გადაღებულ ფილმს იხილავს. 1963 წელს, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის როლში ლეგენდარული ელიზაბეთ ტეილორი მოგვევლინა. რაც შეეხება ახალ ეკრანიზაციას, მასზე კინოსტუდია Paramount Pictures იმუშავებს. მსგავსი ისტორიული ფილმების მიმართ, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მსახიობთა შემადგენლობა. დღესდღეობით წარმოუდგენელიც კია ახალი კინოსურათის ანონსმა აზრთა სხვადასხვაობა არ გამოიწვიოს, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის რასა, წარმომავლობა, რელიგია და ა.შ. არც „კლეოპატრას“ ახალი ვერსიაა გამონაკლისი. გალ გადოთის როლზე დამტკიცების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა მოსაზრება, რომ ეგვიპტელი დედოფლის როლზე თეთრკანიანი მსახიობის შერჩევა მორიგი “Whitewashing” მოვლენაა. “Whitewashing” - ტერმინს იყენებენ მაშინ, როდესაც ისტორიულად ფერადკანიანი პიროვნების როლზე თეთრკანიანი მსახიობი გვევლინება.
BBC Arabic -ის ახალ ინტერვიუში, ჟურნალისტმა მსახიობს სწორედ ამ საკითხზე დაუსვა შეკითხვა. გალ გადოტმა განაცხადა, რომ კლეოპატრა წარმოშობით მაკედონიელი იყო. ძველი მაკედონიელები კი, ბერძნული წარმოშობის ტომს ეკუთვნიან. ბერძნული ტომები თეთრკანიან რასას წარმოადგენდნენ.
“პირველ რიგში, თუ ჭეშმარიტი ფაქტებით საუბარი გვსურს, კლეოპატრა მაკედონიელი იყო. ჩვენ ვეძებდით მსახიობს მაკედონიიდან, ვინც მოერგებოდა კლეოპატრას როლს, მაგრამ ასეთი არავინ იყო. მე ძალიან აღელვებული ვარ, რომ ამ როლს მე შევასრულებ.“ - გალ გადოტი. გადაღებების დაწყების და პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კინოსურათის მიმართ ინტერესი უკვე შესამჩნევია.
0