25 წლის ვიყავი, როდესაც ქუთაისის თეატრის მთავარ რეჟისორად დავინიშნე - გიგა ლორთქიფანიძის ქუთაისი

0
რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ კარიერა ქუთაისში დაიწყო. აი, როგორ იხსნებს ის ამ ქალაქს: „სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი - 25 წლის, როდესაც ქუთაისის მთავარ რეჟისორად დავინიშნე. უზარმაზარი ტრადიციების თეატრი იყო, სადაც ჩემამდე ქართული თეატრის დიდოსტატი ვასო ყუშიტაშვილი მუშაობდა. შალვა დადიანი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და ქუთაისში თეატრალურ საზოგადოებასთან ერთად ჩამოვიდა. გაიმართა სუფრა და... არასოდეს დამავიწყდება მისი თამადობა - ეს იყო თეატრის, ხელოვნების შეფასება. ყოველი სადღეგრძელო მისი შემოქმედების ანალიზი იყო. გასაგიჟებელი, გასაოცარი თამადა გახლდათ. ჩვენ მაგრად დავთვერით, რადგან შალვა დადიანს იმ ასაკშიც კი ღვინის სმაში ვერ შეეჯიბრებოდი. ბოლოს, რომ დამთავრდა ქეიფი, მოითხოვა, ახლა მოიყვანეთ ფაეტონი და არღანიო. ამ ხნის კაცმა. იმ დროს აღარ იყო ფაეტონი და არღანი ქუთაისში, მაგრამ იპოლიტე ხვიჩია (მაშინ ის ქუთაისის თეატრში მუშაობდა) გავარდა, იშოვა ძველი ფაეტონი, არღანი და მოიყვანა. გვარად მელია იყო, ვიღაც ძველი მეფაეტონე. შალვა დაჯდა მეფაეტონის გვერდით და ასე წავედით ქალაქგარეთ რესტორანში. ხალხი გამოსული იყო ქუჩაში და უყურებდა, როგორ იჯდა ეს ლეგენდარული ადამიანი ფაეტონზე. ატრიალებდა არღანს და ქეიფობდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რა არის ქეიფი. ეს არის დროსტარების უბრწყინვალესი ტრადიცია, ადამიანური საუკეთესო თვისებების გამოვლენა. თავ-პირის მტვრევა კი არა, როგორც ხშირად ხდება დღეს“., - იხნესებს ლორთქიფანიძე ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com მოგონებაქუთაისზე ქუთაისისისტორია
kutaisidaily
0