🌓მთვარის მეოთხე ფაზა 🌓ოცდამესამე დღე, გრიგორიანული კალენდარის 345-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 15-ი დღე.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები:
მთვარის ოცდამესამე დღე, მთვარე 23:46-ზე სასწორს ესტუმრება უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა. დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვინ დაიბადა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გერმანელი კომპოზიტორი
შიო არაგვისპირელი მწერალი, ნოველისტი.
ჯეინ ოსტინ ინგლისელი მწერალი.
არტურ კლარკი ინგლისელი მწერალი
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
ღირსი იოანე მდუმარე - ყოფილი კოლონიელი ეპისკოპოსი დაახლოებით 454 წელს დაიბადა სომხეთის ნიკოპოლში, მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში. ყმაწვილმა ადრევე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ქალაქ კოლონის მკვიდრთა თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა ოცდარვა წლის იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა.
იოანეს ეპისკოპოსობის მეათე წელს სომხეთის მმართველად დაადგინეს ბაზინიკი - მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა სასულიერო და საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.
საერთო შფოთითა და ბრძოლებით დამწუხრებულმა ნეტარმა მწყემსმთავარმა ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანე, რომელმაც დამალა თავისი ხარისხი, სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმიდა იღუმენის, საბას (ხს. 5 დეკემბერს) კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის (494-517) გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმიდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა, უფალმა კი მალე მისი საიდუმლო წმიდა საბასაც გაუცხადა.
ამის შემდეგ წმიდანმა ისურვა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა თავისი ღვაწლი, ლავრა დატოვა და უდაბნოს მიაშურა, სადაც ცხრა წელი ცხოვრობდა და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდა. ღირსი მამა სასწაულებრივ გადაურჩა სარკინოზთა გამანადგურებელ შემოსევას: უფალმა მას მცველად ლომი მოუვლინა. ღმერთმა სავანის ყველა ბერს სასწაულებრივ გაუცხადა, რომ წმიდა მოსაგრე ეპისკოპოსი იყო.
იოანეს სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, წმიდა იღუმენი საბა განწმენდილი გარდაიცვალა. მღვდელმთავარი საშინლად დამწუხრდა. მაშინ სასუფეველში ამაღლებული ნეტარი საბა საღვთო ჩვენებით წარდგა განდეგილის წინაშე, ნუგეში სცა და უწინასწარმეტყველა, რომ ერესთან შეურიგებელი ბრძოლა ელოდა წინ. მართლაც, მალე იოანე იძულებული გახდა, დაყუდებიდან გამოსულიყო, რომ ძმები ორიგენეს ბილწ მწვალებლობასთან ბრძოლაში განემტკიცებინა.
ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (მას ეკლესია წელიწადში კიდევ ორჯერ იხსენიებს: 30 მარტს და 7 დეკემბერს).
დღის საკითხავი:
“ერთი კაცის სტილი არ უნდა იყოს სხვისი წესი.”
არტურ კლარკი
“დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისაკენ, ახალი ხალხების დაპყრობისაკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი დაპყრობისათვის, ჟლეტისა და ნადგურის-ცემისათვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ წინასწარ გულში სიძულვილი არ ჩაუთესა. დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია… პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული… სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული – უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი – მამულიშვილია, პატრიოტია.”
ჭაბუა ამირეჯიბი
ბედნიერ დღეებს გისურვებთ💖💖💖