0
ვინ არის ვალერიან გვილია, ანუ პოლონეთის ჩემპიონატის გაზაფხულის ეტაპის აღმოჩენაზე, – ასე დაასათაურა პოლონურმა გამოცემა „ი-გოლმა“ წერილი, რომელიც ზაბჟეს „გურნიკისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მიუძღვნა. „გვილიამ „გურნიკის“ გულშემატკივრების გულები სწრაფად დაიპყრო, არამხოლოდ თამაშით, არამედ, საქციელებითაც. ვაკო არის უზარმაზარი მონაპოვარი გუნდისთვის და ძნელი წარმოსადგენია, მის გარეშე „გურნიკი“ როგორ ითამაშებდა. ქართველი ნახევარმცველი შვეიცარიიდან ჩამოვიდა, სადაც რთული პერიოდი ჰქონდა – პოლონეთში გვილია სათამაშო პრაქტიკისთვის გადმოვიდა. საბედნიეროდ, მას ზაბჟეს ატმოსფერო მოეწონა და თუ მომავალ სეზონში „გურნიკი“ ლიგაში დარჩება, სავარაუდოდ გუნდი ქართველსაც შეინარჩუნებს“, – წერს პოლონური გამოცემა. „ი-გოლი“ მიიჩნევს, რომ ქართველი პოლონური ლიგის შენაძენია. „ზაბჟეს „გურნიკმა“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგად იმუშავა, რაზეც გვილიას დამატებაც მეტყველებს. მან თავი უკვე გამოიჩინა და იმედია, დარჩენილ პერიოდში კიდევ უფრო უკეთ ათამაშდება“, – წერს გამოცემა. სააგენტოს ინფორმაციით, გვილია კლუბში იურგენ კლოპის ყოფილმა პარტნიორმა მიიყვანა. „ის ზაბჟეში არტურ პლატეკის ჩარევის შედეგად მოხვდა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან გუნდის სპორტის დეპარტამენტის კოორდინატორი და საბჭოს მრჩეველია. პლატეკი ექვსი წლის განმავლობაში იყო „დორტმუნდის“ სელექციონერი და იურგენ კლოპთან („ლივერპულის“ ამჟამინდელ მწვრთნელთან) თანამშრომლობდა. გვილია კლუბში მიიყვანა იმ ადამიანმა, ვინც თავისი საქმე იცის. როდესაც გვილიას დამატების შესაძლებლობა გაჩნდა, „ლუცერნთან“ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყო და ტრანსფერი სწრაფად განხორციელდა. ამით პლატეკმა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა“, – წერს გამოცემა. „ი-გოლი“ ასევე წერს, რა მოხდება ზაფხულში თუ გვილია პოლონურ კლუბში არ დარჩება. „ამის წარმოდგენა რთული იქნება, რადგან გვილია არის ერთ-ერთი კაშკაშა ფიგურა „გურნიკში“, რომელიც საგაზაფხულო ეტაპზე ნაჩვენები თამაშით გვხიბლავს. ვალერიანი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მზად არის, რომ ყველაფერს შესწიროს მიზანს და კარგად გამოჩნდეს. ჩვენ პოლონურ ლიგაში ასეთ მოთამაშეებს უნდა ვაფასებდეთ“, – წერს გამოცემა.
0