დამოკიდებულება გაურკვევლობისადმი - ქსენოფობიის მაგალითები ევროპაში

0
გიირტ ჰოფსტედემ თავის ცნობილ წიგნში „კულტურები და ორგანიზაციები“ კულტურის ერთ-ერთ განზომილებად გამოყო გაურკვევლობისადმი დამოკიდებულება. ეს მახასიათებელი აღნიშნავს იმას, თუ რამდენად ელის საფრთხეს უცნობი ან გაურკვეველი სიტუაციის დროს ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელი, რამდენად ეგუება საზოგადოება მოულოდნელ, არაერთგვაროვან სიტუაციებს - ტოლერანტულია ამგვარი გაურკვევლობისადმი თუ ეუფლება შფოთისა და დისკომფორტის განცდა. საზოგადოებათა ნაწილი ცდილობს გაურკვევლობას თავი აარიდოს, მათთვის მნიშვნელოვანია მკაფიო წესების, წარმოდგენების და ქცევის ნორმების არსებობა. სხვა საზოგადოებებისათვის უფრო მნიშვნელოვანია არა წინასწარ განსაზღვრული წესების, არამედ სიტუაციის მიხედვით მოქმედება. პირველნი ცდილობენ თავი აარიდონ უცნობ და უჩვეულო სიტუაციებს, დაიცვან წესები და რეგულაციები, დაგეგმონ ყველა ნაბიჯი და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოძრაონ წინ, აიცილონ რისკი. მათი დამოკიდებულება მოვლენებისადმი უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური. ასეთ კულტურებში საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობა მკაფიოდ ფორმალიზებულია. საპირისპიროდ, მეორე ტიპის საზოგადოებათა წარმომადგენლები მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ თავს უჩვეულო სიტუაციებსა და ცვალებად გარემოში, ცდილობენ ჰქონდეთ ნაკლები რეგულაციები და წესები - მეტიც, ზედმეტი ფორმალიზება და რეგულაციები მათ დისკომფორტს უქმნით, მიიჩნევენ, რომ ისინი მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციებისათვის უნდა არსებობდეს (მაგალითად, ტრანსპორტის მარჯვენა ან მარცხენამხრივი მოძრაობის დადგენა და სხვ.), ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, არიან უფრო პრაგმატული, საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობა უფრო არაფორმალურია. გაურკვევლობის თავიდან არიდების ორიენტირებულ კულტურებში სიბინძურე და საფრთხე მხოლოდ მატერიალურ საგნებზე არ ვრცელდება. იდეებიც შეიძლება „ბინძურად“და საშიშად ჩაითვალოს. გაურკვევლობის თავიდან აცილების ძლიერი გრძნობა შემდეგ დევიზში ჟღერს: „ის, რაც განსხვავებულია, საშიშია“. საპირისპირო დებულება კი ასეთია: „ის, რაც განსხვა¬ვებულია, საინტერესოა“. ევროპის ქვეყნებიდან გერმანიას, უნგრეთსა და პოლონეთს გაურკვევლობისადმი თავის არიდების მაღალი ინდექსი აქვთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რამაც განაპირობა XX საუკუნეში ამ ქვეყნებში ეთნიკური მიკერძოებულობა და ანტისემიტიზმის მძაფრი გამოვლინება. ეს კი უდავოდ იყო ქსენოფობიის რადიკალური გამოვლინება. ჰოლოკოსტი (ბერძნ. ჰოლოს – „მთელი“, კოსტოს – „დამწვარი“) -
ებრაელთა გენოციდი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიასა და მის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში). ნაცისტური იდეოლოგიის თანახმად, ერთმანეთისაგან უფლებრივად იმიჯნებოდნენ გერმანელები, როგორც უმაღლესი, „არიული რასის“ წარმომადგენლები და ებრაელები, რომლებიც არასრულფასოვან რასად მიიჩნეოდნენ. 1935 წელს ნაცისტურ გერმანიაში შემოიღეს ანტისემიტური (ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული) კანონები, რომლებიც ნიურნბერგის კანონების სახელითაა ცნობილი. ამ კანონებით დადგინდა სქემა, რომლის საფუძველზე უნდა გარკვეულიყო რასობრივი კუთვნილება, უახლოესი წინაპრების ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. „წმინდა“ ებრაელად ითვლებოდა ადამიანი, რომელსაც ორი თაობის წინაპრებიდან სამი ან ოთხი ებრაელი ჰყავდა. ნახევრად ებრაელად მიიჩნეოდა ის, ვინც იუდაიზმის მიმდევარი იყო და შერეულ ქორწინებაში იმყოფებოდა. მათ მიმართ კანონი განსაკუთრებით მკაცრი იყო. გერმანული სისხლის სიწმინდისა და პატივის დაცვისათვის, კანონი კრძალავდა შერეულ ქორწინებას გერმანელებსა და ებრაელებს შორის და ებრაელებს გერმანიის მოქალაქეობას ართმევდა. ებრაელთა უფლებების შეზღუდვა გავრცელდა ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ყველა ქვეყანაში. შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები („სიკვდილის ბანაკები”)
, სადაც „დაბალი რასის” წარმომადგენლების - ებრაელებისა და ბოშების - ფიზიკური განადგურება ხდებოდა. გარდა ამისა, მათზე სხვადასხვა სამედიცინო ექსპერიმენტს ატარებდნენ, იყენებდნენ იძულებითი სამუშაოებისათვის. ისტორიაში არნახული გეგმაზომიერი მასობრივი განადგურების შედეგად, დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანელების მიერ დაწყებული რასისტული პროპაგანდა და ებრაელის „უცხოდ“ და „საშიშად“ აღქმა გაიზიარეს პოლონელებმაც და უნგრელებმაც. ამას მოწმობს ამ ქვეყნებში დატრიალებული მოვლენები. პოლონეთში შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში მილიონობით ებრაელი გამოესალმა სიცოცხლეს უშუალოდ პოლონელების მონაწილეობით. დიმიტრი ასტრახანის ფილმში „ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში“ კარგად ჩანს პოლონეთა დამოკიდებულება გაურკვევლობისადმი. პოლონელები საკუთარი მომავლის გაბუნდოვანებასა და ომის შემდგომ გადარჩენილი ებრაელების მოულოდნელ დაბრუნებას მტრულად შეხვდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა მდგომარეობის გამოსწორება ებრაელების დარბევით სცადა. ანტისემიტური განწყობა კვლავ ძლიერი იყო. უნგრეთში ისრიანი ჯვრის პარტია სასტიკად უსწორდებოდა ებრაელ მოსახლეობას. 1944-45 წლებში ამ პარტიის წევრები ბუდპეშტში ებრაელებს მდინარის პირას ხვრეტდნენ, ფეხსაცმელებს ნაპირზე ატოვინებდნენ, ცხედრებს კი დუნაიში ყრიდნენ. უნგრელები ეთნიკურმა მიკერძოებულობამ მოიცვა. მათ დაკარგეს საღი აზროვნების უნარი. ნაციონალური გრძნობების გამოღვიძებამ უმცირესობების ასიმილირება უარყო და რეპრესიებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ამრიგად, გაურკვევლობის თავიდან არიდებაზე ორიენტირებული ჯგუფები „უცხოს“ საშიშად აღიქვამენ და მათი რეაქცია ხშირ შემთხვევაში უარყოფითია. ნაცისტების რასისტული შეხედულებების პოლონელებისა და უნგრელების მიერ მიღება მხოლოდ იძულებით არ მომხდარა. ამ საზოგადოების წევრები ებრაელებს ბინძურად და თავიანთთვის საშიშად აღიქვამდნენ. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გაურკვევლობის თავიდან არიდების მცდელობა იყო. გამოყენებული ლიტერატურა: გიირტ ჰოფსტედე- კულტურები და ორგანიზაციები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანი, 2011. ჯეფრი ალექსანდერი- „ჰოლოკოსტი- ომის დანაშაულიდან ტრავმულ მოვლენამდე“. დიმიტრი ასტრახანის ფილმი- „ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში“.
#feedcgrant
Feedc
#პოლიტიკა
#მეცნიერება
0