მითოლოგიის წარმოშობის საფუძვლები

0
ვფიქრობ, რომ მითოლოგიის წარმოშობა განაპირობა თავად ადამიანის ადამიანურობამ. ყველაფერმა იმან, რაც ადამიანის ფუნდამენტური თვისებაა. პირველ რიგში, აღსანიშნავია , რომ უძველესი ადამიანი ბუნებასთან და ზოგადად სამყაროსთან უფრო ახლოს იყო , ვიდრე დღევანდელი. მითოლოგიაც ხომ სწორედ უძველესი ადამიანის წარმოდგენებისა და ფიქრების ნაყოფია. ამიტომ, ადამიანი მუდმივად აიგივებდა საკუთარ თავს მის გარემომცველ გარემოსთან . მისთვის საკუთარი თავიც ისეთივე ბუნების ნაწილი იყო , როგორიც მაგალითად ხე ან რომელიმე ცხოველია, ეს გაუცხოვება, რასაც ახლა ვხედავთ, ადამიანსა და ბუნებას შორის , და მისი დამორჩილების სურვილი, დროის გასვლასთან ერთად განვითარდა. ეს მიგვანიშნებს იმაზე , რომ ადამიანი თავიდან სხვანაირი იყო და ახლა სხვანაირია. ამაში ვგულისხმობ ბუნების მიმართ დამოკიდებულების შეცვლასა და ასევე მისი რწმენა -წარმოდგენების გაუფასურებასაც. როგორც უკვე ვთქვი , ადამიანი გრძნობდა, რომ სამყაროს ნაწილი იყო , ამიტომ მას აინტერესებდა ყველაფერი მის გარშემო. სწორედ იმიტომ , რომ ადამიანია , ლოგიკურია მისთვის უნდა არსებულიყო ყველაფრის ახსნა, რადგან ჩვენ დღესაც მუდმივად ვეძებთ უამრავ კითხვაზე პასუხს. ადამიანი არსებაა , რომელიც მუდმივი ძიების პროცესშია , უბრალოდ საძიებელი საკითხები იცვლება ხოლმე . მას აინტერესებდა, რატომ ამოდის მზე , რატომ ჩადის დასავლეთით , რატომ მონაცვლეობს სხვადასხვა სეზონი, რა არის ბუნებრივი მოვლენების მიზეზი , რამ განაპირობა ყველაფრის ისე მოწყობა , როგორც არის მოწყობილი . იმის გამო , რომ პასუხებს იმდროინდელი ადამიანები ვერ მიიღებდნენ , რადგან არ იცოდნენ დედამიწის წრიული ბრუნვის შესახებ , არ იცოდნენ ვარსკვლავების რაობის შესახებ და ა.შ. მათ სჭირდებოდათ პასუხები ქაოსის ცოტათი მაინც ჩასახშობად., მათ უნდა ეპოვნათ ამგვარი ყოფის მიზეზი, ამიტომ ვფიქრობ, მითები სწორედ ადამიანის მიერ საკუთარ კითხვებზე გაცემული პასუხებია. ადამიანს სჭირდება, იცოდეს რატომ არსებობს , როგორ არსებობს , ან როგორ იარსებებს, როცა დიდი დაძინების ქარაფზე ავა, ვინ არსებობს მის გარდა კიდევ სამყაროში და ა.შ. როგორც ვიცით, მითი არის რაიმეს მოთხრობა , რომელიც სხვისგან არის მოწოდებული და ის ძირითადად გვასწავლის ან გადმოგვცეს ისეთ ამბებს, რომლებიც საკრალურ დროში მოხდა. ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი დაიწყო . საინტერესოა ისიც , რომ მითების პერსონაჟები ძირითადად ზებუნებრივი არსებები არიან , რომლებიც რაღაცას ასწავლიან ადამიანს, მაგალითად როგორ გამოჭედონ რკინა , როგორ დაამზადონ ესა თუ ის ნივთი და ა.შ. ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სწორედ ზებუნებრივი არსებების შექმნილი თუ მოტანილია . ჩემი აზრით , აქ კარგად ჩანს რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ ყოველივე კარგს სწორედ ზებუნებრივს უკავშირებდა, იმას, რაც მისი აზრით მასზე აღმატებული იყო. ამის ნათელი მაგალითია პრომეთეს მიერ ცეცხლის ჩამოტანა ადამიანებისთვის , პრომეთე ერთგვარი შუამავალია ღმერთებსა და ადამიანებს შორის , არც მთლად ღმერთია და არც ადამიანი , მაგრამ ადამიანზე აღმატებული კია, რადგან მან ადამიანებს ცეცხლი მისცა . ვფიქრობ , რომ მითის გაჩენა კიდევ ერთმა ადამიანურმა მიზეზმა განაპირობა , რაზედაც ვოლტერიც წერდა : "ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება."იმის გამო , რომ მითების პერსონაჟები ძირითადად ღმერთები , ნახევრად ღმერთები ან ღმერთებისთვის დამახასიათებელი ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანები არიან , შესაძლოა, აქ იკვეთებოდეს ადამიანისთვის ღმერთის არსებობის აუცილებლობა. ჩემი აზრით, ამ მითებში არსებული ღმერთები სწორედ ადამიანის მიერ შექმნილი ღმერთები არიან , რომლებიც იმას აწესრიგებდნენ სამყაროში , რაც ადამიანისთვის გაუგებარი იყო . საკმაოდ რთული საკითხია , რადგან არ ვიცით, ის ადამიანური დაკნინება და მასზე აღმატებულის არსებობა საიდან მოდის და რამ განაპირობა, ან რატომ არ ფიქრობდა უძველესი ადამიანი, რომ სწორედ ის შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ცეცხლის გამჩენი, რომელიც მას პრომეთემ უბოძა. რატომ მიაწერდა მნიშვნელოვან რაღაცებს ზებუნებრივ, მისტიურ არსებებს? ვფიქრობ, რომ პასუხი სამყაროს არსებობის მიზეზსა და მის შემქმნელზე არის დამოკიდებული, რადგან არსებობს ბევრი თეორია .ზოგი ფიქრობს, რომ სამყარო უცხოპლანეტელებმა შექმნეს , რომლებმაც ადამიანს თავიდან ასწავლეს თვითგადარჩენისთვის საჭირო ქმედებები და უნარები . ამ თეორიის მიხედვით შესაძლოა , ადამიანში სწორედ ამიტომ დარჩა ფიქრი იმისა , რომ არსებობს ვინმე მათზე უფრო მეტად მცოდნე , ვინც მათზე ზრუნავს. სხვა თეორიით სამყარო ღმერთმა შექმნა .ამ მოდელის მიხედვით ადამიანთა რასა ადამისა და ევას შთამომავალია. როგორც ვიცით , ადამიანსა და ღმერთს კონტაქტი არ გაუწყვიტავთ ადამიანის სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ და ისინი იმდენ ხანს ურთიერთობდნენ, სანამ მადლი ბოლომდე არ დაიკარგა .შესაძლოა, ამ ურთიერთობაში იყო სწორედ ის სწავლება-სწავლის პრინციპი , რომელიც შემდეგ ღრმად ჩაიბეჭდა ადამიანის ქვეცნობიერმა . აღსანიშნავია, რომ მითები კოლექტიური შემოქმედებისა და საერთო ცნობების შედეგია. მას ერთი ავტორი არ ჰყავს, რომც ჰყოლოდა, ამას ჩვენ ვერასდროს დავადგენდით , რადგან საავტორო უფლებები არასდროს იყო მნიშვნელოვანი უძველესი ადამიანისთვის. როგორც ვიცით , მითოლოგიური ცნობიერება დაფუძნებულია რელიგიურ წარმოდგენებზე, ესენია - ტოტემიზმი , ანიმიზმი და მაგიზმი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ანიმიზმი , რაც გასულიერებას ნიშნავს. უძველესი ადამიანის წარმოდგენით, გარემოში ყველაფერი ცოცხალია და ადამიანის მსგავსად გააჩნია სული, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე , რომ მას ახასიათებს ადამიანური თვისებები. ჩემი აზრით, ანიმიზმა მნიშვნელოვნად განავითარა მითოსური აზროვნება. საინტერესოა ისიც , რომ მითი უძველესი ადამიანისთვის რეალობაში ნამდვილად მომხდარი ამბავი იყო , რომელიც , მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპრების მონათხრობია, მაინც არსებობდა მათ რეალობაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საზოგადოების ტრადიციულ ყოფაზე. შეიძლება ითქვას , რომ არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა , არამედ მთლიანად წარმართავდა ადამიანის ცხოვრებას. მითი იყო ის ნიმუში , რომელიც ადამიანს საკუთარი წინაპრებისგან გადმოეცა და რომელიც სანიმუშო მაგალითი იყო მისი ქმედებების წარმართვისთვის. მითი განსაზღვრავდა ადამიანის მონადირეობის პროცესს , მოქმედებდა მის ნაყოფიერებაზე , ის განაპირობებდა ბარაქიანობისთვის საჭირო რიტუალებს და ა.შ. მნიშვნელოვანია , რომ სწორედ მითი ადგენდა მორალურ სტანდარტებს , ქმნიდა კარგსა და ცუდს , მითში არსებული სიუჟეტის მიხედვით გამოიცდებოდა ადამიანი თავის სიწმინდესა და ღირსეულობაში . ასევე შეიძლებოდა, მითი გამხდარიყო უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის მიზეზი , მაგალითად ასეთი შემთხვევების შესახებ მახსენდება მითიური წარმოდგენები ალქაჯების შესახებ.თუკი ადამიანი ალქაჯობაში ეჭვმიტანილი გახდებოდა , თუნდაც მისი გარეგნობის რაიმე ნიშნის გამო , დიდი ალბათობით, კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა. ვფიქრობ, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს ადამიანის ცხოვრებაში მითოსური აზროვნების უდიდეს მნიშვნელობას , ხშირად სასიცოცხლოსაც კი.მითი ადამიანისთვის იყო სამყაროს მომაწესრიგებელი მოდელი , რომელიც შემდეგ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჩნდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ ადამიანმა საკუთარ თავს შეუქმნა უამრავი წესი, იმისთვის, რომ რაღაც მიეღო სამყაროსგან , საფიქრებელია , რომ უძველესი ადამიანი თავიდანვე კარგად იაზრებდა პრინციპს - იმისთვის რომ მიიღო - უნდა გასცე. როგორც შოთა იტყოდა , , რასაცა გასცემ შენია , რაც არა დაკარგულია”, - მან კარგად იცოდა , რომ ნებისმიერ რაიმეს აქვს საზღაური ცხოვრებაში .თუმცა საიდან ჰქონდა ადამიანს ეს ცოდნა? ნუთუ ეს ცოდნა საკუთარი გამოცდილებით არის მიღებული და შემდეგ მითოსურად გადააზრებული ? ვფიქრობ , რომ არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ რატომ შეზღუდა რეალურად ადამიანმა საკუთარი თავი. თუკი სამყარო მართლაც ამ პრინციპით არ მუშაობს და თუ უძველეს ადამიანსაც არ ჰქონდა ეს გააზრებული , შესაძლოა, რომ ეს შეზღუდვა დაფუძნებული იყოს ადამიანის ერთ-ერთ თვისებაზე - თვითგვემაზე .რადგან ამ თვისების გამო, ადამიანი ფიქრობს , რომ ცხოვრებაში რაღაცას არ იმსახურებს , რაღაცას იმიტომ ვერ შეძლებს, რომ ის ამისთვის არასაკმარისად ღირსეულია . მართალია , 21-ე საუკუნეში მითოსური აზროვნება ისეთი ინტენსიურობით აღარ გვაქვს, როგორც ადრე , მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი ტიპის აზრები ადამიანთა უმეტესობას გასჩენია. დავუკვირდეთ , ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოულოდნელი კარგი ამბავი როგორც გვახარებს, ასევე ცოტა გვაშინებს კიდეც , რადგან ჩვენთვის ეს უცნაურია, ვფიქრობთ, რატომ და რისთვის გაგვახარა ცხოვრებამ და შესაძლოა, ამ სიხარულის მერე უბედურებასაც კი მოველოდეთ , რადგან ჩვენში რატომღაც გამჯდარია ის ფიქრი , რომ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მოულოდნელი კარგი ამბავი მალე შეიძლება ცუდით შეიცვალოს . იქნებ ასე ფიქრობდა უძველესი ადამიანიც.სწორედ, ამიტომ აკვირვებდა მას ყოველივე კარგი და მიაწერდა ზებუნებრივ მოვლენებსა თუ არსებებს. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა , რომ მითი არის ის, რაც თანამედროვე ადამიანისთვის მისტიკური საიდუმლოა. ვხსნით ბევრ რამეს , მაგრამ თავად ის მიზეზები , რამაც მითი წარმოშვა , ყველაფერი, რამაც უძველესი ადამიანის ფსიქოლოგიის ასე განვითარება გამოიწვია , ვფიქრობ , რომ დღემდე საკამათოა. თუმცა დავას არ იწვევს მითის გავლენის შეფასება ადამიანთა სოციუმში , რადგან ამას უამრავი ისტორიული მაგალითი და ფაქტი ადასტურებს . კარგად ვიცით, თუ რამდენად იყო ადამიანის ცხოვრება დამოკიდებული მითიურ პერსონაჟებზე , მათ ხასიათსა თუ ქმედებებზე .
#feedc
#feedcgrant
#ხელოვნება
0