ილონ მასკი tesla

0
მიმდინარე წლის ბოლოსთვის Tesla-ს ელექტრომობილები სრულად ავტონომიური მართვის სისტემით შეძლებენ გადაადგილებას. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა შანხაიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს ისაუბრა. "ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ ტექნოლოგიის სრულყოფამდე. დარწმუნებული ვარ, რომ მე-5 დონის ავტონომიური მართვის სისტემის ძირითად მოთხოვნებს წელსვე დავაკმაყოფილებთ. არსებითი გამოწვევები თითქმის აღარ დაგვრჩა, მხოლოდ ბევრი მცირე პრობლემა. ჩვენი ამოცანა მათი გადაწყვეტა და შემდეგ ერთიანი სისტემის შეკვრაა", - განაცხადა სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა.  ​ამჟამად Тesla-ს ყველა მოდელი მე-2 დონის ავტოპილოტითაა აღჭურვილი. ელექტრომობილების სრულად ავტონომიური მართვის სისტემა ილონ მასკმა თავდაპირველად 2016 წელს დააანონსა. მე-5 დონის ავტოპილოტით აღჭურვილ მანქანას მძღოლი არ დასჭირდება - სატრანსპორტო საშუალებას საჭე და პედლები აღარ ექნება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი სისტემის შექმნა ფანტასტიკის სფეროდანაა და სრულად ავტონომიური ავტომანქანები ბაზარზე კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება, თუმცა Tesla-ს, SpaceX-ის, Neuralink-ისა და სხვა არაერთი ამბიციური პროექტის დამფუძნებელმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაც კი ხელეწიფება.  ► კორონავირუსის პანდემიის გამო Tesla-ს ელექტრომობილები გაიაფდა Tesla-ს ამჟამინდელი, მე-2 დონის ავტონომიური მართვის სისტემით სარგებლობისას მძღოლი ჯერ კიდევ საჭიროა. მას ხელები საჭესთან ახლოს უნდა ედოს და ნებისმიერ დროს მზად იყოს მოქმედებისთვის. ავტოპილოტის სისტემა გარე კამერებს, რადარებსა და სენსორებს იყენებს, თუმცა, თუ გარკვეული დროის შემდეგ საჭეზე ხელებს ვერ დააფიქსირებს, სვლის სიჩქარეს ამცირებს და საბოლოოდ მანქანა ჩერდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებისა და მძღოლთა უყურადღებობის გამო, უკვე არაერთი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ამიტომ, ელექტრომობილების მფლობელებს ინსტრუქციების ზუსტად დაცვა მოეთხოვებათ
#feedcgrant
Feedc
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
0