ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სამინისტროსთან არსებულმა კოსმოსის კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა ახალი საგანგაშო სტატისტიკა გაავრცელა, რომლის თანახმადაც 2020 წელს ამაზონის ჯუნგლები, წინა წელთან შედარებით, ბევრად სწრაფად ნადგურდება.
► მომდევნო 5 წელიწადში საშუალო წლიური ტემპერატურა 1°C-ით გაიზრდება
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სულ 3 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი გაუტყეურდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 25 პროცენტით აჭარბებს. შარშანდელ ივნისთან შედარებით, 10.7-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა წინა თვეშიც. მომხდარს ამ მოკლე დროში ცეცხლის 2, 248 კერის გაჩენამ შეუწყო ხელი, რომელთა გამოც ჯუნგლების 1, 033 კვადრატული კილომეტრი განადგურდა.
ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარე ამაზონის ჯუნგლების ეს ნაწილი 2019 წლის აგვისტოში დაიწვა. ფოტო: Victor Moriyama
"ამაზონის ჯუნგლების განადგურების მასშტაბები გვიჩვენებს, რომ რთულ სიტუაციაში ვართ, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება", - განაცხადა ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენელმა, მარიანა ნაპოლიტანომ.
► მსოფლიოში ჩვეულებრივზე ცხელი დღეების რაოდენობა გაიზარდა
თუ ეს პროცესი უახლოეს მომავალშიც მსგავსი ტემპით გაგრძელდება, სპეციალისტები შიშობენ, რომ 2020 წელი ამაზონის რეგიონისთვის ყველაზე საზიანო აღმოჩნდება. სიტუაციას განსაკუთრებულად მშრალი სეზონი ართულებს, რაც ჯუნგლების ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი მოგვიანებით საბოლოო ანგარიშსაც წარადგენს, რომელიც მთლიანი სურათის დანახვასა და დანაკარგის შეფასებაში დაგვეხმარება.
#feedcgrant
Feedc
#მეცნიერება
#ახალიამბები